გორის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორის ციხე

გორის ციხე - ისტორიული ციხე-სიმაგრე გორში, მაღალ კლდოვან ბორცვზე.

არქიტექტურული ძეგლი დგას ქალაქის ცენტრში, კლდოვან ბორცვზე. სიმაგრის დასავლეთის ბოლო მონაკვეთი გრძელდებოდა დღეისათვის მისგან ასეული მეტრით დაშორებული მდინარეების მეჯუდისა და ლიახვის შესართავამდე ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ I ათასწლ. უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის, გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. ციხის მიწისზედა მნიშვნელოვანი ნაწილი განვითარებულ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება, ნაწილი – XVII ს. შუა ხანებს.

გორის ციხე პირველად მოხსენიებულია VII ს. ამბებთან დაკავშირებით (ჯუანშერი). იგი ნახსენებია გვიანდ. ფეოდალური ხანის მრავალ წყაროშიც. ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.

გორის ციხეზე სარესტავრაციო სამუშაოები 1951-55 წწ. ჩაატარა სპეციალურ. სამეცნ.-სარესტ. საწ. სახელოსნომ (ავტორები: რ. გვერდწითელი, ა. გოგელია).

გორის ციხე შედგება ორი დიდი მონაკვეთისაგან: ზედა პლატოზე მდებარე ოვალური ციტადელისა (180X40 მ; კედლების სიმ. შიგნიდან 1-3 მ, გარედან 10 მ.; კედლის სისქე საშუალოდ 2 მ) და დასავლეთით, ფერდობზე ნაგები „ცხრაკარასაგან“. ციტადელის აღმოსავლეთ მონაკვეთში მცირე ეკლესიის ნანგრევებია.

ციხე ძირითადად ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. ნაგებობას ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალი. ძირითადი ნაწილი აღდგენილია 1632-33 წწ როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წ. მიიღო, როცა იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801 წ.) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის ფუნქციას – აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. 1920 წ. მიწისძვრამ დაანგრია ციხის ზედა ნაწილი და ეკლესია. ციხის შემორჩენილ ქვედა ყრუ კედლებს გასამაგრებლად სხვადასხვა დროს გარედან მიაშენეს კონტრფორსები. ციხის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. XVII—XVIII სს.-ში შესასვლელი სამხრეთ კედლის შუაში იყო. აქ იდგა კოშკი, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ კამაროვანი ჭიშკარი. ციხეს დასავლეთით ჰქონდა გვირაბი მდინარიდან წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი.

უკეთესად არის შემორჩენილი ციხის დასავლეთი მონაკვეთი – „ცხრაკარა“

(ა). იგი შედგება ორი პარალელური კედლისგან (მანძილი კედლებს შორის საშუალოდ 15 მ), რომლებიც ფერდობს ჩაუყვება და ქვემოთ ნახევარწრედ იკვრება. ციხის ეს მონაკვეთი კედლებით შვიდ არათანაბარ ნაწილად არის გაყოფილი, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ამ კედლებში გარდი-გარდმო დატოვებული გასასვლელბით, რაც აადვილებდა თითოეული ნაწილის ცალ-ცალკე დაცვას. გასასვლელებში, ფერდობის დაქანების გამო, საფეხურებია, „ცხრაკარას“ გრძივი კედლები განსხვავებულია. ჩრდილოეთის განიერი კედელი გამაგრებულია კონტრფორსებით. კედელს ზედა ნაწილში გასდევს საფეხურებიანი საბრძოლო ბილიკი. მოპირდაპირე მხარეს (სამხრეთით) ორი სამსართულიანი ნახევარწრიული კონტრფორსებიანი კოშკი დგას. კოშკების პირველი სართული საცხოვრებელია, კედლები ყრუა. მეორე სართული საცხოვრებელიც არის და საბრძოლოც. კედლებში გაჭრილია სათოფურები. მესამე სართული ქონგურებით შემოფარგლული საბრძოლო ბანია.

(ბ) ციხის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას გორის ციხის აღმოსვლეთ მონაკვეთში. თარიღდება XI-XII სს-ით. ეკლესია დარბაზულია (12X7 მ), ნაგებია თლილი ქვით. შენობა დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია კამარა და სამხრეთის კედელი. შემორჩენილია აღმ., დას. და ჩრდ. კედლების ფრაგმენტები. 1956 წ სპეც. სამეცნ.-სარესტ.-საწ. სახელოსნომ (ავტორი ა. გოგელია) ეკლესიის ჩრდ. კედელი შიგნით და გარეთ სწორკუთხა თლილი ქვით მოაპირკეთა.

ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან – თაღოვანი. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილი და მისი ნახევარწრიული ნიში. ეკლესია გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი ჩრდილოეთით გრძივი კედლების წყვილ პილასტრებს ეყრდნობოდა. ამავე კედელზე შემორჩენილია მაღალი დეკორატიული თაღის ფრაგმენტები.

ბიბლიოგრაფია

  1. [ახნაზაროვი არტემ]ალფა. გორი //ივერია.-1890.-N261(8 დეკ.).-გვ.2. ცნობები გორის ციხის შესახებ.
  2. გორი //ივერია.-1891.-N84(17 აპრ.).-გვ.1. გორის ციხის ნგრევისა და მოსახლეობის მიერ მასალის დატაცების გამო. ბერძენიშვილი ი. გორის ციხე.-თბ.,1960. ციხის ისტორია.
  3. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები.III.-თბ.,1966.-გვ.290. მოკლე ცნობები ციხის შესახებ.
  4. გაბიჩვაძე ა. გორის ციხე ერეკლე II-ის დროს //საისტორიო მოამბე.-ტ.I.-გვ.7-21. ციხის აღდგენისა და დაცვის შესახებ ერეკლე II-ის მეფობის დროს.
  5. გარსევანიშვილი ა. ქალაქი გორი და სასწაულმოქმედი ოქონის ღვთისმშობლის ხატი //ცისკარი.-1868.-N2.-გვ.191. გორის ციხის, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისა და ოქონის ხატის ისტორია.
  6. გვრიტიშვილი დ. გორის ისტორია.-თბ.,1954.-გვ.17-22. ძეგლის ისტორია, არქეოლოგიური მონაცემები,მემატიანეთა და უცხოელ მოგზაურთა ცნობები ციხის შესახებ, მოკლე აღწერილობა.
  7. გორის ციხე //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.29. მოკლე ცნობები ქართულ და რუსულ ენებზე.
  8. გვრიტიშვილი დ. გორის წარსულიდან.-თბ.,.-1951.-გვ.3-19. ციხის ისტორია, ხუროთმოძღვრული ანალიზი, გეოგრაფიული მდებარეობა და სტრატეგიული მნიშვნელობა.
  9. გორი //ივერია.-1888.-N63(24 მარტი).-გვ.3. უყურადღებობა ისტორიული ნაშთებისადმი.
  10. გორი //ივერია.-1892.-N107(27 მაისი).-გვ.2. ციხისა და ციხის ეკლესიის უყურადღებოდ მიტოვების გამო.
  11. "გორიდგან სწერენ გაზ. "კავკასს"...//ივერია.-1898.-N116(4 ივნ.).-გვ.2. ძველი ციხისა და ეკლესიის გაპარტახების გამო.
  12. გორის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.III.-1978.-გვ.229. ციხის შესახებ არსებული ისტორიული მასალა, ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  13. გვრიტიშვილი დ. გორის ისტორიიდან.-თბ.,1947.-გვ.8-12. ციხის ისტორია.
  14. ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.-თბ.,1977.-გვ.22-23. მოკლე ცნობები ციხის შესახებ.
  15. გორი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.23-35. გორის ციხის ისტორია, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, არქიტექტურულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი, ციხის შესახებ ისტორიულ წყაროებში არსებული მასალები. მოხსენიებულნი არიან: ვენეციელი კონტარინი, ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, ვახტანგ VI.
  16. შუაფეოდალური ეპოქის ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (X-XV სს.): გორი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.113-123. ხუროთმოძღვრული კომპლექსის დახასიათება, ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული მასალების მიმოხილვა.მოხსენიებულნი არიან: მემატიანე ჯუანშერი, შ.მესხია, სომეხი მემატიანე მათე ურჰაელი, ამბროზიო კონტარინი, დონ პიეტრო ავიტაბილე, ჟან შარდენი, პაპუნა ორბელიანი, კაპიტანი იაზიკოვი, კლაპროტი, პოლკოვნიკი ბურნაშოვი. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.51,52; ტაბ.33).
  17. ქალაქები: გორი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.33-39. გორის ციხის ისტორია, მდებარეობა, მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ციხის ორი ფოტო.
  18. ქალაქები: გორი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.38-46. ციხის კონსტრუქციულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება. სხვადასხვა წლებში მიმდინარე გათხრების შედეგები, მოკლე ისტორია. ტექსტს ახლავს ციხის ფოტო..
  19. კასტელი დონ კრისტეფორო დე. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ.-თბ.,1976.-გვ.436-437. ციხისა და მისი მიდამოების ნახატები, წარწერების თარგმანები.
  20. მამისთვალიშვილი ე. გორის ისტორია.-თბ.,1994.-გვ.150-164. გორის ციხის ისტორია, ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
  21. მაკალათია ს. ლიახვის ხეობა.-თბ.,1971.-გვ.101-105. ციხის მდებარეობა, სტრატეგიული მნიშვნელობა.
  22. მელითაური გ. გორის ციხე.-თბ.,1955. ციხის აღწერილობა.
  23. შარდენი ჟ. მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.-თბ.,1975.-გვ.295. გორის ციხის მოკლე აღწერილობა.
  24. ნარიმანაშვილი ა. თქმულება გორის ციხეზე //ძეგლის მეგობარი.-1978.-N49.-გვ.25-26.
  25. სიტყვა თქმული გორის ციხის განახლებაზე //ცნობის ფურცელი.-1899.-N918(18 სექტ.).-გვ.2. ივანე გივის ძე ამილახვრის მიერ გორის ციხის განახლების შესახებ.
  26. ხახანაშვილი ა. "ეს არის და გორის ციხე" //ივერია.-1890.-N144(8 ივლ.).-გვ.3. გორის ციხის დაცვის აუცილებლობის შესახებ.
  27. ჯავახიშვილი ი. თხზ.ტ.III.-თბ.,1982.-გვ.334. მოკლე ცნობა გორის ციხის შესახებ.
  28. გაბუნია გ. გორის ციხეზე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შესახებ //ძეგლის მეგობარი.-1987.-კრ.76.-გვ.9-14. არქიტექტორ გალუმოვიჩის მიერ 1939 წელს, სქემატურ ანაზომებზე დაყრდნობით, გორის ციხეზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების მოკლე ანგარიში. ტექსტს ერთვის ფოტოები.
  29. მაკალათია ს. ხევი.-თბ.,1934.-გვ.209. გორის ციხის კოშკის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  30. იამბე, ციხის ნაშალო....-თბ.,2007.-გვ.48-50. გორის ციხის შესახებ არსებული ლეგენდა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.
  31. გვასალია ჯ. ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.ტ.VI.-თბ.,1982.-გვ.53-54. ციხის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. რეზ. რუს. ენაზე.
  32. ციხე-ქალაქები: გორი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2002.-გვ.42. ციხის მდებარეობა, ცხრაკარას არქიტექტურული აღწერილობა, ისტორიული წყაროები ციხის შესახებ. მოხსენიებული არიან: ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, იტალიელი მისიონერი ქრისტეფორე კასტელი. ტექსტს ერთვის ციხის გენგეგმა, კასტელის ნახატი და დასვლეთი ხედის ფოტო.
  33. ქალაქები: გორი //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბ.,1960.-გვ.12-14. მოკლე ცნობები ქალაქისა და ციხის შესახებ.
  34. მატერიალური კულტურის ძეგლები.-თბ.,1971.-გვ.101-104. ციხის მოკლე ისტორია.
  35. გორის ციხე //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.5.-თბ.,1990.-გვ.37-38. გორის ციხის აგების თარიღი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, მშენებლობის, აღედგენისა და რესტავრაციის შესახებ, შემორჩენილი ნაგებობების აღწერილობა და ციხის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულნი არიან რესტავრატორები: ა.გოგელია და რ.გვერდწითელი.
  36. გორის ციხე //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.62. საისტიო წყაროები ციხის შესახებ. აგებისა და მშენებლობის ეტაპები, აღნიშნულია ციხის სამხ.-აღმ. მხარეს განლაგებული მცირე ეკლესიის ნანგრევები. მოხსენიებულნი არიან: როსტომ ქართლის ”ვალი”, ერეკლე II. ტექსტს ერთვის ციხის საერთო ხედის ფოტო.
  37. შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.26. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. გორის ციხესიმაგრის სტრატეგიული მნიშვნელობა.აღნიშნულია ციხის გვირაბი, წყალსაცავი და დასავლეთ მხარეს ყველაზე უკეთ შემონახული ნაწილი "ცხრაკარა"

.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები