ბიჭვინთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიჭვინთის მოზაიკის ფრაგმენტი.
დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ბიჭვინტა, (ბიჭვინთა) – დაბა და კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის კონცხზე, ქ. სოხუმიდან 80 კმ დაშორებით. ბიჭვინთა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი დასავლეთ საქართველოში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იმავდროულად არის ბიჭვინტისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მისი ერთ-ერთი რეზიდენცია ბიჭვინთაში იმყოფება. ბიჭვინთა IV ს-იდან იყო საეპისკოპოსო ცენტრი, ხოლო მოგვიანობით აქ იჯდა აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი (აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათოლიკოსო).

ბიჭვინთა და მისი შემოგარენი მდიდარია ქრისტიანული, აგრეთვე ქრისტიანობამდელი კულტურული ძეგლებით.

სარჩევი

ისტორია

დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რომაული გარნიზონების არსებობამ, რომელთა მიზანს, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის მორჩილებაში ყოლა და, მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან მოძალებული მომთაბარე ტომების შემოსევებისაგან იმპერიის საზღვრების დაცვა წარმოადგენდა. ამასთან, რომი იძულებული იყო, ანგარიში გაეწია ადგილობრივი ქართული სამეფოებისათვის დასავლეთ საქართველოში – ლაზიკისა და აღმოსავლეთ საქართველოში – იბერიისათვის, ვინაიდან ისინი უშუალოდ აკონტროლებდნენ კავკასიის გადმოსასვლელებს.

ბიჭვინთასა და სებასტოპოლისში ჩაყენებული გარნიზონები უმეტესად მცირეაზიელებით იყო დაკომპლექტებული. მცირე აზია კი ის რეგიონია, სადაც პირველად გავრცელდა ქრისტიანობა და, საფიქრებელია, რომ აქ მყოფ ჯარისკაცთაგან მრავალი ახალ რწმენას ნაზიარები იქნებოდა. სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ იმპულსის მიმცემნი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ქრისტიანული მსოფლმხედველობის შეთვისების საქმეში. გარდა ამისა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი რომის იმპერიისაგან დევნილი პირველი ქრისტიანების გადასახლების ადგილს წარმოადგენდა, რაც აგრეთვე ხელის შემწყობი ფაქტორი უნდა ყოფილიყო ახალი მრწამსის გავრცელება-დამკვიდრების საქმეში. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ I ს. აქ სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდნენ მოციქულებიანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი.

IV ს. ბიჭვინთაში (პიტიუნტში) არსებობდა ორგანიზაციულად გაფორმებული ადრექრისტიანული თემი, რაც წერილობითი წყაროებითაც დასტურდება, კერძოდ, ნიკეის 325 წ. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილეთა სიაში პოლემონის პონტოს ეპარქიის წარმომადგენელთა შორის დასახელებულია პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე და, ცხადია, რომ IV ს. I მეოთხედში პიტიუნტი ეპისკოპოსის რეზიდენციას წარმოადგენდა, რაც მისი ურბანული სტატუსის მაჩვენებელია. ეჭვს არ იწვევს, რომ ბიჭვინთაში მჯდომი ეპისკოპოსი არ იქნებოდა მხოლოდ „გარნიზონის“ მღვდელმთავარი და მისი მრევლის უმრავლესობას ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ნაწილი (ნ. ადონცი, პ. ინგოროყვა, ანანია ჯაფარიძე) პიტიას (პიტიუნტს) რიზე-ათონის რეგიონს მიაკუთვნებს, ხოლო ბიჭვინტას იმთავითვე ქართული ეკლესიის ერთ-ერთ უძველეს ცენტრად მიიჩნევს.

ბიჭვინთის ნაქალაქარი

ბიჭვინთაში განთავსებულია უაღრესად რთული და საინტერესო ძეგლთა კომპლექსი. დასახლებათა სისტემა ქალაქის ზღუდის გარეთაც ფართოდ ვრცელდება, რაც, რა თქმა უნდა, ქალაქის ეკონ. „ქვეყანაში“ მოსახლეობის გარკვეულ კონცენტრაციას გულისხმობს. ამაზე მეტყველებს მრავალწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბიჭვინთის კონცხზე გამოვლენილი ტაძრების სიმრავლე რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწყსოს ძირითად კონტინგენტს რომაელ ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც შეადგენდა. უშუალოდ გალავნის შიგნით, ე.წ. III უბანზე, რომელიც ბიჭვინთის ნაქალაქარის ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, არქეოლოგიურად შესწავლილია ოთხი, ერთიმეორეზე დაშენებული, სხვადასხვა დროის ეკლესიის ნანგრევები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოებია IV-VI სს.

ნაქალაქარის, ე.წ. ეკლესიების უბნის, III ნაკვეთის სტრატიგრაფიულ სურათში გარკვეული სიცხადე შეიტანა 1970-1973 წწ. ჩატარებულმა საველე სამუშაოებმა, რომლებმაც დაადასტურა ურთიერთმონაცვლე ხუთი სამშენებლო დონე. ბიჭვინთის უძველესი ეკლესია (ქვემოდან II სამშენებლო დონე) წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, ნახევარწრიული აფსიდით შენობის მთელ სიგანეზე (ნაგებობის ზომები: 25 X 10 მ). ეკლესიის აფსიდაში აღმოჩნდა ადრექრისტიანული სიმბოლოებით შემკული შუშის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომელიც საგანგებოდ შეისწავლა ნ. უგრელიძემ და IV ს. I ნახ. მიაკუთვნა. ბაზილიკა გათხარა ი. ციციშვილმა, რომელმაც ძეგლი IV ს. დასაწყისით დაათარიღა. ძეგლის უახლოეს ანალოგს ნოქალაქევში გამოვლენილი ეკლესია (დარბაზული ნაგებობა, ნახევარწრიული აფსიდით), წარმოადგენს, რომელიც IV ს. I ნახ-ით თარიღდება. რ. რამიშვილი მიიჩნევდა, რომ ბიჭვინთის ეკლესია სტრატიგრაფიული მონაცემებისა და არქეოლოგიური მასალების გათვალისწინებით, შეიძლება III ს. 70-80–იანი წლებით დათარიღდეს და ნასტაკისის (აღმოსავლეთ საქართველო) III ს. II ნახ-ით დათარიღებულ დარბაზულ ეკლესიასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე უძველეს ქრისტიანულ ნაგებობად ჩაითვალოს.

ბიჭვინთის მოზაიკის ფრაგმენტი.
დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

IV ს. დასაწყისიდან, ბიჭვინთის აღმავლობის პერიოდში, იგება მოზაიკური ატაკიანი ბაზილიკა (ქვემოდან III სამშენებლო დონე). იგი უძველეს ბაზილიკაზეა დაშენებული და წარმოადგენს დიდ სამნავიან ნაგებობას (ზომებია: 28.03 X 13.2 მ) ხუთწახნაგოვანი რამდენადმე ასიმეტრიული აფსიდითა და ნართექსით, სადაც სანათლავია გამართული, მარმარილოს სვეტებით, მდიდარი მორთულობით, მოზაიკური იატაკით რ-იც ყველაზე უკეთ ტაძრის აფსიდასა და ნართექსში შემოინახა, და საკურთხეველში დაცული ორი ბერძნული წარწერით. მოზაიკა „opus tesselatum–ის“ ტექნიკითაა შესრულებული და შედგება გეომეტრიული ორნამენტებისა და სიუჟეტური კომპოზიციებისაგან – ქრიზმა ანუ ქრისტეს სახელის აღმნიშვნელი მონოგრამა და სიცოცხლის მომცემი შადრევანი ჩიტებითა და შველით – რომლებიც რიტუალის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში – აფსიდასა და სანათლავშია განლაგებული. აფსიდის მოზაიკაზე არის ბერძნული წარწერა Ωρε[v], რაც ქრისტიანი მონამის ორენტიუსის [Όρέντιος] სახელს უნდა ნიშნავდეს, იგი მოხსენიებულია 24 ივნ. ბერძნულ სვინაქსარში. მოწამე ორენტიუსი, რომელიც დიოკლიტიანეს მმართველობის დროს პიტიუნტში გადაასახლეს, გზაში დაიღუპა. ბიჭვინთის მოზაიკის დათარიღებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მას ათარიღებენ V-VI სს-ით. გასაზიარებელია ლ. მაცულევიჩის მიერ შემოთავაზებული მოზაიკისა და წარწერის თარიღი – IV ს. დასაწყისი. ეს ბაზილიკაც, სავარაუდოდ, IV ს. I მეოთხედშია აგებული და იგი სტრატოფილე ბიჭვინთელის რეზიდენციას წარმოადგენდა.

IV ს. შუა ხანებში ბიჭვინთის ეკლესია თითქმის მთლიანად დაინგრა, მათ შორის პირველი მოზაიკურიატაკიანი ბაზილიკა, მაგრამ იმავე IV ს.-ში ტაძარი კვლავ აღუდგენიათ – შეიცვალა აფსიდის ფორმა, შეიქმნა ხუთწახნაგოვანი შვერილი აფსიდა, შემცირდა ტაძრის ნართექსი, მარმარილოს სვეტები შეცვალა ბურჯებმა, რომლებიც აგურის შრეების მონაცვლეობითაა (28.4 X 14.6 მ) აგებული. კედლები შემორჩენილია ორი მეტრის სიმაღლეზე, ამოყვანილია მქისედ დამუშავებული ზღვური კონგლომერატის ბლოკებით კირის სქელ დუღაბზე ყველგან დაცულია რიგების ჰორიზონტალურობა. შიგნიდან კედლები შელესილი და მოხატული ყოფილა ფრესკებით. კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები – ყავისფერი და წითელი ფერის კვალი – აღმოჩნდა საკურთხევლის ნაწილსა და ჩრდილოეთ ნავში. მოზაიკური იატაკის გადარჩენილი უბნები კვლავ გამოიყენება, განადგურებული ადგილები კი კერამიკული ფილებითაა დაფარული. ამავე პერიოდშია აგებული ამ უბნის გალავანი, რომელმაც ტაძარი, აბანო და სხვა ნაგებობანი შიგნით მოაქცია. ბიჭვინთის ამ ეკლესიის უახლოეს ანალოგს პეტრა-ციხიძირის ბაზილიკა წარმოდგენს.

IV ს. ბოლო მესამედში ბიჭვინთა უკვე ძირფესვიანადაა აოხრებული, რასაც მოწმობს ყველაზე მძლავრი ზედა ნახშირ-ნაცროვანი შრე, რომელიც უშუალოდ ფარავს IV ს. არქეოლოგიური მასალების შემცველ ფენას. ჩანს, ჰუნთა ურდოების ერთი მძლავრი ტალღა კავკასიის შავიზღვისპირეთსაც გადმოსწვდა. ტაძარიც სრულიად განადგურებულია, იგი უკვე აღარ აღუდგენიათ, შუა და ჩრდ. ნავში ხუთი ადრექრისტიანული სამარხთა ჩაშვებული. მთელი V ს. განმავლობაში ცხოვრება ბიჭვინთაში რამდენადმე ჩამკვდარა, რასაც არქეოლ. მასალის სიმწირეც ადასტურებს.

VI ს. I მესამედში ბიჭვინთაში ცხოვრება კვლავ გამოცოცხლდა, აშენდა ზედა სამშენებლო დონის კუთვნილი ეკლესია, რომელიც იმავე საკუნის 40-იან წწ. სპარსეთ-ბიზანტიის ომის დროს, ბიზანტიელების მიერვე იქნა დანგრეული ქალაქის გალავანთან ერთად. ესაა დარბაზული ნაგებობა, სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდითა და ნართექსით (შენობის ზომები: 17.45 X 11.6 სიმაღლეზეა შემორჩენილი. იგი თავისი აფსიდით ღრმად იჭრება ძველი ბაზილიკის ნართექსში. ეკლესიის სივრცე კედლების ღრმა შვერილებით (1.92-1.96 მ) ორ ნაწილად იყოფა. გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით, რასაც მოწმობს ჩამოქცეული კამარის დიდი ფრაგმენტი. სახურავი კრამიტისა იყო. კედლები ნაგებია კონგლომერატის ბლოკებით კირის დუღაბზე, თუმცა წყობაში გამოყენებულია რიყის ქვებიც, წყობა წესიერია, დაცულია რიგების ჰორიზონტალურობა.

1980-1981 წწ. ბიჭვინთის X ს. საკათედრო ტაძრის დასავლეთით 40 მ დაშორებით გაითხარა ადრექრისტიანული ტაძრების კიდევ ერთი კომპლექსი, სადაც ორი სამშენებლო პერიოდი გამოიყო: პირველი პერიოდი V-VI სს. თარიღდება, მეორე კი – VI-VII სს-ით. ეს უკანასკნელი, სამაფსიდიან ბაზილიკას წარმოადგენს (ზომებია: 17.5 X 7.60 მ). კედლების წყობა შერეულია; ჩრდილოეთ კედელი opus mixtum-ითაა ნაგები აგურის ოთხი რიგის გამოყენებით. შეიმჩნევა რესტავრაციისა და გადაკეთების კვალი, რაც არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ძეგლის ხანგრძლივ ფუნქციონირებაზე მიუთითებს, VI ს-იდან დაწყებული გვიან შუა საუკუნეებამდე. სამხრეთ აფსიდის ქვეშ გამოვლინდა კიდევ უფრო ადრეული (6.1 მ სიგანის, სიგრძე ვერ დგინდება) V-VI სს. მცირე ეკლესიის ნანგრევები. ესაა დარბაზული ტიპის ნაგებობა შვერილი ნახევარწრიული აფსიდით.

ეკლესიის აღმოსავლეთით, ისევე როგორც თავად ტაძარში, დადასტურდა რამდენიმე უინვენტარო ადრექრისტიანული სამარხი. სამარხები ძირითადად ბრტყელი კრამიტით, აგურითა და ქვიშაქვის ფილებით იყო ნაგები. აქვე, ჩრდილოეთ აფსიდის დასავლეთით, გაითხარა მონოლითური ქვის ანთროპომორფული ფორმის სარკოფაგი (2 X 0.40 X 0.30 მ, კედლების სისქეა 5 სმ). მსგავსი ფორმის სარკოფაგები არის სოხუმსა (21 X 0.68 X 0.40 მ) და ქუთაისში. ქვის სარკოფაგი, როგორც ქრისტიანული სამარხის ერთ-ერთი ტიპი, სათავეს ანტიკურ ეპოქაში იღებს. ასევეა ანთროპომორფული ქვის სარკოფაგი – ანტიკურობიდან მოყოლებული იგი ადრექრისტიანულ ხანაშიც წარმატებით გამოიყენებოდა.

ბიჭვინთის ნაქალაქარიდან სამხრეთით 400–500 მ დაშორებით 1963 წ. გაითხარა VI ს. ორაფსიდიანი ეკლესია, გეგმით სწორკუთხედის ფორმის, აღმოსავლეთით ორი ტოლი, გაზიდული ხუთწახნაგოვანი აფსიდით (28.5 X 14 მ). კედლები 1 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. ნაგებია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით, აქა-იქ გამოყენებულია აგური, ხოლო შიდა მოპირკეთებაში – თეთრი მარმარილო. აღმოჩნდა მცირე ზომის მთლიანი ქვისგან ნაკვეთი სვეტები.

ბბიჭვინთის კონცხზე განთავსებულია კიდევ ერთი ხუროთმოძღვრული კომპლექსი. სოფელ ალაჰაძეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის სამი ეკლესია. №1 ეკლესია დიდი სამნავიანი ბაზილიკაა შვიდწახნაგოვანი ცენტრალური და ნახევარწრიული გვერდითი აფსიდებით (50 X 28 მ). საყრდენ ფუნქციას ასრულებდა მასიური ბოძების ხუთი წყვილი. ნაგებია opus mixtum-ის ტექნიკით. გამოყენებულია თავისებური ელემენტი – კერამიკული ყუთები. ახასიათებს ელინისტური ტიპის ბაზილიკის ნიშნები: ნივნივისებური გადახურვა, ნართექსი, მაღალი შუა ნავი გვერდითებთან შედარებით; ხმელთაშუა ზღვის ელინისტური ბაზილიკებისაგან ალაჰაძის ბაზილიკა განსხვავდება მასიური ბოძებით (ნაცვლად კოლონებისა), რომლებიც თაღებს უკავშირდება და არა არქიტრავს. დასავლეთ საქართველოს ბაზილიკებში უმთავრესად გამოიყენება ბოძები და არა კოლონები. Opus mixtum-ის წყობით ალაჰაძის ბაზილიკა ანალოგს პოულობს დასავლეთ საქართველოს ამავე პერიოდის ძეგლებთან, როგორებიცაა: პიტიუნტი, ანაკოფია, გიენოსი, არქეოპოლისი, პეტრა, ვაშნარი. ეს წყობა, საერთოდ, დამახასიათებელია შავიზღვისპირეთის ელინისტური ბაზილიკებისათვის. აგურისა და კვადრების შერეული წყობა და თაღებში მხოლოდ აგურის გამოყენება ალაჰაძის ბაზილიკას აკავშირებს მცირე აზიის გვიანანტიკურ არქიტექტურულ ტრადიციებთან. მასიური ბოძები, მძლავრი კედლები (დასავლეთის კედელი 1.8 მ აღწევს სიგანეში), ნართექსის ფორმა, კედლის წყობაში კერამიკული ყუთების გამოყენება ხაზს უსვამს ამ ძეგლის ინდივიდუალურ ხასიათს. ძეგლი VI ს. I ნახ-ით თარიღდება.

ალაჰაძის №2 ეკლესია №1-ის რეკონსტრუქციის შედეგად წარმოიშვა. №2-მ დაიკავა №1 ეკლესიის მხოლოდ ცენტრზლური ნავი. იგი სამნავიანი კამაროვანი ბაზილიკაა აფსიდით. თარიღდება VIII-IX სს.

ალაჰაძის №3 ეკლესია X ს. ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა და აიგო მაშინ, როდესაც №2 ეკლესია ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. ალაჰაძის არქიტექტურულ კომპლექსში კარგად აისახა ადგილობრივი საკულტო ხუროთმოძღვრების ევოლუციის ძირითადი ხაზები: ელინისტური ტიპის ბაზილიკიდან ვითარდება კამაროვანი ბაზილიკა, აქედან კი – ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა, რომელიც შემდგომში წამყვან და გაბატონებულ ტიპად იქცა.

კიდევ ერთი ქრისტიანული ტაძარი გაითხარა 1995 წ. იჭვინთის მახლობლად სოფ. ლიძავაში, ზღვიდან 200 მ დაშორებით. ტაძრის კედლები ერთიდან სამ მეტრამდეა შემორჩენილი. გეგმა სრულად არ იკითხება. ტაძრის შიგნით გათხრილ რამდენიმე სამარხში აღმოჩნდა ერთი რკინის და ერთიც ბრინჯაოს გულსაკიდი ჯვარი, არქიტექტურული დეტალები; ფილაქვა – ჯვრის გამოსახულებით. ტაძარი IV—V სს. თარიღდება.

დასავლეთ საქართველოში ადრეული ქრისტიანული ისტორიის კვლევისათვის მნიშვნელოვან აღმოჩენას წარმოადგენს ბიჭვინთის სამაროვანზე გამოვლენილი სამარხის სტელა ფარული ჯვრით. იგი ადგილობრივი ქვიშაქვის მონოლითისგანაა დამზადებული. შემორჩენილი სტელის სიგრძეა 73.27 სმ, სიგანე – 30 სმ. მონოლითის ზედა ნაწილში ამოჭრილია ოთხკუთხა, 2.5 სმ სიღრმის ფოსო (13.4 X 7 სმ), რომელშიც, თავის მხრივ, რკინის ჯვრის ჩასადგმელი მეორე ფოსოა გაკეთებული (11 X 4.5 სმ). რკინის ჯვარი ნაწილობრივ შემორჩა. ჯვრიანი ბუდე საგულდაგულოდ დაუფარავთ ღარიანი კრამიტისგან გამოჭრილი სპეც. 13 X 7 სმ ზომის სარქვლით, რომელიც კირხსნარითაა გადალესილი. თავის დროზე სტელა, ალბათ, ფარული ქრისტიანის სამარხზე იყო აღმართული. შემდეგ კი, როგორც სამშენებლო მასალა, მოხვდა გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობის კედელში. სტელა დიოკლიტიანეს ეპოქით (313 წ., „მილანის ედიქტის“ წინა პერიოდი) თარიღდება. უნდა აღინიშნოს, რომ ბიჭვინთის სამაროვანზე უკვე III ს. ყოველი მეხუთე სამარხი ქრისტიანულად იყო გამართული, რაც არ გამორიცხავს სტელის III ს. შუა ხანებით – დეციუსისა (249-251 წწ.) და გალერიანეს (253-260 წწ.) იმპერატორობის პერიოდით – დათარიღებას. ამდენად, უკვე III ს. ბიჭვინთაში სავარაუდოა ფარული ადრექრისტიანული თემის არსებობა, რომელშიც, გარდა ლეგიონერებისა, ადგილობრივი მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობაც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მათ უნდა ეკუთვნოდეს ბიჭვინთის სამაროვანზე გამოვლენილი უინვენტარო ორმოსამარხები, რომელშიც მიცვალებული დაკრძალულია გაშოტილ მდგომარეობაში, ზურგზე, თავით დასავლეთისკენ.

ბიჭვინთასა და მის „ქვეყანაში“ გარკვეული ქრისტიანული გარემოს არსებობას ადასტურებს IV-VI სს. ფენებში აღმოჩენილი გულსაკიდი ჯვრების სიმრავლე, ჯვრისებური მოყვანილობის მშვილდსაკინძები, ქრისტიანული სიმბოლოებით (ჯვარი, ქრიზმა) შემკული კერამიკული ნაწარმი (სამზარეულო და სამშენებლო კერამიკა, კრამიტები, აგურები) როგორც ადგილობრივი, ისე შემოსული. იმპორტული ნაწარმი, ძირითადად წითელლაქიანი ჯამებითაა წარმოდგენილი, რომელთა ძირზედაც შტამპით ჯვარია დატანილი. მათ მრავლად ეძებნებათ ანალოგები როგორც მეზობლად მდებარე სებასტოპოლისში (დღევანდელი სოხუმი), ისე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის (ქერსონესი, ტირიტაკა), ქრისტიანული აღმოსავლეთისა (ანტიოქია, პერგამონი, იერიქონი, ტარსუსი, აბუმენა, რამატ რაჰალი) და დასავლეთის ძეგლებთან (ათენი აგორა, კორინთი, კოსი).

ბიჭვინთიდან ცნობილია აგრეთვე IV-VI სს. ზიარების სამი შუშის ჭურჭელი, რომელიც ადრექრისტიანული სიმბოლოებითა და სიუჟეტებითაა შემკული. პირველი მათგანი პირგადაშლილი დაბალი სასმისია. დამზადებულია ღია მწვანე მოცისფრო მინისაგან. შემორჩენილია ბერძნული წარწერის სამი ასო CΠΙ და ფარშავანგის გამოსახულება. წარწერა აღდგენილია, როგორც ΠΙΕ ΖΗCΗC „შესვი იცოცხლე“, რაც განმარტავს სასმისის დანიშნულებას – იგი ზიარების ჭურჭელია. მისი უახლოესი ანალოგია მცხეთა-სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი სასმისი ფარშავანგისა და სიცოცხლის ხის გამოსახულებითა და წარწერით – ΠΙΕ ΖΗCΙC. ორივე სასმისი სირიულ იმპორტს წარმოადგენს და IV-V სს. თარიღდება. მეორე ჭურჭელი მოცისფრო-მომწვანო შუშისაგან დამზადებულ დიდი ზომის ბრტეელძირიან სასმისს წარმოადგენს. შემორჩენილ ფრაგმენტზე ამოხეხვით შესრულებულია მწყემსისა და ბატკნის გამოსახულება, აღმოჩენილია ბიჭვინთის უძველესი ტაძრის აფსიდაში, თარიღდება IV ს, დამუშავების ტექნიკით კიოლნის სახელოსნოს ნაწარმადაა მიჩნეული. მესამე ჭურჭელი ნახევარსფერულ უქუსლო სასმისს წარმოადგენს, რომელიც მომწვანო-მოყვითალო მდარე ხარისხის მცირედ გამოფიტული და ხორკლიანი შუშისაგანაა დამზადებული. შემორჩენილია შვიდი ფრაგმენტი, რომელზედაც მოსასხამით შემოსილი ყმაწვილები არიან გამოსახული. სავარაუდოდ, ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები, რაც მაისის აღმნიშვნელია, ისევე როგორც ფარშავანგი ადრეულ ქრისტიანებში მაისისა და აღდგომის სიმბოლოს წარმოადგენდა (თარიღდება V-VI სს.). სასმისი, სავარაუდოდ, აკვილეს (სამხრ იტალია) სახელოსნოს ნაწარმია.

ი. ბერძენიშვილი

ლიტერატურა

  • ასათიანი ლ , ბიჭვინტის წითელლაკიანი კერამიკა, დიდი პიტიუნტი, ტ 2 თბ, 1977;
  • აფაქიძე ა, ბიჭვინთა 1972 (ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის 1972 წლის საველე-გათხრითი სამუშაოების ანგარიში), დიდი პიტიუნტი, ტ 2, თბ., 1977,
  • ბერძენიშვილი ქ., ბიჭვინტის წითელლაკიანი თიხის ჭურჭლის შესწავლისათვის, „მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის“, 1963, №3
  • ზაქარაია პ., კაპანაძე თ, ციხეგოჯი – არქეოპოლისი – ნოქალაქევი ხუროთმოძღვრება, თბ., 1991.
  • ლორთქიფანიძე გ, ბიჭვინთის ნაქალაქარი, თბ, 1991;
  • ლორთქიფანიძე ო, ბიჭვინთის წითელლაკიანი კერამიკა საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე“, 1961, №1;
  • მიქელაძე თ, ბიჭვინთის ორაფსიდიანი ეკლესია, მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის“, 1963, ტ. 3;
  • უგრელიძე ნ. პალეოქრისტიანული სიმბოლოებით შემკული მინის სასმისები ბიჭვინთის ნაქალაქარიდან, საქ. სსრ მეცნ აკადემიის „მაცნე“, ისტ, არქეოლ. ეთნოგრ, და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1981, №3;
  • ყაუხჩიშვილი თ., ბიჭვინთის მოზაიკის ბერძნული წარწერა დიდი პიტიუნტი, ტ 3, თბ., 1978;
  • Барцыц Р., Раскопки раннесредневекового храма в селе Лдзаа поселка Пицунда, Кавказ: история, култура, традиции, языки. Сух., 2003;
  • Воронов Ю., Археологическая карта Абхазии, Сух., 1969;
  • Голофаст Л.А., Стекло ранневизантийского Херсонеса, Материалы по Археологии, Истории и Этнографии Таврии, вып., т. 8, Симфер., 2001;
  • Закарая П., Базилики Западной Грузии, 4, международной симпозиум по грузинскому искусству, Тб., 1983;
  • Леквинадзе В., Гантадская базилика, СА, 1970, №2;
  • его же О построиках Юстиниана в Западной Грузии, Византийский временник, 1973, т. 34;
  • Лорткипанидзе Г., Агрба З., Раскопки территории комплекса Пицундского храма, АО 1980 года в Абхазии, Тб., 1978;
  • его же, открытие мозаичного пола в древнем Питиунте, Вестник древней истории, 1956, №4
  • Угрелидзе Н., Стеклянные сосуды ы раннехристианскими символами из Бичвинтского Городиша по грузинскому искусству, Тб., 1983;
  • Шервашидзе Л.А., Пицундская мозаика, Великий Питиунт, т. 3, Тб., 1978;
  • Хрушкова Л., Завершение исследования архитектурного комплекса в селе Алахадзи, Археологические открытия в Абхазии 1986-87 гг. Тб., 1990;
  • её же, Раннехристианские саркофаги из Абхазии, ВВ, 1984, т. 45;
  • её же, Цандрипш, Материалы по раннехристианскому строительству в Абхазии, Сух., 1985;
  • Hayes J.W., Late Roman Pottery, London, 1972;
  • Odišeli M., Spätantike und Frühchistliche Mosaiken Georgian, Wien., 1995

იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები