გუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჭარლები გუდით
(ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი)

გუდა − ტყავის ზურგჩანთა, ზურგზე მოსაკიდი ტყავის ჭურჭელი.

გუდა აჭარაში თხის ტყავისაგანაც მზადდებოდა და მასში ხშირად ცხვრის ყველს ათავსებდნენ. საერთოდ, ადრე იგი მონადირეთა და მომთაბარე მესაქონლე ხალხების ერთ-ერთი ძირითადი ჭურჭელი იყო.

ქართულ წყაროებში გუდა-ვაშკარანი ერთი მნიშვნელობითაა ნახმარი − „გაუჭრელად გაძრობილი ტყავი ხვასტაგთა შთასადებლად რისამე”, კერძოდ, „ტყავისაგან შთასადებელი”. საერთოდ, საქართველოში ტყავის ძირითად ჭურჭელს − გუდას სახელი ფუნქციის მიხედვით ჰქონდა შერქმეული. მას ბეწვს შიგნით ანდა გარეთ უტოვებდნენ იმის მიხედვით, გუდაში მკვრივ თუ თხიერ პროდუქტს მოათავსებდნენ. პირველ შემთხვევაში ბეწვი შიგნიდან ჰქონდა გუდას, სითხის ჩასასხმელს ბეწვს გარეთ დაუნარჩუნებდნენ.

საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში საჭმელი პროდუქტებისათვის შემდეგი სახის გუდა იყო გამოყენებული: საჭამია გუდა, კალტის გუდა, ყველის გუდა, ერბოს გუდა. ყველის ხარისხის ჩამოყალიბებას ტყავ-გუდის ვარგისიანობა დიდად უწყობდა ხელს. გუდა კარგი გამოყვანილი უნდა ყოფილიყო − „ლეში” არ უნდა შერჩენოდა, რათა ყველს სუნი არ დარჩენოდა ანდა არ გამწარებულიყო.

გუდა ყაურმის შესანახადაც იხმარებოდა. გუდის თავისებურ ნაირსახეობას საქონლის საშარდე ბუშტი წარმოადგენდა, რომელსაც დაამუშავებდნენ და არყისა და ერბოს შესანახად იყენებდნენ. გუდა საზომადაც იხმარებოდა, მაგალითად, ასე: გუდა ყველი, გუდა ერბო... აღმოსავლეთ საქართველოს მთაში სიპის ღუმელის მშენებლობისას გუდით წებოვანი ლურჯი თიხა-მიწა მიჰქონდათ. ფშაველი ქალი მაის-ივნისში ცხვარშიაც მიდიოდა, თუ პატარა ბავშვი ჰყავდა, გუდაში ჩასვამდა და თან გაიყოლებდა.


ლიტერატურა

ორბელიანი, 1949:79; მაკალათია, 1933; მგელაძე, 1966; ნანობაშვილი, 1973; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:93.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები