განდაგანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:24, 5 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცეკვა „განდაგანა”.
ასრულებენ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტები ფატმა კობალაძე და თემელ მიქელაძე

განდაგანა − აჭარული სატრფიალო ცეკვა.

აჭარის ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი იშვიათი ქმნილებაა ცეკვა − განდაგანა, რომელიც მნახველს ფორმისა და შინაარსის სრულფასოვნებით, მხატვრული სიმდიდრით, აზრისა და იდეის თვალსაზრისით იტაცებდა. მისი ფესვები შორეულ წარსულში იკარგება. ცეკვა „განდაგანას” ძველად საოჯახო ზეიმზე ანდა სახალხო დღესასწაულებზე − შუამთობაზე სიმღერის თანხლებით ქალი და მამაკაცი ცალ-ცალკე ასრულებდა. ცეკვაში აჭარელი კაცის ზვიადი გულოვანება, გონიერება, ამაღლებული სულისკვეთება, ქალისადმი პატივისცემისა და მოკრძალების ქართული ბუნება ადვილად იკითხება.

ცეკვა განდაგანა ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველში იგი წყნარად მიმდინარეობდა და „თარნანოს” ნაწილს შეიცავდა, ხოლო შემდეგ სწრაფ ფორმას ღებულობდა. შესრულება შემსრულებელთა მოქნილობას, პლასტიკურობას მოითხოვდა. ცეკვას საფუძვლად ედო ქალ-ვაჟს შორის გაშაირება, რომელიც გონებამახვილობასა და მოსაზრება-მიხვედრილობაში შეჯიბრის ხასიათს ატარებდა. „განდაგანას” რაობის, მისი წინამორბედი ფუძე-ცეკვების თავისებურებათა შესწავლის საფუძველზე გამოთქმულია აზრი, რომ იგი წარმართული პერიოდის საკულტო რიტუალებში აღმოცენებულ ცეკვა-თამაშობათა შერწყმის შედეგად მიღებულ და დროთა განმავლობაში დახვეწილ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებს წარმოადგენდა, რომელიც თავისი წინამორბედი როკვა-თამაშობებით ნაყოფიერების კულტთან იყო გენეტიკურ კავშირში. სწორედ განდაგანისათვის დამახასიათებელი სატრფიალო იუმორი და მაგიური შემოქმედების ტონ-რიტმით განსაზღვრული მოძრაობა ამ საკულტო რიტუალთაგან უნდა მომდინარეობდეს.

სახელწოდება განდაგანა ცეკვის სადადგმო ნაწილებიდან ამოტივტივდა. ქალისა და ვაჟის პირვანდელ საგანდაგანო გაცეკვებაში გვერდულა მოძრაობანი, გან-გან-სვლები მომეტებულად ჩანდა, თუმცა, ცეკვა მარტო სვლებზე არ იყო აგებული. მას სხვა ელემენტებიც მოერგო, რომლებიც „ყოლსამას”, „ჯაყდანანას”, „თოფა ლოინს”, „თარნანოს” და სხვა ცეკვებს ცოტა როდი გააჩნდა. განდაგანა არა მარტო ერთი ქალისა და ერთი ვაჟის, არამედ ქალთა და ვაჟთა მასობრივი ცეკვაც გახდა. მასში უმთავრესი იყო მუხლურა, ფეხმოდგმითი სვლები, ცალფეხგასმურა − ხალხურად წოდებული „ჩასმა”, ნაირსახოვანი ბრუნვის და ჩაკვრების ერთობლიობა.

სასცენო-შემოქმედებითი თვალსაზრისით ცეკვაში ნელი, საშუალო და ჩქარი ტემპის ნაწილები შეინიშნებოდა, ზოგჯერ იგი ჩქარი, გარკვეულ ვითარებაში, საშუალო ტემპითაც იწყებოდა. ამ თავისებურებებში განდაგანას მხატვრულ-ესთეტიკური მნიშვნელობა ვლინდებოდა. წარმოშობიდან დღემდე განდაგანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც განსაკუთრებით XX საუკუნის 50-60-იანი წლებიდან გახდა შესამჩნევი. ქორეოგრაფიული ხელოვნების მუშაკთა და ზოგიერთ პროფესიონალ შემსრულებელთა ინიციატივით დახვეწა-სრულყოფის მიზნით ცეკვას ბევრი საუკეთესო ტრადიციული ელემენტი ჩამოშორდა და ახალი სასცენო ილეთებით გამდიდრდა. ამის გამო რამდენადმე „შეირყვნა” განდაგანას ადრინდელი მხატვრულ-ესთეტიკური სილამაზე. იგი მხოლოდ აჭარის მთის ზო- ნის ხანდაზმულ ინდივიდუალურ შემსრულებელთა შორის შემორჩა.


ლიტერატურა

ლაზიშვილი, 2009:497-501; კახიძე, 1978:3-15.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები