გიორგი IV ლაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი IV ლაშა. 1250-1222 წ.

გიორგი IV – ლაშა-გიორგი (1193-01.18.1223); საქართველოს მეფე (1207/1210/1213-1223). თამარ მეფის ძე. მისი თანამოსაყდრე 1206 წლიდან. მეტსახელი ლაშა ნიშნავს ნათელს, შუქს, სინათლეს.

გიორგი IV-ის დაბადების აღსანიშნავად ქართულმა ჯარმა დიდი ლაშქრობა მოაწყო, აიღო ბარდავი და 30 ათასი ტყვე წამოიყვანა, რომლებიც შემდგომ გაათავისუფლეს „დღეგრძელობისათვის თამარისა და ძისა მისისა“. თამარისა და გიორგის თანამოსაყდრეობა 5 წელიწადს გაგრძელდა (1206-1210, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, 1213 წლამდე). თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ყმადნაფიცმა ქვეყნებმა სცადეს ვასალობისგან გათავისუფლება და შეწყვიტეს ხარკის გადახდა. გიორგი IV-მ იარაღის ძალით დაიმორჩილა გამდგარი ვასალები – განძა, ხლათი, არზრუმი და ნახიჭევანი. უდიდესი იყო ამ დროს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. ევროპელთა თვალში საქართველო იყო აღმოსავლეთის უძლიერესი ქრისტიანული სახელმწიფო დაუმარცხებელი არმიით, რომელსაც ძალუძდა გადამწყვეტი როლის შესრულება იერუსალიმის მაჰმადიანთაგან გათავისუფლების საქმეში. ამიტომაც სთხოვდნენ საქართველოს მეფეს ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობას თვით რომის პაპი ჰონორიუს III და ჯვაროსანთა სარდალი კარდინალი პელაგიუსი.

გიორგი IV ემზადებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში ჩასაბმელად, მაგრამ საქართველოს საზღვრებთან მონღოლთა მოულოდნელმა გამოჩენამ არა მარტო დასახული გეგმა ჩაშალა, არამედ რადიკალურად შეცვალა ქვეყნის მომავალი განვითარება. 1220-1221 წწ. ქართველებსა და მონღოლებს შორის სამი ბრძოლა გაიმართა და სამივეჯერ გამარჯვება ამ უკანასკნელთ დარჩათ. ერთ-ერთი შეტაკებისას (მდ. ბალისწყალთან, 1220) თვით მეფეც კი დაიჭრა.

საშინაო პოლიტიკაში გიორგი IV-ს დავით აღმაშენებლისა და გიორგი III-ის პოლიტიკური ხაზის გატარება სურდა. ცდილობდა შეეზღუდა თამარ მეფის დროს დაწინაურებულ დიდებულ ფეოდალთა უფლებები და თავის თანამოასაკე და თანამოაზრეებზე დაყრდნობით განემტკიცებინა მეფის ცენტრალური ხელისუფლება. ეს კი სერიოზულ წინააღმდეგობას ქმნიდა ახალგაზრდა მეფესა და დიდებულებს შორის. ამ დაპირისპირების ანარეკლია ქართულ წყაროებში გიორგი IV-ის პიროვნების ურთიერთსაწინააღმდეგო დახასიათება. თუ მისი თანამედროვე ისტორიკოსის (ანონიმი ავტორი, ე. წ. „ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“) სიტყვებით,გიორგი IV იყო თავისი დიდი წინაპრების თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მსგავსი და სწორი, „მთავართა დამფასებელი და ეკლესიის პატივისმცემელი, ლომი ძალითა და უმანკო გონებითა, მშვიდი და განურისხებელი ბუნებითა, შვიდთა სამეფოსა მეფე, მონისაცა ერთისაცა მათრახისა არამკრველი... დაჭირებულთა განმკითხავი, ბჭე და მოსამართლე“, XIV ს. ისტორიკოსის (ანონიმი ავტორი, ე. წ. „ჟამთააღმწერელი“) ცნობით, გიორგი IV-ის სანიმუშო ყოფაქცევა და ეკლესიური ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე მან თამარის ვაზირები მოიშორა თავიდან, შემოიკრიბა თანამოასაკენი და მათთან ერთად „დედათა უწესოთა თანა აღრევითა“ სმას და ღრეობას მიჰყო ხელი. გიორგი IV-ის პიროვნებაზე დიდგვაროვანთა წრეში გაბატონებული უარყოფითი თვალსაზრისი (რაც გახდა კიდეც ჟამთააღმწერლის შეფასების საფუძველი), მიუხედავად სუბიექტურობისა, გარკვეულწილად საქართველოს სამეფო კარზე შექმნილ უდარდელ და უზრუნველ ყოფას ასახავდა. თამარის ეპოქასა და გიორგი IV-ის მეფობის დასაწყისში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებებით შექმნილი ეიფორიით, ზედმეტი თავდაჯერებითა და ყურადღების მოდუნებით თუ აიხსნება ის ფაქტი, რომ ქარველმა პოლიტიკოსებმა ყურად არ იღეს განძის ათაბაგის თხოვნა, ერთად ებრძოლათ ირანისა და კავკასიისაკენ მომავალი უცნობი ძალის (მონღოლების) წინააღმდეგ. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ მონღოლების ვინაობაზე. ამავე მიზეზით ვერც 1220-1221 წწ. მიღებული დამარცხებებიდან გამოიტანეს შესაფერისი დასკვნები და მონღოლთა წასვლა საკუთარ დამსახურებადაც კი ჩათვალეს.

გიორგი IV წინაპრების მსგავსად საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. მის ზრუნვას გელათის, ქვათახევისა და შიომღვიმის მონასტრებისადმი ადასტურებს სამიოდე შემორჩენილი საბუთი, თუმცა ამავე დროს გიორგი IV არღვევდა კიდეც საეკლესიო ნორმებს, რაც აშკარად გამოჩნდა ქორწინების საკითხთან მისი დამოკიდებულებით. სასულიერო და საერო ხელისუფალთა პროტესტის მიუხედავად, მეფემ ყოველგვარი წესების დარღვევით სცადა ცოლად მოეყვანა არასამეფო წარმომავლობის ქმრიაანი ქალი. მისგან გიორგი IV-ს შეეძინა ვაჟიშვილი დავითი (შემდგომში საქართველოს მეფე დავით VII ულუ). ეკლესიამ ჯვარი მაინც არ დასწერა, ხოლო დიდებულებმა გარკვეული დროის შემდეგ ქალი სასახლიდან გაიყვანეს და ქმარს დაუბრუნეს, გიორგი IV-ს ცოლის მოყვანა აღარც უფიქრია. ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, უკანონო შვილს არ ჰქონდა სამეფო ტახტის დაკავების უფლება, ამიტომ გიორგი IV-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი და რუსუდანი.

მონღოლების წასვლის შემდეგ. გიორგი IV თავისი დის, რუსუდანის შარვან-შაჰზე დასანიშნად ბაგავანს ჩავიდა, სადაც ბალისწყალზე მიღებული ჭრილობის გამიზეზების შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათში.

ჩვენამდე მოღწეულია გიორგი IV-ის ოთხი ფრესკული გამოსახულება (ბეთანია, ყინწვისი, ბერთუბანი, ნათლისმცემელი) და, აგრეთვე, 1210 წ. სპილენძის მონეტაზე ამოტვიფრული გიორგი IV საიმპერატორო რეგალიებით.

გ. ოთხმეზური

წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;
  • ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე ქართლის ცხოვრება, 1, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1955;
  • ჟამთა აღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; სხეც-ი, ისტორიული საბუთების ფონდი: Qd-8511, Ad-18, 477;
  • ავალიშვილი ზ., ჯვაროსანთა დროიდან, თბ., 1989;
  • ბადრიძე შ., საქართველო და ჯვაროსნები, თბ., 1985;
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, 2, თბ., 1965;
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII- XIV სს.), თბ.,1962;
  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
  • კიკნაძე რ., კიდევ ერთი ქართული წყარო ლაშა-გიორგის ისტორიისათვის, კრ., საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979;
  • საქართველოს მეფეები, თბ., 2000;
  • ცინცაძე ი., მონღოლები და საქართველო, თბ., 1966;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართ- ველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები