დადიანი ვარდან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდან დადიანი - გიორგი III-ისა და თამარის თანამედროვე პოლიტიკური მოღვაწე. მსახურთუხუცესი 1184-1191 წწ., მისი კარიერა გიორგი III-ის დროს, 1177/1178 წლის ორბელთა აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩუხჩარეხის თანამდებობაზე დაწინაურებით დაიწყო, თამარისაგან კი - მისი გამეფების პირველსავე წელს მსახურთუხუცესობა მიიღო.

თამარის ისტორიკოსი მას ახლად დანიშნულ მოხელეებში, მანდატურთუხუცეს ჭიაბერის და მეჭურჭლეთუხუცეს კახაბერ ვარდანისძის შემდეგ მოიხსენიებს, რაც იმის მინიშნებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი, როგორც მსახურთუხუცესი, „დარბაზის რიგის“ მოხელეთა შორის რიგით მეხუთე ხელისუფალი იყო. სამოხელეო მიწები მას დამტკიცებული ჰქონდა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. იგი იყო: „ლიხთ-აქით პატრონი ორბეთისა და კაენისა, ლიხთ-იქით ნიკოფსამდის“. მისი რეზიდენცია ყოფილა „მაგარი და მტერთაგან უვნებელი“ ქვეშის ციხე. გარდა მსახურთუხუცესისა, იგი იყო სამოქალაქოს (ქუთაისში შემავალი ქვეყანა) ერისთავთ-ერისთავი, ხოლო მისი ძმა ბედანი - ოდიშის საერისთავოს გამგებელი. თამარის ისტორიკოსის ცნობით, ვარდან დადიანის მამა მსახურთუხუცესი უნდა ყოფილიყო აფრიდონზე ადრე. ვარაუდობენ, რომ ვარდანზე მსახურთუხუცესის ხელის გადაცემით დადიანთა სახლს უნდა აღედგინა დაკარგული ძველი პატივი (შ. მესხია).

ვარდან დადიანი იმ პოლიტიკურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა, რომლის მხარდაჭერითაც მოხდა თამარის დაქორწინება (1185) ვლადიმირ-სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟ იურიზე. 1191 წ. გიორგი რუსის აჯნყების დროს კლარჯეთ-შავშეთის პატრონ გუზან ტაოსკარელთან და ბოცო სამცხის სპასალართან ერთად იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გიორგი რუსის საბრძოლო მოქმედებებში. მისი წინამძღოლობით შეიყარა ყოველი სვანეთი და აფხაზეთი, სამეგრელო, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი, არგუეთი და გეგუთში რუსი მეფედ გამოაცხადეს. ვარდანის ამგვარი ფართომასშტაბიანი სამხედრო მხარდაჭერა გიორგი რუსისადმი ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ იგი დასავლეთ საქართველოს სპასალარიც უნდა ყოფილიყო (თ. ბერაძე). ვარდან მ. გაერთიანებული ლაშქრის ერთ ნაწილს დასავლეთ საქართველოდან სამცხეში წარუძღვა და იქ ოძრხე გადაწვეს. აქ მათ შეუერთდა სამცხის ერისთავი ბოცო მესხებით, რომელთან ერთადაც დაიგეგმა ჯავახეთის, თმოგვისა და ახალქალაქის აღება, თრიალეთსა და სომხითში გალაშქრება. აჯანყებულების დამარცხების შემდეგ თამარმა ვარდან დადიანი გადააყენა, მსახურთუხუცესის სახელო და მასთან ერთად კაენისა და ორბეთის სამოხელეო ქვეყნები ჩამოართვეს, ხოლო მის ძეს, ივანეს - გაგი.


წყაროები და ლიტერატურა

ისტორიანი და აზმანი შარავარნდედთანი 1959: 25, 33, 49-51, 54; ბერძენიშვილი 1974: 155;. მესხია 1979: 119; ბერაძე 1999: 133.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017

იხილე აგრეთვე

ვარდან დადიანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები