გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია(გაერო United Nations Organization - UNO), საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა სუვერენულ სახელმწიფოთა ძალისხმევის ნებაყოფლობითი გაერთიანების საფუძველზე და მიზნად ისახავს საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების ხელშეწყობას და განმტკიცებას, სახელმწიფოების თანამშრომლობის განვითარებას. ჩამოყალიბდა ანტიჰიტლერული კოალიციის წამყვანი სახელმწიფოების – ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ინიციატივით.

გაეროს შემადგენლობაში შედის 185 სახელმწიფო. გაეროს წესდებაში (ხელმოწერილია 1945 წლის 26 ივნისს, ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს) დამკვიდრებულია საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპები:

  • გაეროს ყველა წევრის სუვერენული თანასწორობა;
  • საერთაშორისო დავების გადაწყვეტა მშვიდობიანი საშუალებებით;
  • წესდებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება;
  • საერთაშორისო ურთიერთობაში ძალის გამოყენების მუქარაზე ან ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
  • გაეროს ჩაურევლობა საქმეებში, რომლებიც არსებითად შედის ნებისმიერი სახელმწიფოს შიდა კომპეტენციაში, გაეროს წესდებით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებების გამოყენების შემთხვევების გარდა.

გაეროს მთავარი ორგანოებია:

  • გენერალური ასამბლეა,
  • უშიშროების საბჭო,
  • ეკონომიკური და სოციალური საბჭო,
  • სამეურვეო საბჭო,
  • საერთაშორისო სასამართლო და სამდივნო.

ჰააგაში განთავსებული საერთაშორისო სასამართლოების გარდა ყველა ეს ორგანო განლაგებულია ნიუ-იორკში. გაეროს სისტემაში შედის მთელი რიგი დამოუკიდებელი ავტონომიური საერთაშორისო ორგანიზაციები: გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები (მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა) და გაეროსთან დაკავშირებული სამთავრობოთაშორისი დაწესებულებები (მაგალითად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები