დივიზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დივიზია (ლათინურად division - დაყოფა) – ძირითადი ტაქტიკური შენაერთი მრავალი სახელმწიფოს სხვადასხვა სახეობების შეიარაღებულ ძალებში.

შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების (ძალების) გვარეობებისადმი კუთვნილების, დანიშნულების, ორგანიზაციის და შეიარაღების მიხედვით, შეიარაღებული ძალების მშენებლობის ისტორიაში ცნობილია: ქვეითი, მსროლელთა, მოტომსროლელთა, მოტორიზებული, მექანიზებული, საკავალერიო, სატანკო (ჯავშანსატანკო), საარტილერიო, საავიაციო, საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-მოიერიშე, აერომობილური, საჰაერო თავდაცვის, საზღვაო ქვეითი ჯარისა და სხვა დივიზიები.

განკუთვნილია ბრძოლის (საერთო-საჯარისო, საჰაერო, საზღვაო) წარმოებისთვის უფრო დიდი ფორმირებების (არმია, კორპუსი, ესკადრა და სხვა) შემადგენლობაში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - დამოუკიდებლადაც.

ჩვეულებრივ, შედგება პოლკების ან ბრიგადებისგან, ცალკეული ბატალიონებისგან (დივიზიების), უზრუნველყოფისა და მომსახურების ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან.

პირველად დივიზიები გაჩნდა ზოგი სახელმწიფოს იალქნიან ფლოტებში XVII საუკუნეში, როგორც ხომალდების ესკადრის მნიშვნელოვანი ნაწილი. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში დივიზიები გაჩნდა საფრანგეთის, შემდეგ ავსტრიის, პრუსიის არმიებში, ხოლო XIX საუკუნეში დივიზიამ მყარად მოიკიდა ფეხი მრავალ ქვეყანაში.

დივიზიის ახალი ტიპების შექმნას განაპირობებდა შეიარაღებული ძალების ახალი სახეობების, ჯარების (ძალების) გვარეობების გაჩენა, სამხედრო ტექნიკის განვითარება.

სარჩევი

სარაკეტო დივიზია

სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ძირითადი შენაერთია სარაკეტო დივიზია პირველი სარაკეტო დივიზია 60-იანი წლების დამდეგს ჩამოყალიბდა.

ქვეითი დივიზია

სახმელეთო ჯარებში დივიზია არის ძირითადი საერთო-საჯარისო შენაერთი. II მსოფლიო ომამდე ძირითადი ტიპი იყო ქვეითი დივიზია, რომელიც თანამედროვე არმიებში დღესაც არის. მაგალითად აშშ-ში, გფრ-ში, საფრანგეთში, თურქეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. აშშ-ში ქვეითი დივიზია შედგება ბრიგადების 3 შტაბისაგან, 8 ქვეითი, 1 მოტოქვეითი და 1 სატანკო ბატალიონისგან, დივიზიის არტილერიის (155 მმ და 203,2 მმ ჰაუბიცების დივიზიონისგან და 105 მმ ჰაუბიცების 3 დივიზიონისაგან), საზენიტო დივიზიონის, სადაზვერვო აერომობილური, დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო, არმიის ავიაციის ბატალიონებისგან.

მოტოქვეით დივიზია

საავტომობილო და ჯავშანსატანკო ტექნიკით ჯარების შევსების შემდეგ ქვეითი დივიზიები გარდაიქმნა მოტოქვეით, მოტორიზებულ, მექანიზებულ, მოტომსროლელ და ა.შ. დივიზიებად, რომლებიც არის სხვადასხვა სახელმწიფოს არმიებში. მაგალითად, გერმანიაში მოტოქვეით დივიზიაში შედის 2 მოტოქვეითი და 1 სატანკო ბრიგადა, საარტილერიო პოლკი, პოლკის საზენიტო არტილერია, საარმიო ავიაციის ესკადრილია, სადაზვერვო, მესანგრეთა, კავშირგაბმულობის ბატალიონები და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები.

მექანიზებული დივიზია

მექანიზებული დივიზიის ნიმუშია აშშ-ის დივიზია, რომელშიც შედის ბრიგადების 3 შტაბი, 5 მოტოქვეითი და 5 სატანკო ბატალიონი, დივიზიის არტილერია (155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების სამი დივიზიონი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ბატარეა), საზენიტო დივიზიონი, არმიის საავიაციო ბრიგადა, დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო და სხვა ბატალიონები.

მექანიზებული დივიზიები იყო ყოფილი სსრ კავშირის სახმელეთო ჯარებში 1945-46 წლიდან 1963 წლამდე, ხოლო შემდეგ ისინი მოტომსროლელ დივიზიებად გარდაიქმნა.

სატანკო დივიზია

სატანკო დ. (გერმანია, იაპონია, რუსეთი, ჩინეთი და სხვა) და ჯავშანსატანკო დივიზია (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვა) საერთო საჯარისო შენაერთებს წარმოადგენენ.

მნიშვნელოვანი საცეცხლე ძლიერება და მანევრულობა ახასიათებს გერმანიის სატანკო დივიზიას. იგი შედგება 2 სატანკო და 1 მოტოქვეითი ბრიგადებისგან, საარტილერიო, საზენიტო-საარტილერიო პოლკებისგან, არმიის საავიაციო ესკადრილიისგან, უზრუნველყოფის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან.

ანალოგიურია მოტოქვეითი დივიზიაც.

აშშ-ში ჯავშანსატანკო დივიზია შედგება ბრიგადების 3 შტაბისგან, 6 სატანკო და 4 მოტოქვეითი ბატალიონისგან, საარტილერიო დივიზიონებისგან და სხვა ნაწილებისა და ქვედანაყოფებისაგან, რომლებიც მექანიზებული დივიზიის ანალოგიურია.

რუსეთში სატანკო დივიზია შეიცავს 3 სატანკო, აგრეთვე მოტომსროლელ, თვითმავალი არტილერიის და საზენიტო-სარაკეტო პოლკებს, უზრუნველყოფის ნაწილებს და ქვედანაყოფებს.

საჰაერო-სადესანტო დივიზია

საჰაერო-სადესანტო დივიზია არსებობს მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს არმიებში. მაგალითად, აშშ-ში დივიზიის შემადგენლობაშია: 9 საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონი, 105-მმ ჰაუბიცების 3 დივიზიონი, საზენიტო დივიზიონი, ავიაციის ბრიგადა და სხვა ნაწილები (ქვედანაყოფები).


აერომობილური დივიზია

აშშ-ის საჰაერო-მოიერიშე დივიზია (1975 წლამდე - აერომობილური დივიზია) მოიცავს 9 ქვეით აერომობილურ ბატალიონს, სხვა ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, რომლებიც საჰაერო-სადესანტო დივიზიის ანალოგიურია.

1985 წელს საფრანგეთში ჩამოყალიბდა აერომობილური დივიზია, რომელიც განკუთვნილია საერთო-საჯარისო ქვედანაყოფების მხარდაჭერისთვის, ტანკებთან და ვერტმფრენებთან ბრძოლისათვის. შედგება საარმიო ავიაციის 3 ბატალიონისა და 1 მოტოქვეითი აერომობილური ბატალიონისაგან.

საარტილერიო დივიზია

საარტილერიო დივიზია (გარღვევის) ზარბაზნების, ნაღმსატყორცნებისა ყოფილ სსრ კავშირში ჩამოყალიბდა II მსოფლიო ომის წლებში. გარღვევის საარტილერიო დივიზიაში იყო 6-7 საარტილერიო ბრიგადა, საზარბაზნე საარტილერიო დივიზიაში არის 3-4 ბრიგადა. 1943 წლიდან დივიზიები საარტილერიო კორპუსებად გარდაიქმნა.

მთელი რიგი სახელმწიფოების საჰაერო თავდაცვის ჯარებში, სამხედრო-საჰაერო ძალებში შედის საჰაერო ჯარების ერთი ან რამდენიმე გვარეობის, სპეციალური ჯარების ნაწილები.

საავიაციო დივიზია

ძირითადი ტაქტიკური შენაერთია საჰაერო თავდაცვის დივიზია, რომელიც მოიცავს საზენიტო-სარაკეტო ბრიგადებს (პოლკებს, დივიზიონებს), გამანადგურებელ საავიაციო პოლკებს, რადიოტექნიკურ ბრიგადებს, რადიო-ელექტრონული ბრძოლის, კავშირგაბმულობის, ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილებს.

ბევრი სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალებში საავიაციო დივიზიები გაჩნდა 30-იან წლებში. ისინი განკუთვნილი იყო ტაქტიკური და ოპერატიული ამოცანების შესრულებისათვის, რაც დამოკიდებული იყო ავიაციის გვარეობაზე, რომელსაც ეკუთვნოდნენ.

ცნობილია საავიაციო დივიზიის შემდეგი ძირითადი ტიპები: ბომბდამშენი, მძიმე ბომბდამშენი, გამანადგურებელ-ბომბდამშენი, გამანადგურებელი, მოიერიშე, შერეული, სამხედრო-სატრანსპორტო და სხვა.

საავიაციო დივიზიის ჩვეულებრივი შემადგენლობაა ავიაციის ერთი ან რამდენიმე (შერეულ საავიაციო დივიზიებში) გვარეობის რამდენიმე საავიაციო პოლკი (ფრთა, ესკადრილია). მაგალითად, გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებში არის საავიაციო მხარდაჭერის დივიზია და საჰაერო თავდაცვის დივიზია.

საავიაციო მხარდაჭერის დივიზია შეიცავს 4-5 გამანადგურებელ-ბომბდამშენ ესკადრას, საჰაერო თავდაცვის საავიაციო დივიზია - გამანადგურებელ საავიაციო ესკადრას, საზენიტო მართული რაკეტების 1-2 პოლკს და რადიოსალოკაციო უზრუნველყოფის 2 პოლკს.

აშშ-ში სამხედრო-საჰაერო ძალებში საავიაციო დივიზიას არ აქვს ერთიანი ორგანიზაცია, მისი საბრძოლო შემადგენლობა განისაზღვრება დანიშნულებით.

ხომალდების დივიზია

მთელი რიგი სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო ძალებში (სამხედრო საზღვაო ფლოტში) არის ხომალდების საზღვაო ავიაციისა და საზღვაო ქვეითი ჯარის დივიზიები. ხომალდების დივიზიებში შეიძლება შედიოდეს პირველი რანგის რამდენიმე ხომალდი ან სხვა რანგის ხომალდების რამდენიმე ბრიგადა და დივიზიონი. იყოფა წყალზედა ხომალდების დივიზიად და წყალქვეშა ნავების დივიზიად.

წყალზედა ხომალდების დივიზიებს განასხვავებენ შემადგენლობისა და დანიშნულების მიხედვით (სარაკეტო, ნავსაწინააღმდეგო ხომალდების, წყლის რაიონის დაცვის, კატარღების).

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში 1974 წლამდე იყო ავიამზიდების დივიზია უცხოეთის თანამედროვე ფლოტები სადივიზიო ორგანიზაციას არ იყენებენ. ისინი შედგებიან ფლოტილიებისგან, ესკადრებისა და დივიზიონებისაგან.

წყალქვეშა ნავების დივიზიაში შეიძლება, შედიოდეს სხვადასხვა კლასის, ტიპისა და დანიშნულების წყალქვეშა ნავები. არის მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავების, ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი სარაკეტო წყალქვეშა ნავების, სარაკეტო-სატორპედო წყალქვეშა ნავებისა და სხვა დივიზიები.

საზღვაო ავიაციის დივიზია

საზღვაო ავიაციის დივიზია შეიძლება იყოს რაკეტმზიდი, ნავსაწინააღმდეგო, მოიერიშე და გამანადგურებელი.

გერმანიაში საზღვაო ავიაციის დივიზია შეიცავს 4 ესკადრას: გამანადგურებელ-ბომბდამშენს, შერეულს, საპატრულო და დამხმარე ესკადრებს.

აშშ-ში არის საზღვაო ქვეითი ჯარის 4 დივიზია თითოეული მათგანში არის საზღვაო ქვეითი ჯარის 3 პოლკი, საარტილერიო პოლკის და ბატალიონები: მსუბუქი მოტოქვეითი, სატანკო, სადაზვერვო, საინჟინრო და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები