დათვობია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:50, 24 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დათვობია − თამაში, მოზრდილებიცა და ბავშვებიც თამაშობდნენ.

დათვობიას თამაშის დროს მეფეს - მთავარს ანდა მსაჯულს და დათვს ირჩევდნენ. სხვები თხები იყო. დათვი მეფის წინ წელში მოხრილი დგებოდა. მეფე დათვს განასკვული ყაბალახით სცემდა, გარშემო უვლიდა და ეუბნებოდა: „დათვო, გძინავს თუ გღვიძავს?”. ამაზე დათვი უპასუხებდა: „არც მძინავს, არც მღვიძავს”. ასეთი დიალოგი სამჯერ განმეორდებოდა. შემდეგ მსაჯული − მეფე ეკითხებოდა: „ცეცხლი გამოგიშალო?” „რაფერ გამომიშლი?” − ასე!.. და მეფე ფეხის გამოკვრით დათვს ცეცხლს გამოუშლიდა. მოთამაშენი მოშორებით დგებოდნენ და დათვის გამოქცევას ელოდნენ. ყველანი გასაქცევად მზად იყვნენ, რათა დათვს არ დაეჭირა. ამის შემდეგ დათვი მეფეს ეკითხებოდა − „ჩემი თხები სა წეიყვანე?”. „აქეთ გადავყარე” − პასუხობდა მეფე და ხელს გაიშვერდა, ადგილს თითით უჩვენებდა. „აქედან მივალ” − ამბობდა დათვი. „არა, იქით გადავყარე” − მეფე ხელს სხვა მხარეს გაიშვერდა. „მაშინ იქიდან მივალ” − ამბობდა დათვი. მესამეჯერ მეფე ეტყოდა: „ზოგი შევჭამე, ზოგი ტყეშია” და სცემდა, ყაბალახის ყურს ზურგზე დაჰკრავდა. დათვი გაიქცეოდა და დასაჭერად მოთამაშეებს − „თხებს” გამოეკიდებოდა. მეფე დათვს დასდევდა, რათა დაწეოდა და ყაბალახის გამონასკვული ყულფი დაეკრა. ასე მსაჯულებიც დათვს დასდევდნენ და რამდენჯერაც დაეწეოდნენ, იმდენჯერ განასკვნული ყაბალახით სცემდნენ. ბოლოს დათვი რომელიმე მოთამაშეს დაიჭერდა და შემდეგ იგი იქნებოდა დათვის როლში, მონაწილეებს თავიდან ირჩევდნენ და თამაშს განაახლებდნენ.



ლიტერატურა

ნოღაიდელი, 1969:143; 2015.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები