ბრიგადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:18, 23 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრიგადა - (ფრანგული brigade – რაზმი, გუნდი), უმცირესი ტაქტიკური შენაერთი მრავალი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში. შედის უფრო მსხვილი შენაერთების ან გაერთიანებების შემადგენლობაში, არის ცალკეული შენაერთებიც. საბრძოლო შემადგენლობის მიხედვით უკავია შუალედური მდგომარეობა პოლკსა და დივიზიას შორის. შედგება სახმელეთო ჯარებში - რამდენიმე ბატალიონისგან (უფრო იშვიათად - პოლკებისგან), ჯარების (იარაღის) ძირითად გვარეობათა დივიზიონებისგან, სპეციალური ჯარების, საბრძოლო, ტექნიკური და ლოგისტიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისაგან; სამხედროსაჰაერო ძალებში – ესკადრილიებისაგან; საჰაერო თავდაცვის ჯარებში - დივიზიონებისაგან (ბატალიონებისაგან); სამხედრო-საზღვაო ძალებში - ხომალდებისაგან ან ხომალდების დივიზიონებისაგან. ბრიგადული ორგანიზაციის განმასხვავებელი თავისებურებაა საბრძოლო დანიშნულებისადმი შესაბამისობის უფრო მაღალი დონე (მაგალითად, პოლკთან შედარებით), დამოუკიდებლად მოქმედების უნარი, ხოლო სპეციალური ჯარების ბრიგადისა - ამოცანების კომპლექსურად გადაწყვეტა. ბრიგადა, როგორც საბრძოლო წყობის ფორმა, პირველმა გამოიყენა 1630 წელს შვედეთის მეფემ გუსტავ II ადოლფმა. XVII საუკუნის მეორე ნახევარში ბრიგადა გახდა ქვეითი ჯარისა და კავალერიის ტაქტიკური ფორმირება თითქმის ყველა ევროპულ არმიაში. ამავე დროს მშვიდობიანი დროის ადმინისტრაციულ-სამეურნეო ერთეულად რჩებოდა პოლკი. ბრიგადას, პირიქით, განიხილავდნენ როგორც ომიანობის დროის საბრძოლო ფორმირებას, რომელიც საომარი მოქმედების მოლოდინში იქმნებოდა ბატალიონებისა და ესკადრონებისაგან. დასავლეთის არმიებში ყველაზე ფართოდ არის წარმოდგენილი საერთო-საჯარისო ბრიგადები (ქვეითი, მოტოქვეითი, სატანკო, ჯავშანსატანკო, საჰაერო-სადესანტო და სხვა). ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სახმელეთო ჯარებში, როგორც წესი, ბრიგადებს არ გააჩნიათ მუდმივი ორგანიზაცია და ისინი იქმნებიან საბრძოლო მოქმედების პერიოდისათვის როგორც ტაქტიკური ჯგუფის ბრიგადები, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს არმიებში დღესაც არის ქვეითი ბრიგადები - ქვეითი დივიზიების შემადგენლობაში და ცალკეული ბრიგადები. სპეციალური ჯარებიდან ბრიგადები არის კავშირგაბმულობის ჯარებში (საკვანძო და სახაზო კავშირგაბმულობის ბრიგადები), საინჟინრო ჯარებსა და რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარებში. ბრიგადულმა ორგანიზაციამ ყველაზე ფართო გავრცელება პოვა საინჟინრო ჯარებში. ცნობილია ბრიგადები, რომლებიც განკუთვნილია საფორტიფიკაციო სამუშაოებისთვის, ღობურების მოწყობისა და განღობვისთვის, გამაგრებული დასახლებული პუნქტების შტურმისთვის, გზების, გადასასვლელების, ხიდების მშენებლობისა და შენიღბვისათვის. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ძირთიადი ტიპებია საინჟინრო და საინჟინრომესანგრეთა ბრიგადები. შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის შემადგენლობაში არის მატერიალური უზრუნველყოფის, საავტომობილო, სამილსადენო, საგზაო-საკომენდანტო, სახიდე, სამედიცინო, სარკინიგზო და სხვა ბრიგადები.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები