დიდი გუთანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი გუთანი

დიდი გუთანი - მიწის სახვნელი იარაღი. იგი რამდენიმე სახელით არის ცნობილი:

  • ქართული გუთანი,
  • დიდი გუთანი,
  • დიდი ქართული გუთანი,
  • ხის გუთანი,
  • შავი გუთანი,
  • პაპას გუთანი.

ყველა ეს სახეობა მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ან მათ კონტრუქციაში მდგომარეობს, ან მასალაში, რომლითაც გუთნებია დამზადებული. მუშაობის პრინციპი კი ყველა მათგანისათვის ერთია.

დიდი ქართული გუთნის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია: „რვილი“ (მოხრილი გრძელი ძელი, რომელზედაც მიმაგრებულია სახნისი, საკვეთელი, ფრთა და სხვა ნაწილები გუთნისა, ზომით დაახლოებით 320-340 სმ.), „მანჭები“ (სახელურები), „ფრთა“ (ბელტების გადასაბრუნებელი ფიცარი), „ხმალა“ (აერთებს რვილსა და გუთნის სხვა ნაწილებს ერთმანეთთან, რითაც გუთანს სიმტკიცეს სძენს), „ქუსლი“ (ხის ნაწილი, რომელზედაც სახნისი იყო წამოცმული), რკინის „სახნის-საკვეთელი“, „ფამფალაკი“ (ღერძი, რომლის ბოლოებში გაყრილია სხვადასხვა ზომის გოგორები - „კვალის გოგორა“ და „ველის გოგორა“).

გუთნის ხის ნაწილები მაგარი ჯიშის ხისგან მზადდებოდა (მუხა, იფანი, თელა და სხვა).

დიდი ქართული გუთნისათვის ისევე, როგორც საერთოდ ქართული სახვნელებისათვის, დამახასიათებელი იყო მრუდე რვილი.

გუთნის ტიპის ევროპული სახვნელი იარაღები, რომლებიც გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში, ხასიათდებოდა პირდაპირი მხრით. რვალის სიმრუდე, რომელიც ქართულ სახვნელებს ახასიათებს, ერთხელ კიდევ ადასტურებს ქართული გუთნის თვითმყოფად ხასიათს. ფრთა და სხვადასხვა ზომის გოგორებიანი ფამფალაკი არის ის ნაწილები დიდი გუთნისა, რომლებიც მარტივ სახვნელ იარაღებს არ გააჩნიათ. დიდი ქართული გუთნის არსებობა დასტურდება XI-XII საუკუნეებში. იგი ღრმად ხნავდა (35 სმ. სიღრმეზე), ბელტს (50-60 სმ. ზომისას) ჭრიდა, აბრუნებდა და შლიდა. სწორედ ეს იყო მისი უპირატესობა სხვა სახის სახვნელ იარაღებთან შედარებით. XIX ს-ის II ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჩნდება ქართული გუთნის გაუმჯობესებული სახეობანი. ასეთებია ე.წ. მუხრანული გუთანი და კაკაბური გუთანი. დიდი ქართული გუთანი დაკავშირებული იყო მიწათმოქმედების საანეულო სისტემასთან. იგი საყოველთაოდ იყო გავრცელებული ქართლ-კახეთის ბარში, ნაწილობრივ ქართლის მთის წინა ზოლში. მესხეთში დიდი გუთანი მხოლოდ ყამირის მოსახნავად გამოიყენებოდა. იშვიათად გამოიყენებოდა ზემო იმერეთის ვაკე ადგილებში მემამულურ მეურნეობებში.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ხის გუთნები ნიადაგის თავისებურების მიხედვით ზომით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მაგალითად, გარეკახეთსა და ივრის ხეობაში უფრო დიდი ზომის გუთნები იყო ხმარებაში, ვიდრე ქართლში, შიდა კახეთსა და ქიზიყში. ქართლის მთის წინა ზოლში ქართლის ბართან შედარებით უფრო პატარა ზომის გუთნები იყო.

გამართული ხის გუთანი საკმაოდ ძვირად ღირებულ სახვნელ იარაღს წარმოადგენდა. შედარებით იაფი ჯდებოდა გუთნის ხის ნაწილი, რომელსაც ხშირად გლეხები თვითონ თლიდნენ. თითქმის ყველა სოფელში იყვნენ ამ საქმის მცოდნე გლეხები. შედარებით დიდ სოფლებში იყვნენ ისეთი ხელოსნებიც, რომელთათვისაც ეს ხელობა ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა. ისინი, ჩვეულებრივ, რამოდენიმე სოფელს ემსახურებოდნენ.

შედარებით ძვირი ჯდებოდა გუთნის რკინის ნაწილები, სახნისისათვის საშუალოდ ერთი ფუთი რკინა იყო საჭირო, საკვეთლისათვის კი - ნახევარი.

გუთნის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა ჯამბარა - ტყავისაგან დაწნული ღვედი, რომლის საშუალებითაც გუთანი მიბმული იყო ფაფმფალაკზე. XIX ს-ის II ნახევარში ქართლ-კახეთის ზოგიერთ ნაწილში იგი რკინის ჯაჭვმა შეცვალა.

გუთანში გამწევი ძალის შესაბმელად გამოიყენებოდა უღელი ტაბიკებითა და აპეურებით.

ჯამბარა-ღვედის საშუალებით უღლები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. თითო ღვედი 3-4 უღელს აკავშირებდა. ღვედის დასაწვნელად საჭირო იყო 2 კამეჩის, ან 3 ხარის ტყავი. ღვედების ოსტატებად ხევსურები ითვლებოდნენ. ქართლში ადგილობრივადაც ამზადებდნენ ღვედებს. გადმოცემით, ღვედი 25-30 წელი ძლებდა.

ღვედები ძირითადად ქართლისათვის იყო დამახასიათებელი. კახეთში ზოგჯერ ღვედების ნაცვლად იყენებდნენ საყევარ-უღლებსა (საყევარი-ძელი, რომელიც 2 უღელს აერთებდა) და ჯაჭვებს.

როგორც ჩანს, გამართული ხის გუთანი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ალბათ ამიტომ საბუთებში სასოფლო–სამეურნეო ინვენტარის მოხსენიების დროს გლეხის ოჯახში სახვნელი იარაღების ნაწილებზეა ხოლმე უმეტესად ლაპარაკი და არა გამართულ სახვნელ იარაღზე - გუთანზე. გლეხთა შორის მხოლოდ შეძლებულებს გააჩნდათ საკუთარი, ყოველმხრივ გამართული გუთანი. ქართლ-კახეთის სოფლებში გამართული გუთანი საშუალოდ კომლების 10-12% ჰქონდა.

დიდ გუთანში აბამდნენ 6-12 უღელ გამწევ ძალას. გამართული გუთანი და მუშა საქონელი შეადგენდა გუთნეულს. დიდი გუთნის მუშაობას სჭირდებოდა გუთნისდედა და 3-6 მეხრე.

ისეთი ოჯახები, რომლებსაც ჰქონდათ გამართული გუთანი და ჰყავდათ გამწვი ძალისა და მუშახელის საჭირო რაოდენობა, ძლიერ მცირე იყო. ამდენად, საგლეხო კომლთა უმნიშვნელო ნაწილს შეეძლო მიწის მოხვნა საკუთარი ძალებით. ეს უმთავრესად დიდი, გაუყრელი ოჯახები იყო, რომლებიც XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისისათვის სპორადულად იყო შემორჩენილი. ამიტომ პატარა ოჯახები, როგორც წესი, ხვნის დროს მიმართავდნენ შრომით გაერთიანებას დიდი გუთნის გარშემო (მოდგამი).

ხვნასთან დაკავშირებული იყო გარკვეული რწმენა-წარმოდგენები და ადათ-ჩვეულებები. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს.

ქართლ-კახეთის ბარში ანეულის წინ იმართებოდა „სასოფლო საღმრთო“//„გუთნის საღმრთო“. ქართლის ზოგიერთ სოფელში ამას ამაღლებას უკავშირებდნენ.

ხვნის დაწყების პირველ დღეს გარკვეული წესები სრულდებოდა, რომელთა დიდი ნაწილი მაგიური ხასიათისა იყო. პირველად რომ „გაიტანდნენ გუთანს“ მინდორში, ხვნის დაწყებამდე გუთნისდედას წინა ხარისათვის კვერცხი უნდა დაეკრა თავში სიტყვებით: „ასე გასკდეს იმისი თვალი, ვინც შენ ავი თავლით შემოგხედოს“-ო. ეს წესი ყველგან დასტურდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. მესხეთში ამ დღეს სახნისზე სანთელს დაანთებდნენ, საკმეველს დააკმევდნენ. მერე მეხრე აიღებდა კვერხცს, სამჯერ შემოუვლიდა გარს შებმულ გუთანს, მესამედ შემოვლისას ესროდა კვერცხს წინა ხარს სიტყვებით: „რომელმაც ავი თვალით შემოგხედოს, ასე გამოუვარდეს თვალი“-ო.

დიდ ხუთშაბათს გუთნისდედას ღამით უმძრახს ტყემლის ტოტი უნდა მოეჭრა და ტაბიკად ჩაერჭო უღელში, რომ „საქონელს თვალი არ სცემოდა“. ამავე მიზნით ხვნის პირველ დღეს ხარს კუდზე წითელ ძაფსა და ტყემლის ყლორტს აბამდნენ. პირველად გუთანს რომ შეაბამდნენ, იმ დღეს მეზობელს არაფერს მისცემდნენ, არც ათხოვებდნენ. ქართლის ზოგიერთ სოფელში ხვნის პირველ დღეს წინა უღლის შუაში პატარა ბაირაღი კეთდებოდა, აუცილებლად წითელი. ზოგჯერ ამ დღეს წინა ხარებს ზარებს აბამდნენ, ხარს თავზე, რქაზე „ფუნჯებისაგან“ (ბალახია ერთგვარი) დაწნულ გვირგვინს ჩამოაცვამდნენ. ყველა გუთნეული ცდილობდა, სხვაზე უკეთესად გამოსულიყო. ამ შეჯიბრს „განგაშს“ ეძახდნენ.

ხვნა რომ დამთავრდებოდა, იმ დღეს წინა უღელს ბაირაღს გაუკეთებდნენ და სოფელში ისე ბრუნდებოდნენ.

ლიტერატურა

Г. С. Читая, Земледельческие системы и пахотные орудия Грузий. Вопросы этнографии Кавказа, 1952г გ.ჩიტაია, ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა, მიმომხილველი, 1949. ტ. I. გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960. თ. გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები