ბონები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონი

ბონები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - ქაღალდის დროებითი ფულადი ნიშანი, ლეგალური საგადამხდელო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე 1919 წლის ივლისიდან - 1922 წლამდე.

მის შემოღებამდე გარდამავალი ფულის ფუნქციას ასრულებდა ამიერკავკასიის კომისარიატის ბონი. საერთო ფულის არსებობა ზღუდავდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ფინანსურ სფეროში. ამის გამო, ქართული ფულის თუნდაც ბონის სახით გამოშვების მომხრეთა რიცხვი საქართველოს ხელისუფლებაში თანდათან იზრდებოდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა დამფუძნებელი კრების არჩევისა და მთავრობის შემადგენლობის შეცვლის შემდეგ. კონსტანტინე კანდელაკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის პოსტზე დანიშვნამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებელი ფინანსური სისტემის შექმნის დაჩქარებაში. 1919 წლის 11 ივლისს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი საქართველოს ბონების გამოცემის შესახებ. იმავე წელს გამოვიდა შემდეგი ნომინალის მქონე ბონის კუპიურები: 50-კაპეიკიანი, აგრეთვე, 1, 3, 5, 10, 50, 100 და 500-მანეთიანები, რასაც 1920 დაემატა 1000-მანეთიანები, ხოლო 1921 - 5000-მანეთიანები. ამ ნომინალების ზომები (მილიმეტრებში) ასეთი იყო:

  • 50 კაპეიკი - 57X39;
  • 1 მანეთი - 77X53;
  • 3 მანეთი - 89X60;
  • 5 მანეთი - 115X74;
  • 10 მანეთი - 120X77;
  • 50 მანეთი - 134X88;
  • 100 მანეთი - 156X101;
  • 500 მანეთი - 163X102;
  • 1000 მანეთი - 163X102;
  • 5000 მანეთი - 175X105.

ბონებზე აღბეჭდილი გამოსახულებები და სამენოვანი (ქართული, რუსული და ფრანგული) წარწერები მკაფიოა და გარკვევით იკითხება. ბონებზე გვხვდება მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასა და ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის ფაქსიმილეები ქართულ ენაზე.

საქართველოს ბონების ესკიზების ავტორები იყვნენ მხატვრები: იოსებ შარლემანი, ჰენრიკ ჰრინევსკი და დიმიტრი შევარდნაძე. ბონები გაფორმებულია საკმაოდ მაღალმხატვრულ დონეზე და გამოირჩევა ეროვნული ხასიათით. ზოგიერთ მათგანზე, კერძოდ, 5, 10, 50 და 100-მანეთიან კუპიურებზე, მხატვრული გაფორმების კუთხით საგრძნობია კომისარიატის იმავე ნომინალის ბონების ზეგავლენა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს 500-მანეთიანი ბონის კუპიურა. მის ავერსზე აღბეჭდილია შუა საუკუნეების არქიტექტურული სტილით ნაგები პომპეზური თაღი, რომლის ქვეშ მდგარ და ჩუქურთმებით დამშვენებულ საკარცხულში დაბრძანებულა ახალგაზრდა ქალი. მისგან მარჯვნივ გამოსახულია ოვალური ფარი, ხოლო მარცხნივ - საბრძოლო შუბი. ქალის მსგავსი გამოსახულება იმავე პერიოდში გამოშვებული ქართული საფოსტო მარკების ზოგიერთ სერიაზეც გვხვდება. ფილატელისტთა დაკვირვებით, მარკების მხატვარს აღნიშნული ქალი წარმოდგენილი ჰქონდა საქართველოს სიმბოლოდ, ისეთ სიმბოლოდ, როგორიც ცნობილი მარიანაა საფრანგეთის მარკებზე. 5000-მანეთიანი ბონის კუპიურის ავერსზე აღბეჭდილია ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩახატული საქართველოს მთავრობის სასახლე, რომლის ფლაგშტოკზეც იმდროინდელი სახელმწიფო სამფეროვანი დროშა ფრიალებს.

საქართველოს ბონები დაბეჭდილია ამიერკავკასიის კომისარიატის ბონების მსგავს, არაჭვირნიშნიან ქაღალდზე. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს 500-მანეთიანი კუპიურების ერთი ნაწილი, რომელზედაც ოდნავ ბუნდოვანი და გაურკვეველი ფორმის ჭვირნიშნებია; ასევე, 5000-მანეთიანი ბონის კუპიურების ნაწილიც, რომლებზედაც საინტერესო ფორმის ჭვირნიშნები გვხვდება. ეს ჭვირნიშანი წარმოადგენს ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩასმული სამი ქართული ასოს - ს. დ. რ. (იშიფრება როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) - ერთმანეთში მხატვრულად ჩაგვირისტებულ კომბინაციას. ამ ტიპის ჭვირნიშნებით მოფენილია ბონის მთელი ფართობი. ეს ქაღალდი საქართველოს მთავრობამ იტალიის ზარაფხანაში დაამზადებინა. 1921 წლის თებერვალში, თბილისის დატოვებისას, საქართველოს მთავრობამ თან წაიღო ხსენებული ჭვირნიშნიანი ქაღალდის მარაგი. სწორედ ამან განაპირობა, რომ თბილისში შემოჭრილი და დამკვიდრებული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც განსაზღვრული დროის განმავლობაში განაგრძობდა ძველი ნიმუშის ბონის გამოშვებას, იძულებული იყო, ფულის ნიშნები არაჭვირნიშნიან ქაღალდზე ებეჭდა. 1919 წლის ივლისიდან 1921 წლის თებერვლის ბოლომდე განხორციელდა საქართველოს ბონების ხუთი ემისია. მართალია, საქართველოს ბონების კურსი არასტაბილური იყო, მაგრამ მის დაცემას არ მიუღია კატასტროფული ხასიათი, არაერთი სხვა ქვეყნის ვალუტისგან განსხვავებით.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

ნ. ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა, თბ., 1996.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები