ბეტონის გამაგრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის გამაგრება – პროცესი, რომლის დროს ბეტონის ბლანტი მასა გადადის მყარ მდგომარეობაში. ის გრძელდება ბეტონის მომზადებიდან 28 დღის განმავლობაში ანუ ბეტონი საპროექტო მარკას (კლასს) აღწევს ამ პერიოდში. ბეტონის გამაგრებისათვის ნორმალურ ტემპერატურულ გარემოდ პირობითად ითვლება 15-20°C. ტემპერატურის დაწევისას ბეტონის სიმტკიცე იზრდება ნელა, ვიდრე ნორმალურზე. ნულზე ნაკლები ტემპერატურის დროს ბეტონის გამაგრება პრაქტიკულად ჩერდება, თუ მას არ დავუმატებთ მარილს, რომელიც ამცირებს წყლის გაყინვის წერტილს. ბეტონი, რომელსაც დაწყებული აქვს გამაგრება და გაიყინება, გალღობის შემდეგ სითბოში აგრძელებს გამაგრებას, თუ ის არ იყო დაზიანებული გამაგრების დაწყებისთანავე. მაღალ ტემპერატურაზე ბეტონი მაგრდება უფრო ჩქარა, ვიდრე ნორმალურზე, განსაკუთრებით ტენიან გარემოში. რადგან მაღალ ტემპერატურაზე ბეტონის სწრაფი გამოშრობისაგან დაცვა ძნელია, ამიტომ 80°C-ზე მეტად მისი გაცხელება არ შეიძლება. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ მისი დამუშავება წყლის ორთქლით გაჯერებულ, სპეციალურ ჰერმეტულ კამერაში 90-100°C-ზე ან ავტოკლავში წნევის ქვეშ. ბეტონის გამაგრებაზე დიდი გავლენა აქვს მისი მოვლის ორგანიზაციას, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. მოვლის მიზანია შეიქმნას ბეტონის გამაგრებისათვის სათანადო პირობები, საჭირო ტენიანობის გარემოს შენარჩუნებით. ამისათვის ბეტონს ფარავენ პოლიმერული აფსკით, აყრიან ქვიშას ან ნახერხს, რომელსაც მუდმივად ასველებენ, იყენებენ სინთეზური მასალის ლეიბებს, ზედაპირს ფარავენ წყლით ან იყენებენ ბეტონის გამოშრობისაგან დაცვის სხვა მეთოდებს ჰიდრატაციის პროცესისა და სიმტკიცის ზრდის შენელების თავიდან ასაცილებლად. ადრეულ ასაკში ბეტონის გამოშრობა იწვევს შეკლების მნიშვნელოვან დეფორმაციას, ჩნდება მიკრობზარები. შემდეგში სათანადო პირობების შექმნით სტრუქტურის გამოსწორება არ ხერხდება, ამიტომ ბეტონის სათანადო მოვლა ადრეულ ასაკში, აუცილებელი პირობაა ხარისხიანი ბეტონის მისაღებად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები