ბოლქვაძე-ნაკაშიძე ელისაბედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისაბედ ბოლქვაძე-ნაკაშიძე

ბოლქვაძე (ნაკაშიძე) ელისაბედ იოსების ასული - (დ. - VIII.1885, სოფ. სამხეთო, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 22.II.1937, მინუსინსკი, კრასნოიარსკის მხარ.) - ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი (1904), პარტიული მეტსახელები: „თამარა“, „მისკო“, „ხვარამზე“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება ტფილისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო. 1904 წლდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. იყო გურიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე (1905) და სდპ გურიის კომიტეტის წევრი (1907). 1907-1917 წლებში რევოლუციონერობისთვის გასახლებული იყო კავკასიიდან.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ, იყო ნატანების რაიკოოპკავშირის თავმჯდომარე. 1919 სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად (1919-1921). შედიოდა კრების შრომის და მომარაგების კომისიებში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დარჩა სამშობლოში და შეუერთდა ანტისაბჭოთა მოძრაობას. 1923 ჩეკამ დააპატიმრა და გაასახლა ურალის მხარეში. 1925 დაბრუნდა გადასახლებიდან და მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ შინვაჭრობის სახალხო კომისარიატში. პარალელურად სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ცკ-ის წევრი და 1926 წლის მაისიდან თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. გაააქტიურა კონსპირაციული კავშირები პარტიის საზღვარგა რეთის ბიუროსთან, ზრუნავდა პოლიტპატიმართა ოჯახებზე. 29 ივნისს დააპატიმრა ჩეკამ. ე. ბოლქვაძე მოსკოვში გაასამართლა ოგპუ-ს (გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) განსაკუთრებულმა სათათბირომ და 3-წლიანი გადასახლება მიუსაჯა კრასნოიარსკის მხარეში, მინუსინსკის პოლიტიზოლატორში. 1930 გადასახლების ვადა გაუხანგრძლივდა 3 წლით. 1933 წლის 4 თებერვალს გაათავისუფლეს ურალის მხარეში ცხოვრების უფლებით. გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ალტაის მხარის ქალაქ კამენში, მუშაობდა გადასახლებულთა შორის „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ხაზით. 1936 წლის 4 აპრილს ე. ბოლქვაძე კვლავ დააპატიმრეს და კოტე ანდრონიკაშვილთან ერთად არალეგალური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან კავშირი დააბრალეს. სსრკ-ის შინსახკომის კოლეგიასთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომ ე. ბოლქვაძეს 1936 წლის 21 სექტემბერს 5 წლით კრასნოიარსკის მხარეში გადასახლება მიუსაჯა. 1936 წლის 6 ნოემბერს ე. ბოლქვაძე კვლავ დააპატიმრეს ქალაქ მინუსინსკში. 1937 წლის 13 თებერვალს კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) დახვრეტა მიუსაჯა; დახვრიტეს 22 თებერვალს, ქალაქ მინუსინსკში. რეაბილიტირებულია 1956 წლის 22 სექტემბერს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს და 1989 წლის 23 აპრილს - ალტაის სამხარეო პროკურატურის მიერ.

ბონდო კუპატაძე

ლიტერატურა

  • ნ. კირთაძე, კაენ, სად არის ძმა შენი?!, თბ„ 1998;
  • ქალები წარსულიდან, თბ., 2015;
  • დაკარგული ისტორია-მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ, SOVLAB, თბ., 2012;
  • ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, 50 ქალი საქართველოდან, 2013.

იხილე აგრეთვე

ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები