გვარჯალაძე კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე გვარჯალაძე

გვარჯალაძე კონსტანტინე იაგორის ძე (დ. - 17.I.1884, სოფ. ლანჩხუთი, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 3.I.1969) - დიპლომატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქართველ სოციალ-დემოკრატთა გამორჩეული წარმომადგენელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

უმაღლესი განათლება შვეიცარიაში მიიღო, რამაც მის სოციალ-დემოკრატიულ შეხედულებებს შესამჩნევი დაღი დაასვა. სწავლობდა მედიცინას, საზოგადოებრივ მეცნიერებასა და ფილოსოფიას. პროფესიით ექიმი იყო. „ნოე ჟორდანიას, ევგენი გეგეჭკორის და ნოე რამიშვილის მიმყოლი ქართველ სოციალ-დემოკრატიულ მოღვაწეთა თაობიდან, ის უეჭველად განსხვავდებოდა თავისი მსოფლმხედველობით, ძირითადი საკითხებისადმი საკუთარი მიდგომით და თავისი გაგებით... ის არასოდეს არ ყოფილა აზიიდან მემკვიდრეობით მიღებული, ადამიანის უარმყოფელი და პიროვნების გამხრწნელი რუსული გენიის მოტრფიალე; კიდევ მეტი: მასზე, საბედნიეროდ, უხერხემლო რუსული მენშევიზმის არც ერთ ვარიანტს არ დაუტოვებია გავლენა; ის თავის სულიერ და გონებრივ საზრდოს პოულობდა ევროპიულ ჰუმანისტურ სოციალიზმში, რომლის ამოცანას და დანიშნულებას პიროვნების და ერის თავისუფლებაში ხედავდა... კონსტანტინე გვარჯალაძე იყო უდავოდ ქართველი ეროვნული მოღვაწე; იმავე დროს, უყოყმანო ქართველი სოციალ-დემოკრატი... ორი თუ სამი ათეული წლის განმავლობაში ის ტრიალებდა ევროპულ ავტორიტეტულ სოციალისტურ წრეებში, სადაც მისი საშუალებების ფარგლებში, საკუთარი ენერგიის დაუზოგავად, საქართველოს ინტერესებს იცავდა“ - ასე ახასიათებდა კონსტანტინე გვარჯალაძეს მისი პარტიული ოპოზიციონერი, სოციალისტ-ფედერალისტი ნიკო ურუშაძე.

კონსტანტინე გვარჯალაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1921 იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაშია. 1921-1924 წლებში კონსტანტინოპოლში საქართველოს მთავრობის რწმუნებული და სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო. 1920-30-იან წლებში კონსტანტინე გვარჯალაძე სოციალისტური ინტერნაციონალის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა; როგორც ქართული სექციების წარმომადგენელი, მონაწილეობდა ერთა ლიგის დამხმარე საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგისა და მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში. იგი თავისუფლად ფლობდა რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს, რაც ხელს უწყობდა, წარმატებით გამოსულიყო სხვადასხვა ავტორიტეტულ შეკრებებზე და უცხო საზოგადოებისთვის საქართველოს წარსული და აწმყო გაეცნო. ემიგრაციაში ყოფნის დროს აქტიურ დიპლომატიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, თანამშრომლობდა და ხშირად ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს ყოველთვიურ პერიოდულ გამოცემას. კერძოდ, 1935-1940 წლებში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანოს - „ბრძოლის ხმა” - მთავარი რედაქტორი. გარდა დიპლომატიური საქმიანობისა, კ. გვარჯალაძე აქტიურად იყო ჩაბმული აგენტურულ საქმიანობაშიც, დოკუმენტებში იგი მოხსენიებულია შემდეგი პარტიული სახელებით - „ვახტანგი“, „ფარნაოზი“.

კონსტანტინე გვარჯალაძისა და მისი მეუღლის, ბაბულია კანდელაკის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. მათ, მართლაც, ვერ წარმოედგინათ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე და როცა 1968 წლის 11 დეკემბერს კონსტანტინემ ცხოვრების თანამგზავრი დაკარგა, მან უარი თქვა სასმელ-საჭმელზე, ოთახში ჩაიკეტა და დაუძლურებული მიიცვალა 1969 წლის 3 იანვარს, სოფელ აბონდანის მოხუცთა თავშესაფარში. იგი მეუღლის გვერდით, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • ქართველები უცხოეთში, წ. I (რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე და სხვ), თბ., 2012;
  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. VI, თბ., 2005;
  • სცსა, ფ. 2114, აღწ. 1; ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107; ფ. 489, აღწ. 30, საქ. 442.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები