დედი მუცელში დაპატრონება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:54, 24 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დედი მუცელში დაპატრონება — ქალის დათავისების წეს-ჩვეულება. დაბადებამდე ნიშნობა.

საქართველოში წარსულში ქალის დათავისების არაერთი წესი იყო ცნობილი. აჭარის ტრადიციულ საზოგადოებაში ზოგიერთი ცოლ-ქმარი სასიძოსა და საპატარძლოს ჯერ კიდეც დაბადებამდე – „დედი მუცელში დეიპატრონებდა”. შვილის დაბადებამდე დაბევება ოჯახის უფროსებს, დედასა და მამას შეეძლოთ. მომავალ საპატარძლოს ზოგჯერ „ხოჩიჩში” ანდა აკვანში წინდავდნენ. სცოდნიათ აგრეთვე მცირეწლოვანთა დანიშვნაც. ამ გზით დაწინდულ ქალს ხშირად ნიშანსაც „უბამდნენ”, თუმცა გადამწყვეტი იყო პირობის აღება. გავრცელებული იყო ქალ-ვაჟის დანიშვნა აკვნების მიდგმით. აკვანში და აკვნების ერთმანეთზე მიდგმით ნიშნობა წესად ყოფილა არამარტო აჭარაში, არამედ ლაზთა, სამცხელთა, მეგრელთა, გურულთა, სვანთა, მოხევეთა და მთიულთა ყოფაშიც.

ქალის დათავისებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაპირებას ეკავა. აჭარაში დამოწმებული ჩვეულებით, დაპირებული ქალის სათხოვნელად შუამავალს სხვა ვერ გაგზავნიდა. ქალზე პირველად ხელის დამდებს, წესით, უფლება ჰქონდა ეთქვა – „პილლაჲ დავაპირე, ჩემიაო”.

აჭარისა და ჭოროხის ხეობის სხვა ქართულ თემებშიც ქალის დაპატრონება თუ დათავისება თავსაბურავის მოხდითაც ხდებოდა. ხე- ლის შეხებით ქალის დათავისება ლაზებსაც სცოდნიათ. სვანებში ვაჟს უფლება ჰქონდა, შეკრებილობაში საცეკვაოდ მისი მოწონებული დაჩოქებით ანდა მხარზე ხელის დაკვრით გამოეწვია. მეგრელთა შორის ქალის დათავისების წესებიდან გამოვლენილია ქალის მშობლე- ბისადმი მდაბლად თავის დაკვრა ანდა სადმე წვეულებაში მოწონებულზე ქუდის სროლა. აჭარაში ქალის დათავისების წესიდან მომდინარეობდა „სანიშანლოდ დაპაიჟნილი” სასიძოს მიერ სიმამრის დერეფანზე თოფის გასროლის ჩვეულება. ქართველ მთიელებში ქალის დათავისების წესებიდან დამოწმებულია, აგრეთვე, ბანზე დაკივლება, კარზე ჯოხის მიყუდება, სამყოფში კენჭის ანდა ტყვიის შეგდება და თოფის გასროლა.

ლიტერატურა

მგელაძე, 1968:17-18; 1996: ბექაია, 1974:40.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები