გედევანიშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ გედევანიშვილი

გედევანიშვილი იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე - (02.01.1872 - 1939) - სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის არმიის შტაბსკაპიტანი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის . საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის ამხანაგის და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ალექსანდრე გედევანიშვილისა და პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის ძმა.

1905-1923 წლებში იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1905-1907 წლებში რევოლუციის აქტიური მონაწილე, რის გამოც კაპიტნის წოდებით დათხოვნილ იქნა რუსეთის არმიიდან. იგი აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტების მიერ დუშეთის მაზრის ხაზინის ექსპროპრიაციაში. 1916 წლის შემოდგომაზე ესწრებოდა ეროვნულ-დემოკრატ დ. ვაჩნაძის ბინაში, ნ. ჟორდანიასთან, მ. წერეთელთან, ე. გეგეჭკორთან და სხვებთან ერთად, თათბირს, რომელზეც პარტიათა წარმომადგენლები შეთანხმდნენ, ხელსაყრელ ვითარებაში გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქართული საარმიო კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. იგი დაინიშნა კორპუსის შტაბის უფროსად. 1918 წლის დასაწყისიდან ფედერალისტთა ბათუმის საბრძოლო ე. წ. „პარტიზანული რაზმის“ მეთაურია. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წლის ბოლოს ის მეორე ქართული ეროვნული ბრიგადის უფროსად დაინიშნა და გენერლის წოდება მიიღო. ი. გედევანიშვილი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან. 1919 წლის მარტიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრია. 1918 წლის აგვისტოდან საქართველოს სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსი იყო. 1918-1921 წლებში ი. გედევანიშვილი ქართულ სამხედრო სკოლაში სამხედრო ისტორიას ასწავლიდა. ერთხანს იყო აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდალი, ხოლო 1921 წლის დასაწყისიდან - ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდალი. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოში დარჩა.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • ა, ჩაჩხიანი, რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920 წლები), თბ., 2014;
  • ლ. დოლიძე, გენერლები საქართველოდან, თბ., 2003;
  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 4, თბ., 2003;
  • მ. გოგიტიძე, სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2015.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები