დადიანი სამსონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამსონ დადიანი

დადიანი სამსონ პლატონის ძე (დ. - 1885, სოფ. მუხური, ზუგდიდის მაზრ. - გ. - 1937, თბილისი) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1908). იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ე. წ. მეორე თაობის წარმომადგენელი. 1913 უკვე შედიოდა პარტიის აქტიურ ბირთვში.

1917 წლის 16 აპრილს სამსონ დადიანი მონაწილეობდა ქართული პარტიების ინტერპარტიულ შეკრებაში. ნოემბერში შემდგარ პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად და მდივნად სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1918 წლის ივნისიდან იყო ეროვნული საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის), წევრი. შედიოდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში. 1919 წლის აგვისტოში, დამატებითი არჩევნების დროს, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. შედიოდა 1918 წლის 6 ივნისს არჩეული „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენ კომისიაში“. 1918 წლის ივლისში აირჩიეს კომისიის მდივნად. როდესაც კომისიამ გადაწყვიტა, მუშაობის დაჩქარების მიზნით, კონსტიტუციის ცალკეული თავები შესამუშავებლად დაენაწილებინა კომისიის წევრებისათვის, სამსონ დადიანს დაევალა კონსტიტუციის ერთ-ერთი თავის შემუშავება - „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ“, რომელიც კონსტიტუციის მეთოთხმეტე თავის სახით განხორციელდა. 1921 წლის იანვარში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მეხუთე კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტის ხუთკაციან პრეზიდიუმში, სადაც პარტიის თავმჯდომარის ამხანაგის (მოადგილის) მოვალეობას ასრულებდა.

1921 სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ მემარჯვენე ფედერალისტების შემადგენლობაში დარჩა და მტკიცედ იდგა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ნიადაგზე. 1922 საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან და აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების მომზადებაში. ბოლო ეტაპზე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ აღარ მიიღო მონაწილეობა აჯანყებაში. გასული საუკუნის ათიანი წლებიდან ქართულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა სამსონ დადიანის წერილები ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე („ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ“; „სოციალური იდეა ილია ჭავჭავაძის პოეტურ თხზულებებში“; „ქართული თეატრი“ და სხვ). მის კალამს ეკუთვნის 1905 წლის რევოლუციისადმი მიძღვნილი დრამა „ჯვარედინ გზაზე“ და ისტორიული დრამა „გიორგი სააკაძე“. იგი ლიტერატურულ-კრიტიკულ მოღვაწეობას აგრძელებდა ქვეყნის ბოლშევიკური ოკუპაციის წლებში. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1922 აირჩიეს საქართველოს სსრ დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრად, მუშაობდა ბანკის იურისკონსულტად. მიუხედავად ამისა, არ აპატიეს პოლიტიკური წარსული და 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

ვ. სიდამონიძე, ლ. ურუშაძე, დადიანი სამსონ პლატონის ძე, ენც. საქართველო, ტ. II, თბ., 2012.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები