გობეჩია იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ გობეჩია

გობეჩია იოსებ პავლეს ძე (დ. - 1879, ქუთაისი - გ. - XII.1962, პარიზი) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-რევოლუციონერი, საქართველოს სოციალისტ-რევოლუციური პარტიის (ესერების) ერთ-ერთი მეთაური, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) დამფუძნებელი კრების წევრი ესერთა პარტიიდან.

სარჩევი

ბიოგრაფია

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ოდესის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. 1901 წელს ოდესაში სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისთვის დაატუსაღეს და, ადმინისტრაციული წესით, სამშობლოში გადაასახლეს. იმავე წელს ქუთაისში, ერთ-ერთ შეკრებაზე, საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლის იუბილეს დროს საპროტესტო სიტყვის წარმოთქმისთვის, მეორედ დააპატიმრეს და ოდესაში გადაასახლეს, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. უნივერსიტეტში შესვლის უფლება არ მისცეს. ეს უფლება მან 1902 წელს მოიპოვა და, პროფესორ ვ. პეტრიაშვილის დახმარებით, შეძლო ოდესის უნივერსიტეტის დამთავრება (1908). 1904 წელს დააპატიმრეს სტუდენტთა მოძრაობის ხელმძღვანელთა კომიტეტის მთელი შემადგენლობა და, მათ შორის, ი. გობეჩიაც. მან ციხეში ერთი წელი გაატარა და კავკასიაში დაბრუნდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებაში. მან ჩამოაყალიბა არალეგალურ მებრძოლთა რაზმები და ტერორისტული თავდასხმები მოაწყო ალიხანოვ-ავარსკიზე, გენერალ ველიამინოვზე, ზუგდიდში, პოლიცმაისტერ მარტინოვზე. 1906 წლის ბოლოს, როგორც ამიერკავკასიის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი, ფინეთში (იმატრაში) ესერთა პარტიის საბჭოს ყრილობას დაესწრო და მონაწილეობდა ესერთა პარტიის მეორე ყრილობის მუშაობაში ტამერფორსში (ფინეთში). უკან დაბრუნებისას დაიჭირეს და თბილისში გაასახლეს.

1909-1911 წლებში ი. გობეჩია ბაქოში ცხოვრობდა და ასტრონომიაში ლექციებს კითხულობდა მუშათა პროფესიულ კურსებზე და სახალხო უნივერსიტეტში. იმ პერიოდში ბაქოში ქართულ ენაზე გამოდიოდა ესერთა პარტიული ორგანო „მარცვალი“. ძმასთან (ვლადიმერთან) ერთად, რომელიც ასევე არალეგალურად ცხოვრობდა ბაქოში, ი. გობეჩია აღნიშნული გაზეთის რედკოლეგიის წევრი იყო. იმის გამო, რომ ჟანდარმერია გამუდმებით დაეძებდა, ის იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო. მუშაობდა ობსერვატორიაში. შემდეგ გრენობლის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა, რომელიც ელექტროტექნიკის ინჟინრის ხარისხით დაამთავრა და პარიზში ინჟინრად დაიწყო მუშაობა.

იოსებ გობეჩიას საფლავი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე

1917 დაბრუნდა რუსეთში და დროებითი მთავრობის მიერ კავკასიის ფრონტის სამხედრო კომისრად დაინიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალისტ-რევოლუციონერთა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და ბოლშევიკ ოკუპანტთა წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ პატრიოტთა რიგებში ჩადგა. იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი. დამკომის მიერ გაიგზავნა უცხოეთში ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან სახალხო ამბოხების საკითხებთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა, ემიგრაციაში დარჩენილიყო. ერთხანს იყო სოციალ-დემოკრატიული ემიგრანტული გაზეთის - „დამოუკიდებელი საქართველოს“ რედაქტორი. ემიგრაციული ჟურნალის - „ჩვენი დროშა“ შეფასებით: „იოსებ გობეჩია იყო დაუღალავი მებრძოლი ქართული საქმის. უცხოეთში მის შეუჩერებელ მოღვაწეობას საქართველოს უფლების დასაცავად - ყველა აღტაცებაში მოჰყავდა. მოხუცი, ავადმყოფი უკანასკნელ დღემდე არ უშვებდა შემთხვევას, მონაწილეობა მიეღო ქართულ საქმიანობაში. ცდილობდა, აგრეთვე, უცხო პრესაში გაეტანა ქართველი ერის ბრძოლა და გაეცნო საზოგადოებრივი აზრისთვის გარდაუვალი სურვილი ქართველი ერისა, ეროვნული თავისუფლების აღსადგენად“. დაკრძალეს ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე, სადაც გამოსათხოვარი სიტყვები წარმოთქვეს საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ლევან ზურაბიშვილმა და ცნობილმა ეროვნულ-დემოკრატმა ელისე პატარიძემ.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. VII, თბ., 2001;
  • ჟურ. „ჩვენი დროშა“, პარ., 1963, №38;
  • გრ. წერეთელი, „ქართული ემიგრაცია და ადამიანები“, პარ., 1971;
  • სცსა, ფ. 1836, საქ. 107.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები