გაძღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაძღი || გაძღიკია || გაძიკია || გაძიგია – თაროს ანგელოზი. მეგრელებს იგი პატარა ტანის დიდსტომაქიანი მამაკაცის სახით ჰყავდათ წარმოდგენილი. ოჯახს ყოველწლიურად დიდმარხვის ოცდამეოთხე დღეს, ოთხშაბათ ღამით, „გაძღიკობაზე“ („გაძიგობაზე“) სტუმრობდა და მის სახელობაზე გაშლილ სუფრას ათვალიერებდა. ამიტომ გაძღიკობისთვის მეგრელის ოჯახი განსაკუთრებულად ემზადებოდა. რამდენადაც მარხვა იყო, საამდღისოდ ყველანაირ ფხალს, გამორჩევით კი ჭინჭრისას აკეთებდნენ. ჭინჭრის ფხალი იმდენად სავალდებულოდ ითვლებოდა, რომ მთიანი სამეგრელოს მკვიდრნი მას ბარში მოიპოვებდნენ. უნდა ითქვას, რომ ახალი წლის დადგომიდან გაძღიკობამდე ჭინჭრის სახელის ხსენებაც კი იკრძალებოდა და, აუცილებლობის შემთხვევაში, მას „ეზოს ხარის“ (ოზეშ ხოჯი) სახელით ახსენებდნენ. როცა ვახშამი გამზადდებოდა, თითო კოვზ ყველანაირ კერძსა და ფხლისგულიანი კვერების თითო ნაჭერს გაძღისთვის წინა კარებზე მოწყობილი „კარბუზის“ (ურდულის) თაროზე გარკვეული წესით დაალაგებდნენ. იმისათვის, რომ გაძღიკიას მოვახშმეთა შორიდან „ნახვა“ გაადვილებოდა, ნაგებობის წინა ფასადზე გაჭრილ სარკმელს, ე. წ. „შუადღის კარს“ (ონდღეშ კარს) გააღებდნენ. სახლში უჩინრად შემოსული გაძიგია მდიდრული სუფრის ნახვისას „იტყოდა“: „ვისაც აქვს, კვლავაც მას მიეცეს“ (მისით უღუნი, ხოლო თის), ხოლო ღარიბულად დამხვედრ მასპინძელს „დაწყევლიდა“: „მცირედის პატრონს, ისიც წაერთვას“ (ჭიჭეშ მინჯეს, თით მიდაღალდას).


ლიტერატურა

  • ა. ჭანტურია. ეთნოგრაფიული ჩანაწერები. მეგრული რწმენა-წარმოდგენები და ზნე-ჩვეულებანი // თსუ შრომები. ტ. 227. ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია. თბ., 1982, გვ. 218;
  • И. Кобалия. Из мифической Колхиды // СМОМПК. № 32. Тф., 1903. გვ. 103-104.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები