დაზიანება (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:50, 14 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაზიანება - ზემოქმედება მოწინააღმდეგეზე შეიარაღებული ბრძოლის სხვადასხვა ძალებითა და საშუალებებით, რის შედეგადაც იგი მთლიანად ან ნაწილობრივ (დროებით) კარგავს ბრძოლისუნარიანობას;

დაზიანების საშუალებების გამოყენების შედეგი (მომხდარი ან მოსალოდნელი). მაგალითად, სამხედრო დარგში ეს არის მოწინააღმდეგის განადგურება შეიარაღებული ძალებით ომში, ბატალეაში, ოპერაციაში, ბრძოლაში; ობიექტზე (სამიზნეზე) სხვადასხვა სახეობის იარაღის (საბრძოლო ტექნიკის) ზემოქმედების შედეგი.

დაზიანება არის: საბრძოლო, ბიოლოგიური, გეოფიზიკური, ინფრაბგერითი, კოსმოსური, სხივური, რადიოლოგიური, ზემაღალი სიხშირით, თერმული (დამწვრობა), ქიმიური, აგრეთვე ცეცხლით დაზიანება, ბირთვული დაზიანება და სხვა.

სარჩევი

ბიოლოგიური დაზიანება

ბიოლოგიურ დაზიანებას იღებეს ადამიანი და ცხოველი მათზე ბიოლოგიური იარაღის ზემოქმედების შედეგად. ამ იარაღის ახალ თაობას შეუძლია დააზიანოს ცოცხალი ორგანიზმები ინფექციური დაავადებების პრინციპულად ახლებური გამომწვევებითა და ტოქსინებით, რომლებიც მიღებულია გენური ინჟინერიის გზით, აგრეთვე მიკროორგანიზმებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტების მეშვეობით.

გეოფიზიკური დაზიანება

გეოფიზიკური დაზიანება ხდება იარაღით, რომლის მოქმედებაც ეფუძნება ბუნების ძალების გამოყენებას სამხედრო მიზნებისათვის. გულისხმობს ლითოსფეროში, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებზე აქტიურ ზემოქმედებას. ლითოსფეროში დედამიწის მყარი გარსის გარკვეულ რაიონებში მიწისქვეშა თერმობირთვული აფეთქებებით იწვევენ ხელოვნურ მიწისძვრებს. წყალქვეშა (ჰიდროსფერო) ბირთვულ აფეთქებებს მოსდევს ხელოვნური ცუნამის, ტაიფუნების წარმოშობა, ზღვის დინებების შეცვლა.

ატმოსფერული, გეოფიზიკური იარაღი არის მეტეოროლოგიური და ოზონური. მეტეოროლოგიური - ზემოქმედებას ახდენს ღრუბლებზე სპეციალური აეროზოლების გამოყენებით, იწვევს კოკისპირულ წვიმებს მოწინააღმდეგის ჯარების განლაგების რაიონებში, ჰიდროტექნიკური ნაგებობების ნგრევასა და წყლის მოვარდნას.

ოზონური ატმოსფერული გეოფიზიკური იარაღი გამოიყენება იმ რაიონების თავზე ხელოვნური ოზონური „ხვრელების” შესაქმნელად, სადაც ნავარაუდევია მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენება.

ინფრაბგერითი დაზიანება

ინფრაბგერითი დაზიანება ახორციელდება ინფრაბგერითი იარაღით, რომელიც ეფუძნება მიზანმიმართული აკუსტიკური (ბგერითი) ტალღური ენერგიის გამოყენებას ცოცხალ ძალაზე უარყოფითი ზემოქმედების მოსახდენად.

დაზიანება ხორციელდება ინფრაბგერით; ადამიანის ყურისათვის აღუქმელი დაბალი სიხშირის ბგერითი ტალღები მოქმედებენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, იწვევენ საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, პანიკურ მდგომარეობას და საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვას. უფრო მაღალმა სიგნალმა შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარეგვა ან სიკვდილი.

ინფრაბგერითი იარაღის მასობრივი გამოყენების დროს შეიძლება დაიკარგოს ცოცხალი ძალის ბრძოლისუნარიანობა ისეთი პერიოდით, რომელიც საკმარისია შეზღუდული ხასიათის საბრძოლო ოპერაციების საწარმოებლად.

ზემაღალი სიხშირით დაზიანება

ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის დაზიანება ზემაღალი სიხშირის იარაღით, რომელიც ეფუძნება ზემაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური რხევების გენერაციის პრინციპს. ადამიანის ორგანიზმის უჯრედებზე ამ იარაღის ზემოქმედების დროს შეიძლება დაირღვეს მისი ფსიქიკა. საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ მასზე მაგნიტოთერმული ზემოქმედების გზით.

თერმული დაზიანება

თერმულ (დამწვრობით) დაზიანებას აღწევენ ცეცხლგამჩენი საშუალებების (ჭურვების, ბომბების, რაკეტების, ცეცხლსატყორცნებისა და სხვა) გამოყენებით, რის შედეგადაც პირადი შემადგენლობა იღებს დამწვრობით დაზიანებებს, იწვება ტექნიკა და მატერიალური საშუალებები, ჩნდება ხანძრები ჯარების განლაგების რაიონებში.

კოსმოსური დაზიანება

კოსმოსური დაზიანება ხორციელდება კოსმოსური შეიარაღების საშუალებების კომპლექსით. ეს საშუალებები განკუთვნილია კოსმოსური შეიარაღების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სატელეკომუნიკაციო საჰაერო თავდაცვისა და სატელეკომუნიკაციო კოსმოსური კომპლექსების გასანადგურებლად კოსმოსში; აგრეთვე კოსმოსიდან დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების დასაზიანებლად.

რადიოლოგიური დაზიანება

რადიოლოგიური დაზიანება ეფუძნება რადიაქტიული ელემენტების გამოყენებას ატომური რეაქტორების ნარჩენებითა და სხვა ხლეჩადი მასალებით ადგილმდებარეობის დასნებოვნებისთვის.

არსებობს რადიოლოგიური იარაღის ორი ტიპი - ხანმოკლე (გამოიყენება ტაქტიკური მიზნებისათვის) და ხანგამძლე (გამოიყენება ოპერატიულ-სტრატეგიული მიზნებისათვის) იზოტოპების გამოყენების საფუძველზე.

საბრძოლო დაზიანება

საბრძოლო დაზიანება, მოწინააღმდეგის ან მისი ცალკეული დაჯგუფებების საბრძოლო წყობის ელემენტების, ობიექტებისა და მიზნებისათვის საბრძოლო ამოცანის შესრულებისას მიყენებული დაზიანება.

სხივური დაზიანება

სხივურ დაზიანებას აღწევენ ლაზერული და კონური იარაღის გამოყენებით. ლაზერული იარაღით ელექტრომაგნიტური გამოსხივების ვიწრო კონის მეშვეობით ოპტიკური დიაპაზონით აზიანებენ მცირე ზომის, მაგრამ მნიშვნელოვან სამიზნეებს.

განასხვავებენ ლაზერული იარაღის სამ ტიპს: მცირე, საშუალო და დიდი სიმძლავრის.

მცირე და საშუალო სიმძლავრის კომპლექსებს შეუძლიათ, ჩაახშონ მართვის პუნქტები, სახმელეთო იარაღის დამიზნების საშუალებები, დააბრმაონ ტანკების ეკიპაჟები, ქვემეხებისა და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების გათვლები, მძღოლები და პილოტები.

დიდი სიმძლავრის ლაზერული იარაღი გამოიყენება საჰაერო თავდაცვის ძირითადი საშუალებების გასაძლიერებლად, დაბლა მფრინავი საჰაერო მიზნების გასანადგურებლად, აგრეთვე მნიშვნელოვანი მიზნების დასაზიანებლად ბრძოლის ველზე. კონური იარაღი ახდენს ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კომბინირებულ დაზიანებას (რადიაციულსა და თერმომექანიკურს).

რადიაციულ დაზიანებას იწვევს მაღალი ენერგიის ელემენტარული ნაწილაკების ზემოქმედება ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებზე, რადიოელექტრონულ საშუალებებზე, შეიარაღებისა და ტექნიკის ელექტრონულ კომპონენტებზე. მიზნის დაზიანებას აღწევენ აგრეთვე დასხივებით, რომელსაც იწვევს დამუხტული ნაწილაკების კონა მაღალი ენერგიის ფოტონების სახით ჰაერის გარემოში გავლისას. მათ აქვთ უნარი, მოახდინონ თერმომექანიკური ზემოქმედება ადამიანებზე, შეიარაღებასა და ტექნიკაზე, გამოიწვიონ დასაზიანებელი მიზნის მასალების აალება, ლღობა და აორთქლება.

კონური იარაღი შეიძლება გამოიყენონ დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ვერტმფრენების, თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების, აგრეთვე ტანკებში, ფოლადისა და რკინაბეტონის ნაგებობებში მყოფი ცოცხალი ძალის დასაზიანებლად.

ქიმიური დაზიანება

ქიმიურ დაზიანებას იწვევს ქიმიური იარაღის გამოყენება ცოცხალი ძალის განადგურების (ჩახშობის) და საბრძოლო ტექნიკის, საინჟინრო ნაგებობების, მატერიალური საშუალებებისა და ადგილმდებარეობის დასნებოვნების მიზნით.

ქიმიური იარაღის ახალ თაობას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ადამიანსა და ტექნიკაზე ფსიქოტროპული და ქიმიურად აქტიური საშუალებების გამოყენებით, სპეციალური ბომბების, ჭურვების, რაკეტების, ფუგასებისა და სხვათა მეშვეობით აეროზოლური ღრუბლების შექმნის გზით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები