დავით IV

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით IV - აღმაშენებელი - (1073–1125), საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე. გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი.

დავითის გამეფებაზე ისტორიკოსი ასე წერს: „თვით მამამან ზეცათამან ჰპოვა დავით, მონა თვისი, და საცხებელი მისი წმინდა სცხო მას, რამეთუ ხელი მისი შეეწოდა და მკლავმან მისმან განაძლიერა იგი“, „წყალობა და ჭეშმარიტება შეემოსებოდა მას“ და „უზეშთაესყო იგი უფროის ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა“.

მისი გამეფების დროს საქართველო სელჩუკთა სულთნის მოხარკე ქვეყანას წარმოადგენდა; თბილისი, დმანისი, სამშვილდე, რუსთავი და სხვა მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქები თურქ-სელჩუკთა გარნიზონებს ეკავა, ქვეყნის სამხედრო ორგანიზაცია დარღვეული იყო. 1099 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს და აღადგინა ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, დაიმორჩილა მეამბოხე ფეოდალები, 1104 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთის სამეფო.

ქვეყნის გაძლიერებას ემსახურებოდა დავით IV-ის საეკლესიო და სამხედრო რეფორმები. 1120 წლისათვის საბოლოოდ ჩამოყალიბდა გაერთიანებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, რომელიც მუდმივი ჯარისა (ტაძრეულები, მონასპა, ციხეებისა და ქალაქების გარნიზონები) და ფეოდალური მილიციისგან შედგებოდა.

ფეოდალური მილიცია (დაახლოებით 40 ათ. კაცი) ლაშქრის ყველაზე მასობრივი ნაწილი იყო. როგორც მუდმივი ჯარი, ასევე მილიცია, ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ყივჩაყთა როლი, რომლებიც მეფემ 1118-20 წლებში ჩამოასახლა. დამხმარე ძალას წარმოადგენდნენ მოქირავნეთა და მოკავშირეთა კონტინგენტები. იმ ძალთა რაოდენობა, რომლებიც დავით IV-ს შეეძლო ერთდროულად გამოეყვანა ველზე, აღწევდა 60 ათ. მეომარს. ძირითადად ეს იყო ცხენოსანი ჯარი.

მრავალწლიანი განმათავისუფლებელი ომი, რომელსაც დავით IV აწარმოებდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, დაგვირგვინდა დიდგორის (დიდგორის ბრძოლა) ბრწყინვალე გამარჯვებით (1121) და თბილისის აღებით (1122).

დავითის ისტორიკოსი ამ ბრძოლის შესახებ წერს: პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსვრიდა ზედმოწევნებულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი აღიარებდენ და მოგვითხრობდენ სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისა. ალბათ ამ სასწაულის აღსანიშნავად სინას მთაზე დავით მეფის მიერ აშენებულ მონასტერში შემონახულია ფრესკა, სადაც გვერდიგვერდ არიან წმინდა გიორგი და დავით მეფე.

1123 წლიდან მეფემ სამხედრო მოქმედებები ძირითადად ამიერკავკასიის მეზობელ ქვეყნებში გადაიტანა, ამის შედეგად საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შემოვიდნენ ჩრდილო სომხეთი და შირვანი (1124).

დავით IV-ის მხედართმთავრულ ხელოვნებას ახასიათებდა მოქმედებების შეტევითი ფორმა, სისწრაფე და მოულოდნელობა. თავდაპირველად ამით მეფე თავისი მცირე ძალების კომპენსაციას ახდენდა, შემდეგ კი, როდესაც უკვე მრავალრიცხოვანი ლაშქარი ჰყავდა, მან შეტევითი ოპერაციები წამოიწყო სელჩუკებთან შეხების მთელ ფრონტზე – ჭოროხის ხეობიდან კასპიის ზღვამდე.

მოულოდნელობა დავით IV-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მომენტი იყო. მაშინაც კი, როდესაც შეტევა მოწინააღმდეგის დაწყებული იყო, მეფე ასწრებდა მას მოულოდნელი, გამბედავი მოქმედებებით და ინიციატივას თვითონ იგდებდა ხელთ. ასე იყო გადამწყვეტი ბრძოლების დროს თრიალეთში (1110), დიდგორსა და შამახასთან (1123).

საველე ბრძოლები დავით IV-ს საბოლოო გამარჯვებამდე მიჰყავდა და აგვირგვინებდა მათ გაქცეულთა ენერგიული დევნით. მეფე მუდმივად ცვლიდა დარტყმების მიმართულებებს, სწრაფად გადააჯგუფებდა თავის მთავარ ძალებს და იქ გამოჩნდებოდა, სადაც მოწინააღმდეგე არ ელოდა. მაგალითად, მარტო 1124 წლის განმავლობაში დავით IV-მ 6-ჯერ ილაშქრა ჭოროხისა და არაქსის ველებიდან დარუბანდის სანახებამდე.

დავით IV-ის მოღვაწეობის შედეგად საქართველო დასავლეთ აზიის ერთ-ერთი უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. მისი მეფობიდან იწყება ე.წ. ფეოდალური საქართველოს ოქროს ხანა, რომელიც 100 წელიწადი გრძელდებოდადავით IV-ის გარდაცვალების შემდეგ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები