გიორგი XI

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი XI - ქართლის მეფე (1676-1688; 1703-1709), ვახტანგ V-ის ძე. ბაგრატიონების უმცროსი შტოს მუხრანბატონების საგვარეულოს წარმომადგენელი, მამის, ქართლის მეფე ვახტანგ V-ის თანამოსაყდრე 1672 წლიდან. დედამისი როდამი (ყოფილი ეკატერინე – ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის ასული) იყო.

1675 წ. ვახტანგ V-მ ირანში წასვლის წინ ქართლის გამგებლად თავისი მეორე ვაჟი – გიორგი დატოვა. ვახტანგი გზაში გარდაიცვალა. გიორგი იმავე წელს ქართლის ტახტზე დასამტკიცებლად ირანში გამოიძახეს, სადაც იმ დროს იმყოფებოდა გიორგის მომდევნო ძმა ალექსანდრე, რომელსაც თავად სურდა ქართლში გამეფება. ირანში აღზრდილმა ისპაჰანის მოურავმა ალექსანდრემ თითქმის ორი წლით შეაფერხა გიორგის გამეფება. ამით ისარგებლა ვახტანგ V-ის უფროსმა ვაჟმა არჩილმა და ოსმალების მხარდაჭერით ქართლის დაკავება სცადა. მან აიძულა ირანის შაჰი სულეიმანი, სასწრაფოდ დაემტკიცებინა ქართლის ტახტზე გამაჰმადიანებული გიორგი 1676 წ. უბოძა მას თაჯი (სპარსთა მეფის გვირგვინი), ხმალი და ხალათი და ქართლში გამოისტუმრა: „იყო ესე გიორგი მეფე მხნე, ახოვანი, ძლერი ძალითა და ტანითა, შუენიერ-ჰაეროვანი, პირმხიარული, ენტკბილი, უხვი და მრისხანე, მოისარ-მოასპარეზე უებრო“. (ვახუშტი ბატონიშვილი). „ძლიერი გოლიათებრ, სამხედროთა საქმეთა სრული და ხელგამომავალი და ასეთი სიტყუა ჰქონდა, მტერნი მოყურად შეცვალოს“. (ბერი ეგნატაშვილი). ძალიან მალე გიორგი XI-სა და ირანის შაჰს შორის უთანხმოება ჩამოვარდა – ქართლის მეფე დამოუკიდებელი მმართველობისკენ მიისწრაფოდა. მან არათუ არ შეასრულა შაჰის ბრძანება, გადაეცა მისთვის არჩილი, არამედ პირიქით, დახმარებაც კი გაუწია უფროს ძმას, რომ თავდაპირველად იმერეთში გამეფებულიყო (1678), ხოლო შემდეგ (1682) რუსეთში წასულიყო დახმარების საძებნელად. ქართლის სპარსოფილი ზოგიერთი თავადი მოაკვლევინა (სომხითის მელიქი ქამარბეგ, იასონ ქსნის ერისთავი) და ზოგიც დააპატიმრა (იესე და ელიზბარ მაჩაბლები). დაუკავშირდა კახეთის დიდებულ თავადებს – რევაზ ჩოლოყაშვილს, ქიზიყის მოურავ აბელ ანდრონიკაშვილს, ელისენის მოურავ მერაბს, შეეცადა იქიდან ყიზილბაში ხანების გაძევებასა და კახეთის დაკავებას.

გიორგი XI-მ ოსმალეთთანაც დაამყარა დიპლომსტიური კავშირი დახმარების მიღების მიზნით. განრისხებულმა შაჰმა 1688 წ. ქართლი თეიმურაზ I-ის შვილიშვილს, ერეკლე I-ს გადასცა. აქედან დაიწყო ბაგრატიონთა ორი შტოს (კახი და მუხრანელი ბაგრატიონების) ურთიერთწინააღმდეგობა, რაც მთელი XVIII ს. განმავლობაში გრძელდებოდა. ამბოხებულ მეფეს ადგილობრივმა ფეოდალებმაც უღალატეს და ვერც ოსმალეთიდან მიიღო დაპირებული დახმარება. 1688 წ. გიორგი XI იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო, მაგრამ 1691 წ. ისევ გადავიდა ქართლში და ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა ერეკლე I-ს. 1695 წ. გიორგი XI ძალების მოსაკრებად და ბრძოლის გასაგრძელებლად კვლავ დასსვლრთ საქართველოში გადავიდა. გიორგის აჯანყება, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნიდა ირანს. შაჰი შეეცადა შემოერიგებინა დაუმორჩილებელი მეფე. იმავე 1695 წ. იმერეთში მყოფ გიორგის ეწვია ერევნის ხანი, რომელიც თავდებად დაუდგა მეფეს, რომ შაჰთან გამოცხადების შემთხვევაში მას სამაგიეროს კი არ გადაუხდიდნენ, არამედ წყალობას ყოფდნენ. გიორგი XI-მ თავისი ელჩი ზურაბ ზურაბიშვილი გაგზავნა ირანში და შაჰის წყალობის რაყამის მიღების შემდეგ დათანხმდა იქ ჩასვლას. გახარებულმა შაჰმა წარმატებული დიპლომსტიური მისიისთვის ერევნის ხანს მეთოფეთა ჯარის უფროსობა უბოძა. სულთან ჰუსეინმა მართლაც დიდი პატივით მიიღო 1696 წ. მასთან ჩასული გიორგი XI, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება მას აღარ ღირსებია. 1703 წ. ყაენმა გიორგის კვლავ უბოძა ქართლის მეფობა, მაგრამ ირანში დატოვა. ამავე დროს გიორგი XI ირანის სპასალარად დაინიშნა, რათა მისი სამხედრო ცოდნა და ქართველთა ჯარი აჯანყებულ ავღანელთა წინააღმდეგ საბრძოლველად გამოეყენებინათ. გიორგის თხოვნით ქართლის გამგებლის მოადგილედ ჯანიშინად მისი ძმისშვილი ვახტანგ ლევანის ძე დაამტკიცეს. გიორგი XI-მ მართლაც დიდ წარმატებას მიაღწია ავღანელებისა და ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლაში. მის მიერ მოპოვებული გამარჯვებები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ აჯანყებულ ავღანელთა ბელადი ყანდაარელი მირ-ვეისი იძულებული შეიქნა ქართველი მეფისთვის მორჩილება გამოეცხადებინა. გიორგიმ ის ისპაჰანში გაგზავნა. ამავე დროს გიორგი XI-მ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ისპაჰანში რუსეთის დესპანთან, სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ გამოჩენილ ლიდერთან, ისრაელ ორთან. ქართლის მეფეს სურდა, რომ ერთმორწმუნე რუსეთისა და სომხეთის დახმარებით, ირანისგან დამოუკიდებლობისთვის მიეღწია. ეს ამბავი მირ-ვეისმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა – აცნობა შაჰის დიდ ვეზირს ფათ ალი-ხანს, რითაც მისი კეთილგანწყობა მოიპოვა და ავღანეთში დაბრუნების უფლება მიიღო. გიორგი XI-ს წინააღმდეგ ძალით რომ ვერაფერს გახდა, მირ-ვეისმა ხერხი იხმარა. გიორგის დანათესავება სთხოვა, თავისი ქალიშვილის მითხოვებას შეჰპირდა, ნადიმზე მიიპატიჟა და მუხანათურად მოკლა. გარდაცვლილ მეფეს მირ-ვეისმა მკერდიდან ჯვარი ააგლიჯა და ფსალმუნთან ერთად, რომელსაც გიორგი მუდამ თან ატარებდა, ირანის შაჰს გაუგზავნა, როგორც გამაჰმადიანებული მეფის გულით ქრისტიანობისა და ორგულობის დამამტკიცებელი საბუთი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი XI-ის ღვაწლი ქართული სულიერების, კულტურისა და ქრისტიანული რელიგიის დაცვისა და განვითარების საქმეში. მისი ბრძანებით, 1680 წ. დამზადდა მდიდრულად მორთული „ვეფხისტყაოსანი“. ტექსტი გადაწერა მდივანმა ბეგთაბეგმა. 1685 წ. მან შეუკვეთა სულხან-საბა ორბელიანს „ქართული ლექსიკონის“ შედგენა. მისივე დავალებით, ცნობილმა პოეტმა და საეკლესიო მოღვაწემ, მიტროპოლიტმა იაკობ შემოქმედელმა (დუმბაძემ) გალექსა ბაგრატ მუხრანბატონის პოლემიკური ნაშრომი მაჰმადიანობის წინააღმდეგ „უსჯულოს მოჰამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება“; 1676-1688 წწ. მხატვარ გრიგოლ გულჯავარასშვილის ხელმძღვანელობით მოახატინა მცხეთის სვეტიცხოვლის შიგნითა სვეტის კედლები, სადაც გადმოცემულია ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს ცხოვრებისა და ქართლის მოქცევის ციკლი, საღვთო წერილის ცნობილი სიუჟეტები; გიორგი XI-ის მოკავშირისა და თანამოაზრის, იოსებ თბილელის მიერ დაარსდა თბილისის წიგნთსაცავი, სიონის ტაძრის ბიბლიოთეკა, რომლისთვისაც მრავალი ხელნაწერი შეიქმნა და სხვ. გიორგი XI დიდად ზრუნავდა ქართულ ეკლესია-მონასტრებზე.

ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში დაცულია ცნობები მის მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, ქვათახევის, ურბნისის, მანგლისის, ზემო ნიქოზისა და სხვა ტაძრებისთვის ყმა-მამულის წყალობისა და შეწირვის თუ წინამორბედ მეფეთაგან ნაწყალობევისა და შეწირულების განახლების თაობაზე. გიორგი XI-ის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით შეგროვდა თანხა (დაახლოებით, 85 ათასი მარჩილი), რომელიც გადაეცა იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსს იერუსალიმის ქართული მონასტრების დასახსნელად (ვალების დასაფარად). ამ დამსახურებისთვის მთაწმინდის მამებმა, ათანასემ და დავითმა გიორგი XI-ს და მის ოჯახს აღაპი დაუწესეს.

გიორგი XI-ის დროს აღმოსავლეთ საქართველოს პატრიარქები იყვნენ: ნიკოლოზ IX (1678-1688, 1692-1695), იოანე X (1688-1692, 1695-1700), ევდემოზ II (1700-1705) და დომენტი IV (1705-1741).

გიორგი XI ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება, როგორც „იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატოვანი; მეფე კახთა, რანთა, ქართველთა, ყოვლისა ჩრდილოეთისა თვითმპყრობელ-მქონებელი და განმგებელი“.

გ. ოთხმეზური



წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;
  • სცსა, საბუთები № № 1448-1283, 2321, 9999, 1449- 544, 1688, 1826, 1865, 2666, 2678; სხეც, ისტ. საბუთების ფონდი, №№ Ad-261, 1503, 1505; Hd-11067.
  • ეგნატაშვილი ბერი, ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.) ტ. 2, თბ., 1965;
  • კაკაბაძე ს., ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ცხოვრება, საისტორიო მოამბე, ტ. 2, ტფ., 1925;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, 1978;
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. 1-2, თბ., 1991-93;
  • ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XII-XVI სს.), თბ., 1984;
  • ტუხაშვილი ლ., პოლიტიკური ვითარება XVIII ს. პირველ ოცეულში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ჩხეიძე ს, ცხოვრება მეფეთა, ქართლის ცხოვრება, დ. ჩუბინაშვილის გამოც., ნაწ. 2, (რუსულ ენაზე), CПБ., 1854;
  • ჯამბურია გ., საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII ს. 30-90-იან წლებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • Иоселиани П., Исторический взгляд на состояние Грузии под властью царей магометан, Тфл., 1849; Симонов Ф.И., Описание Каспийского моряи чиненных на оном Российских завоеваний, СПБ, 1763;
  • Krusinski Th., Tragica vertentis belli Persici Historia, Leonoli, 1740;
  • Hanway I., An historical account of the British trade over Caspian Sea, London, 1753.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები