ბოცვაძე ლუარსაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუარსაბ ბოცვაძე

ბოცვაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე - (4.I.1866, სოფელი ნოღა - 24.VI.1919, თბილისი) - ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია და იმავე წელს დაადგა მასწავლებლობის გზას. პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო წყალტუბოს სკოლაში, სადაც 3 წელი დაჰყო, რის შემდეგაც წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გადაიყვანეს. 1908 დააარსა ყოველთვიური პედაგოგიური ჟურნალი „განათლება“, რომელსაც რედაქტორობდა 1908-1918 წლეში. 1890 წლდან გარდაცვალებამდე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

ბოცვაძეს ეკუთვნის 350-მდე პედაგოგიური ნაშრომი და სტატია, სასწავლო პროგრამები სახალხო სკოლებისათვის. ბოცვაძის პედაგოგიური შეხედულებების საფუძველია ხალხურობის იდეა: საყოველთაო-სავალდებულო და უფასო სწავლება ყველა ბავშვისათვის; ქალისა და ვაჟის თანასწორი განათლება; სწავლება ცხოვრების რეალურ მოთხოვნათა გათვალისწინებით; მშობლიური ენის მთავარი ადგილი სწავლებაში; პატრიოტიზმისა და შრომისმოყვარეობის აღზრდა; რუსული ენის სწავლება რუსული და ევროპული კულტურის დაუფლებისათვის.

ბოცვაძე აკრიტიკებდა „თავისუფალი აღზრდის“ თეორიას. აღზრდა მიაჩნდა ორგანიზებულ, მიზანმიმართულ პროცესად, რომელიც მიმდინარეობს მასწავლებლის ხელმძღვანელობით. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გონებრივსა და მორალურ აღზრდას ყველასათვის. აღზრდის მთავარ საშუალებად ბოცვაძეს მიაჩნდა შრომა; შრომითი აღზრდის მიზანი, მისი აზრით, პროფესიული მომზადება კი არ იყო, არამედ აღსაზდრელის შრომითი ჩვევების, შრომის უნარის გამომუშავება. მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში ბოცვაძე წამყვან როლს ანიჭებდა სკოლას. მან გააკრიტიკა მაშინდელი სკოლა, წამოაყენა ახალი სკოლის პრინციპები: სკოლის კავშირი ცხოვრებასთან, სწავლების საერო ხასიათი, სკოლისა და ოჯახის კავშირი აღზრდის საქმეში, მასწავლებლის წამყვანი როლი აღზრდისა და სწავლების პროცესში, მასწავლებლის მუშაობის ჰუმანური მეთოდები. ბოცვაძე სწავლებისა და განათლების თეორიაში კ. უშინსკისა და ი. გოგებაშვილის მიმდევარი იყო. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე - ნინო იოსების ასული ბაქრაძე (1883, თბილისი - 5.IX.1971). (დოდო ჭუმბურიძე)

ლიტერატურა

  • ი. ჭკუასელი, ლუარსაბ ბოცვაძე, თბილისი, 1954; ენც. „საქართველო“, ტ. I, თბ., 1997, გვ. 474;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994

წყარო

იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები