ბენზოდიაზეპინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენზოდიაზეპინი - (benzodiazepine), ნებისმიერი შენაერთი არომატული ლიპოფილური ამინების ჯგუფიდან, დამახასიათებელი ციკლური სტრუქტურის მქონე. რომელიც ზემოქმედებს გამა-ამინო-ერბომჟავას (გაემ) რეცეპტორებზე და კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება როგორც ანქსიოლიზური, საძილე საშუალება და ანტიკონვულსანტი. წარსულში ერთიანდებოდა „მცირე ტრანკვილიზატორების“ ტერმინის ქვეშ (აღნიშნული ტერმინი ამჟამადარ იხმარება).

ბენზოდიაზეპინები მოხმარებაში დაინერგა, როგორც ბარბიტურატების მოქმედებასთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოქმედებების მქონე ალტერნატიული საშუალებები ისინი, ბარბიტურატებისაგან განსხვავებით, არ თრგუნავენ REM-ძილს, მაგრამ გააჩნიათ მნიშვნელოვანი პოტენციალი ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარებისათვის, ასევე – არასწორი ხმარებისათვის.

ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინები აერთიანებენ ქალაზეპამსა და ტრიაზოლამს, ორივე ნივთიერება მოქმედებას იწყებს სწრაფად; ალპრაზოლამი, ფლუნიტრაზეპამი, ნიტრაზეპამი, ლორაზეპამი და ტემაზეპამი – მოქმედების საშუალო საწყისით, ოქსაზეპამი – მოქმედების შენელებული საწყისით. შეინიშნება ღრმა ანტეროგრადული ამნეზიისა („მეხსიერების ჩავარდნა“) და პარანოიის შემთხვევები, აგრეთვე, ტრიაზოლამის მიღებასთან დაკავშირებული უძილობა და შფოთვა. მრავალი კლინიცისტი აღწერს ალპრაზოლამის მიღების შეწყვეტის შემდეგ წარმოქმნილ რთულ პრობლემებს.

ხანგრძლივი მოქმედების ბენზოდიაზეპინებს მიეკუთნება:

  • დიაზეპამი (მოქმედების ყველაზე სწრაფი დასაწყისი),
  • კლონაზეპამი (ასევე მოქმედების სწრაფი დასაწყისი),
  • ქლორდიაზეპოქსიდი (მოქმედების საშუალო დასაწყისი),
  • ფლურაზეპამი (მოქმედების შენელებული დასაწყისი),
  • პრაზეპამი (მოქმედების ყველაზე ნელი დასაწყისი);

მათმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კუმულაციური დამაინვალიდებელი ეფექტი. გარდა ამისა, ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინებთან შედარებით, უფრო ხშირად იწვევენ სედატიურ ეფექტს, დღის მანძილზე მოტორიკის დარღვევას.

ბენზოდიაზეპინებით (თერაპიული დოზებითაც კი) 6 თვე და მეტი მკურნალობის შემდეგ პაციენტთა თითქმის 50%-ს უვითარდება აღკვეთის სინდრომი, მათი მოხსნის ან დოზის შემცირების შემთხვევაში. აღკვეთის სინდრომი უფრო ინტენსიურად ვლინდება ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინებით მკურნალობისას, ხოლო ხანგრძლივი მოქმედების ბენზოდიაზეპინების შემთხვევაში აღკვეთის სინდრომი ვლინდება პრეპარატის მოხსნიდან ერთი ან ორი კვირის შემდეგ. აღნიშნული მდგომარეობა ამ უკანასკნელის დროს უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ნაკლებ ინტენსიური. სხვა სედატიური ნივთიერებებით მკურნალობის მსგავსად, ამ დროსაც აუცილებელია თანდათანობითი დეტოქსიკაციის სქემით სარგებლობა, ისეთი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, როგორიცაა პრეპარატის მოხსნისას განვითარებული კრუნჩხვები. ეიფორიის ეფექტის გაძლიერების მიზნით, ზოგჯერ დასაშვებია ზოგიერთი ბენზოდიაზეპინის სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებასთან კომბინირებული გამოყენება (მაგ. 40-80 მგ. დიაზეპამის მიღება მეტადონის დღის შემანარჩუნებელი დოზის მიღების წინ ან მის შემდეგ). ბენზოდიაზეპინების არასწორი გამოყენება აღინიშნება ალკოჰოლური ან ოპიოიდური დამოკიდებულების დროს. (ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთდროული მოხმარება).

ბენზოდიაზეპინების სასიკვდილო ჰიპერდოზირება გვხვდება იშვიათად, თუ არ ხდება მათი გამოყენება ალკოჰოლთან ან ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მოქმედების სხვა საშუალებებთან ერთად.


ბენზოდიაზეპინები არ წარმოადგენენ ნერვული სისტემის ზოგად ანტიდეპრესანტებს და, სხვა სედაციურ/საძილე საშუალებებისაგან განსხვავებით, გააჩნიათ დიდი „უსაფრთხოების მარაგი“ (თერაპიული ფანჯარა). აღნიშნული კლასის ცალკეული წარმომადგენელი განსხვავდება ფარმაკოლოგიური პროფილით, მაგრამ ყველა მათგანს შეუძლია დამოკიდებულების სინდრომის და მთელი რიგი გვერდითი მოვლენების გამოწვევა.



იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები