დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაცია (ICD) V თავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 16 ივლისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაცია (ICD) V თავი - ჩამოყალიბებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ (WHO), როგორც დაავადების შესახებ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შეგროვების დამხმარე საშუალება. სისტემის გადასინჯვა ხდება სისტემატურად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ. ამჟამინდელი გამოცემა რიგით მეათეა (ICD-10). ოცდაერთი თავიდან, მე-5 თავი ფსიქიატრიას ეძღვნება.

სარჩევი

ICD-is ისტორია

ფსიქიკური აშლილობები კლასიფიკაციაში პირველად მეექვსე გამოცემაში (ICD-6), 1948 წელს შეიტანეს, მაგრამ არც ICD-6 და არც ICD-7 ფართოდ არ გამოიყენებოდა, რადგან ისინი მოიცავდნენ მხოლოდ დასახელებების სიას და რიცხვით კოდებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იყო ჰოსპიტალიზაციის ნაციონალური სტატისტიკის ცხრილების შედგენა, მაგრამ მათ არ ახლდათ შემადგენელი ტერმინების მნიშვნელობების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. როგორც აღინიშნა, სტენგელის 1959 წლის გამოკვლევა, გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს წრმოადგენდა. მან საფუძველი მოუმზადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაფართოებულ პროგრამას, რომელიც „საერთო ენის“ მიღწევაზე იყო მიმართული. ეს პროგრამა უკვე ოცდაათ წელზე მეტ ხანს ხორციელდება.

1968 წელს გამოიცა ICD-8. მან გარკვეულ პროგრესს მიაღწია ძველი პრობლემების გადაჭრის მიმართულებით. კლასიფიკაციას თან ახლდა 1974 წელს ბრიტანეთში გამოცემული ტერმინოლოგიური ლექსიკონი. მიუხედავად ამისა, ICD-8 მაინც არ წარმოადგენდა დამაკმაყოფილებელ სისტემას, რადგან შეიცავდა ზედმეტად ბევრ კატეგორიებს და ზოგიერთი სინდრომის ალტერნატიული კოდირების საშუალებას იძლეოდა. 1978 წელს გამოიცა ICD-9-ის V თავი. ზოგადად ის ICD-8-ის მსგავსი იყო, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ფიქრობდა, რომ ნაციონალური მთავრობები არ მოისურვებდნენ დიდი რაოდენობის ცვლილებების მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიკაციას თან ახლდა ოდნავ უკეთესად დამუშავებული ტერმინოლოგიური ლექსიკონი, რომელიც საერთაშორისო ტენდენციებს ასახავდა.

ICD-10

ICD-10-ის შემუშავებამდე ცხადი გახდა, რომ საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა აუცილებელ პროცესს წარმოადგენდა. ამ პროცესის მიზნებიდან გამომდინარე ICD-10-ის V თავს უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი მოთხოვნები:

  • ის გამოსადეგი უნდა ყოფილიყო საერთაშორისო კომუნიკაციისთვის ავადობისა და სიკვდილიანობის სტატისტიკის შესახებ.
  • უნდა შეესრულებინა სტანდარტის როლი ნაციონალურ და სხვა ფსიქიატრიულ კლასიფიკაციაში.
  • უნდა ყოფილიყო მისაღები და სასარგებლო ფართო მომხმარებლისთვის სხვადასხვა კულტურაში.
  • უნდა შეესრულებინა საგანმანათლებლო ფუნქცია.

ხსენებული პროცესი დაიწყო 1982 წელს. წინასწარი სამუშაოები შეასრულეს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებმა. საველე გამოცდა ჩატარდა 39 ქვეყნის 112 ცენტრში, ექვს ენაზე (Sartorius et al., 1993). საველე გამოცდით დადგინდა შესაბამისობის სანდო ხარისხი სხვადასხვა შემფასებლების მიერ მოწოდებულ შეფასებებს შორის ანუ რამდენად ერთნაირად აფასებდნენ ისინი ერთსა და იმავე კატეგორიებს. გარდა ამისა, საველე გამოცდას უნდა უზრუნველყო ის, რომ პაციენტებს, რომლებთანაც პრაქტიკოსი ფსიქიატრები მუშაობდნენ, კარგად „მორგებოდათ“ ექსპერტთა მიერ შემუშავებული აღწერილობები. საბოლოო ვერსია სათაურით - „კლინიკური აღწერები და დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო პრინციპები“ (Clinical Descriptions and Diagnostic Guidelines), 1992 წელს გამოიცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ICD-10 ის სახით (World Health Organization, 1992b). ის მოიცავს კლასიფიკაციაში შემავალი თითოეული აშლილობის აღწერილობას ძირითადად თხრობითი ფორმით. დიაგნოსტიკურმა ინსტრუქციებმა მომხმარებელთათვის ცხადი გახადა, რომ ეს კლინიცისტებს საშუალებას აძლევს, მსჯელობა უფრო ფართო კონტექსტში აწარმოონ.

ყველა დიაგნოსტიკური კოდი იწყება ასო-ბგერით F და, სხვა თავების მსგავსად, შედგება 10 ძირითადი ნაწილისგან (ცხრილი 2.1), რომელთაგან თითეული შეიძლება დაიყოს ათად და ა.შ. მაგ., F20 შიზოფრენიას შეიძლება მოჰყვებოდეს შემდეგი ნომერი ამ ჯგუფში შემავალი სხვა კატეგორიისთვის (მაგ., F20.1, ჰებეფრენული შიზოფრენია). საჭიროების შემთხვევაში სხვა კოდებიც გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ICD-10 ძირითადად აღწერითი კლასიფიკაციაა, არსებული ცოდნა და დადგენილი კლინიკური პრაქტიკა გულისხმობს, რომ ეტიოლოგია განმსაზღვრელი კრიტერიუმია ზოგიერთი ძირითადი კატეგორიისთვის. ეს განსაკუთრებით ისეთ კატეგორიებს ეხება, როგორებიცაა ორგანული დაავადებები (F0x), ფსიქოაქტიური ნივთიერებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა (F1x) და სტრესთან დაკავშირებული აშლილობა (F4x)

ICD-10-ის V თავი (F). ძირითადი კატეგორიები

ცხრილი 2.1 ICD-10-ის V თავი (F). ძირითადი კატეგორიები
F00-F09 ორგანული, სიმპტომატურის ჩათვლით, ფსიქიკური აშლილობები
F10-F19 ფსიქოაქტიური ნივთიერებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები
F20-F29 შიზოფრენია, შიზოტიპიური და ბოდვითი აშლილობები
F30-F39 გუნებ-განწყობის (აფექტური) აშლილობები
F40-F49 ნევროტული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობები
F50-F59 ფიზიოლოგიური და ფიზიკური დარღვევებით გამოწვეული ქცევის პათოლოგია
F60-F69 ზრდასრულთა პიროვნული და ქცევითი დარღვევები
F70-F79 გონებრივი ჩამორჩენილობა
F80-F89 ფსიქიკური განვითარების დარღვევები
F90-F99 ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობები

ICD-10-ის თავი V-ის დოკუმენტები

რადგან ICD-10 რამდენიმე მიზნით გამოიყენება, იგი რამდენიმე ფორმით არსებობს (ცხრილი 2.2). თითოეული თავსებადია ძირითად ვერსიასთან და მისგან არის ნაწარმოები. პირველადი ჯანდაცვის ვერსიაში შედის მხოლოდ 27 კატეგორია. ყოველ მათგანს ახლავს შეხსენება შესაბამისი მენეჯმენტის და მკურნალობის შესახებ. ეს ვერსია, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე მეტად ფართოდ ხმარებულ ვერსიად გადაიქცეს. კვლევის ვერსია (DCR-10) მოიცავს უფრო სპეციფიკურ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, რომლებიც DSM-IV-ის კრიტერიუმების მსგავსია და, აგრეთვე, მოიცავს „კულტურისთვის სპეციფიკური“ აშლილობის ნუსხას და ტერმინოლოგიურ ლექსიკონს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, კვლევებისთვის DSM-IV უფრო ფართოდ გამოიყენება.

ცხრილი 2.2 ICD-10-ის თავი V-ის დოკუმენტები
„სტანდარტული“ ICD-10; კლინიკური აღწერილობები და კვლევის სახელმძღვანელო პრინციპები (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, 1992b)
ვარიანტები სპეციალისტებისთვის
პირველადი ჯანდაცვა
მრავალღერძული სისტემები ზრდასრულთა ზოგადი ფსიქიატრიისთვის
მრავალღერძული სისტემა ბავშვთა ფსიქიატრიისთვის
გონებრივი ჩამორჩენილობა
კვლევის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები
დამატებითი განმარტებების, აღწერილობებისა და განსაზღვრებების შემცველი დოკუმენტები
ფსიქიკური ჯანმრთელობის ტერმინების ლექსიკონი
ფსიქიკურ ჯანმრთელობაში კროსკულტურალური ტერმინების ლექსიკონი
ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული ტერმინების ლექსიკონი
ICD-10-ის სიმპტომების შესამოწმებელი სია
სწრაფი ინსტრუქციების ჯიბის სახელმძღვანელო

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები