გობეჩია ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გობეჩია ივანე პავლეს ძე - (10.XII.1881, ქუთაისი - 30.IX.1937) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-რევოლუციონერი. ნაფიცი ვექილი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში საქმიანობას პეტერბურგის მუშათა ორგანიზაციებში ეწეოდა. 1904-1909 წლებში ჟანდარმერიისაგან მუდმივ დევნას განიცდიდა (ჩხრეკა, პატიმრობა, გამოძიება ბრალდების წაყენებით და სხვ). ი.გობეჩია, რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალისტ - რევოლუციონერთა ფრაქციის მდივნის თანაშემწე იყო. როგორც ქ. ქუთაისის გუბერნიის პარტიული ორგანიზაციის დელეგატი, მონაწილეობდა რუსეთის ესერთა პარტიის მესამე ყრილობის მუშაობაში. იყო ნაფიცი ვექილის თანაშემწე და, როგორც ვექილმა, მრავალ პოლიტიკურ პროცესში მიიღო მონაწილეობა.

1917 ქუთაისის ქალაქის საბჭომ დელეგატად მიავლინა პეტერბურგში მიმდინარე დემოკრატიულ თათბირზე დასასწრებად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე ი. გობეჩია სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა: იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კავკასიის ჯარისკაცთა სამხარეო საბჭოს წევრი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი, კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოების ყრილობების დელეგატი. მონაწილეობდა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაში და ხელმძღვანელობდა ყრილობის ეროვნული საკითხის სექციის მუშაობას. იყო ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების წევრი. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელი ქართული სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის ჩამოყალიბებასა და ამ პარტიის დამფუძნებელი ყრილობის მუშაობაში, რომელზეც საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა. იყო პარტიის ცენტრალური ორგანოს გაზ. „შრომის“ რედაქტორის მოადგილე.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სამშობლოში დარჩა. 1937 წლის რეპრესიებს ვერ გადაურჩა, დახვრიტეს.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, საქ. 107;
  • სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონულ მონაცემთა ბაზა], ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო, 2013.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები