ბერძენიშვილი ნიკოლოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:19, 12 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ ბერძენიშვილი

ბერძენიშვილი ნიკოლოზი (დ. 28.12.1894, ქუთაისის გუბერნია, ოზურგეთის მაზრა, სოფ. გოგოლესუბანი, – გ. 17.07.1965 ქ. თბილისი), ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის სამრევლო სკოლასა და დაბა ჩოხატაურის ორკლასიან სასწავლებელში. 1906-1916 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივეტსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ უსახსრობის გამო მალე დაბრუნდა სამშობლოში. 1920 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის განყოფილებაზე. თავდაპირველად შესწავლის სფეროდ აირჩია მსოფლიო ისტორია და ისმენდა გ. წერეთლის, ს. ავალიანის, გ. ნათაძის ძველი მსოფლიოსა და ევროპის შუა საუკუნეების ისტორიის კურსებს. 1924 წელს საბოლოოდ გადავიდა საქართველოს ისტორიის სპეციალობაზე, სადაც სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. 1926 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის შუამდგომლობით დატოვეს, რათა საპროფესოროდ მოემზადებინათ, 1929 წელს დაინიშნა თსუ-ში ახლად გახსნილი საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგედ. 1932 წელს აირჩიეს საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად, 1939 წელს კი – პროფესორად. პარალელურად 1929-1936 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში, 1939 წლიდან – ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკი) ისტორიის განყოფილების გამგედ. 1935-1938 წლებში საქართველოს ისტორიის ლექციების კურსს კითხულობდა ქუთაისის პედაგოგიურ, ხოლო 1938-1940 წლებში – თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1943 წლის 27 დეკემბერს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI- XVII საუკუნეების მიჯნაზე“. 1944 წლის 22 თებერვალს აირჩიეს საქართველოს მეცნიერების აკადემიის ნამდვილ წევრად. 1946-1956 წლებში იყო თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, 1948-1965 წლებში – ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, 1951-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 1947 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946 წელს – საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურების მოღვაწის წოდება.

ბერძენიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში. არ დარჩენილა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის არც ერთი კარდინალური საკითხი, ბერძენიშვილს თავისი აზრი რომ არ გამოეთქვა და წვლილი არ შეეტანა მის კვლევა-შესსწავლაში. ბერძენიშვილის კალამს ეკუთვნის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი – მონოგრაფიები, სტატიები, პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები, რომლებშიც განხილულია საქართველოს პოლიტიტიკური, რელიგიური, სოციალურ და ეკონომიკური ისტორიის, ისტორიოგრაფიის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიული გეოგრაფიის პრობლემები. შუასაუკუნოვანი საქართველოს ისტორიის საკითხთაგან ბერძენიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ქართული ფეოდალიზმის გენეზისისა და განვითარების პრობლემას, საფუძვლიანად შეისწავლა და მრავალი ნაშრომი უძღვნა ადრე შუა საუკუნეებში მიწის მფლობელობისა და საკუთრების ფორმებს, შეისწავლა მათთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული საბუთი – „დაწერილი“, „სიგელი“, „წიგნი“. საგანგებო კვლევა მიუძღვნა ბერძენიშვილმა ე.წ. „მოკიდებულის“, „სამოკიდებულოს“ ევოლუციას. ფეოდალური საზოგაროების ძირითადი ფენების – აზნაურობისა და გლეხობის – ისტორიის შესწავლის საფუძველზე ბერძენიშვილმა წარმოაჩინა აზნაურთა დიფერენციაციისა და მისგან თავადთა წოდების გამოყოფის პროცესი, ჩამოაყალიბა კონცეფცია სათავადოთა სისტემის შექმნის შესახებ. ბერძენიშვილის ორი პირველი პუბლიკაცია ეხებოდა საეკლესიო ისტორიის საკითხებს – 1926 წელს დაისტამბა მისი სადიპლომო ნაშრომის – „დასავლეთ საქართველოს საეკლესიო წყობილების“ ნაწილი - აფხახეთის კათოლიკოსი XIII-XV ს-ში, ხოლო, 1931 წელს „მცხეთის საბუთი (კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის დაწერილი) XI საუკუნისა“. საგანგებოდ შეისწავლა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს გაერთიანებისა და სავაზიროს შექმნის საკითხები. 1943 წელს გამოიცა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, რომლის თანაავტორი (ივ. ჯავახიშვილსა და ს. ჯანაშიასთან ერთად) ბერძენიშვილი იყო. მას ეკუთვნის ამ სახელმძღვანელოს XVI-XVIII საუკუნეების ისტორიის მომცველი თავები, XX საუკუნის 50-იან წლებში ბერძენიშვილი სათავეში ედგა საქართველოს ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს შექმნის საქმეს. 1958 წელს ბერძენიშვილის რედაქტორობით გამოქვეყნდა ამ სახელმძღვანელოს I ტომი, რომელშიც მას ეკუთვნოდა მონაკვეთი – V-XV სს.

1964 წელს გამოიცა ბერძენიშვილის „საქართველოს ისტორიის საკითხების“ ტომი, რომელშიც, ძირითადად, ისტ. გეოგრაგიის საკითხებია გაშუქებული. „საკითხების“ დანარჩენი ტომები (9 ტომი) გამოიცა უკვე ბერძენიშვილის გარდაცვალების შემდეგ. გარდაიცვალა 71 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

ბერძენიშვილის სახელი ეწოდა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს და ქ. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.

მ. ლორთქიფანიძე

თხზულება

საქართველოს ისტორიის საკითხები, წწ.: 1-9, თბ., 1964-1979.

ლიტერატურა

  • დუმბაძე მ., ნიკო ბერძენიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1978, ნიკოლოზ ბერქენიშვილი (1894-1965);
  • ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1981;

იხილე აგრეთვე

ნიკო ბერძენიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები