გაფრინდაშვილი ვალერიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალერიან გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილი ვალერიან ივანეს ძე - (დ. - 2.I.1889, ქუთაისი - გ. - 31.1.1941, თბილისი) - პოეტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიასა და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე. 1915 გაზეთ „მეგობარში“ გამოაქვეყნა პირველი ლექსი. 1916, პაოლო იაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან, კოლაუ ნადირაძესთან, ივანე ყიფიანთან და სანდრო ცირეკიძესთან ერთად, ქუთაისში შექმნა „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ორდენი. 1918 ცხოვრობდა თბილისში, რედაქტორობდა ჟურნალს „მეოცნებე ნიამორები“ (1919-1924), სისტემატურად აქვეყნებდა თავის ნაწარმოებებს, თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას. 1919 დაიწერა მისი ლექსი „მე და ოფელია“, 1921 - „ლოცვა“. 1919 გამოსცა ლექსების პირველი კრებული („დაისები“). 1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ალექსანდრე არსენიშვილის წერილი „ოქროს ტრიტემა“, რომელშიც ის წერდა ვ. გაფრინდაშვილის შემოქმედების შესახებ. 1920 წელს თანამშრომლობდა ჟურნალთან „შვილდოსანი; 1920 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ბარრიკადში“ „ტრისტან მაჩაბლის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „პოეტები წერის დროს”, რომელიც ეხებოდა: გრ. რობაქიძეს, პ. იაშვილს, ტ. ტაბიძეს, კ. ნადირაძეს, ს. ცირეკიძეს, ვ. გაფრინდაშვლსა და ლ. ჯაფარიძეს.

1923 რუსულად თარგმნა და წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. 1924 ჟურნალ „კავკასიონში“ 1914-1922 წლების ქართულ პოეზიას „დიონისური ღამე“ უწოდა. 1926 და 1937 წლებში გამოიცა მისი ლექსების კიდევ ორი კრებული. ქართულად თარგმნა ეჟენ პოტიეს, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ჰაინრიხ ჰაინეს, ვიქტორ ჰიუგოს, ედგარ ალან პოს, ალექსანდრ პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, ალექსანდრ ბლოკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის ნაწარმოებები. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე , „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
  • თ. ბარბაქაძე, „ცისფერყანწელთა მეტრიკა“;
  • წგნ.: „პაოლო იაშვილი, პოეზია, პროზა, წერილები, თარგმანები. თბ., 1975;
  • ჟურ. „ცისფერიყანწები“, 1916, №1;
  • ჟურ. „ბარრიკადი“, 1920, 8 ნოემბერი.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ვალერიან გაფრინდაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები