დიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიკა – Triticum carthlicum Nevski. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი
თეთრთავთავიანი დიკა – Triticum carthlicum var. stramineum Zhuk. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი
შავთავთავიანი დიკა – Triticum carthlicum var. fuliginosum Zhuk.

დიკა - (Triticum carthlicum Nevski). ხორბალი დიკა ქართველი ხალხის ხანგრძლივი სამიწათმოქმედო კულტურის პროდუქტია. მისი ისტორია ასახულია ქართულ ლექსიკაშიც. სულხან-საბა ორბელიანის (1884) და რაფ. ერისთავის (1884) ლექსიკონებში „დიკა“ განმარტებულია, როგორც გაზაფხულზე ნათესი ხორბალი. ი. გიულდენშტედტის (XVIII ს.) მიხედვითაც, „დიკა“ გაზაფხულის ფხიანი ხორბალია (გიულდენშტედტი, 1962). დიკა მოხსენიებულია V ს.-ის ისტორიულ დოკუმენტებში (Арошидзе, 1956). უძველეს წერილობით წყაროებში, დაბადების ნათარგმნ და ორიგინალურ ძეგლებში, იფქლის გარდა, სახელწოდება „დიკაც“ გვხვდება (დაბადება, ბიბლია, ნაწ. I-II, 1884).


ლ. დეკაპრელევიჩი (1938) XII-XIII საუკუნეებში საქართველოში გავრცელებულ მინდვრის კულტურებს შორის დიკასაც ასახელებს.


„დიკა“ მოხსენიებულია გიორგი მთაწმინდელის (X-XI სს.) ერთ-ერთ თხზულებაში (ჯავახიშვილი, 1930). ქართველი ხალხის აგროკულტურაში წარმოშობილი ეს უძველესი პურეული კულტურა ნ. ვავილოვმა 1923 წ. მოიხსენია T. persicum (Percival) Vavilov-is სახელით. სახელწოდება „persicum“ (სპარსული) ნ. ვავილოვმა ამ ხორბალს უწოდა მარცვლის (თესლის) გამგზავნი ფირმის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, რომელმაც გადაუგზავნა მას ხორბალი წარწერით: „დიკა - Persischer Weizen, სპარსული ხორბალი“ (Менабде, 1948). აღსანიშნავია, რომ ხორბლის ეს სახეობა სპარსეთში (ირანი) გავრცელებული არ ყოფილა.


1921 წ. პ. ჟუკოვსკიმ (Жуковский, 1923) აღმოაჩინა დიკას ვრცელი ნათესი აღმოსავლეთ საქართველოში. ს. ნევსკიმ (1934 წ.) დიკას, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს ენდემურ სახეობას, T. carthlicum Nevski უწოდა (Невский, 1934). ლ. დეკაპრელევიჩმა და ვლ. მენაბდემ დიკა აბორიგენულ კულტურად მიიჩნიეს; 1948 წ. ვლ. მენაბდემ აღწერა ეს მცენარე და მას T. ibericum Menabde უწოდა. ამჟამად ბოტანიკურ ლიტერატურაში იგი T. carthlicum-ის სინონიმადაა მიიჩნეული (McNeill et al. 2012: ICN ArT. 53).


დიკა საქართველოს ენდემური სახეობაა. ნ. კეცხოველის განმარტებით (1957), დიკა საქართველოში წარმოშობილი და ჩამოყალიბებული ერთ-ერთი უძველესი ხორბალია.


საქართველოში დიკას ნათესები დამოწმებულია მის უდიდეს ნაწილში: გორი, დუშეთი, თიანეთი, მანგლისი, წალკა, დმანისი, ბორჯომ-ბაკურიანი, ერწო-მთიანეთი, ფშავი, ჯავახეთი, მესხეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი და სხვ. (Декапрелевич, 1941; Менабде, 1948; ბერიაშვილი, 1973; ნასყიდაშვილი და სხვ., 2013).


გ. ჯალაბაძის (1967) ცნობით, თუშეთში (სურ. 34) - დიკლოში, შენაქოსა და ომალოში დიდი რაოდენობით ითესებოდა იფქლი. სახელწოდება „იფქლში“ თუშეთში წითელი დიკა და თეთრი თავთუხი იგულისხმებოდა. „...იმ პურს, რომელიც დიკლოში მოჰყავდათ , „იფქლს“ ეძახდნენ, ეს იფქლი ისეთი წითელი იყო, როგორც ცხვირიდან გამონადენი სისხლი“. ეს ზაფხულის პურია, იქ მთაში გაზაფხულობით ითესება, თუმცა თუშური საგაზაფხულო იფქლი ქვემო ალვანში შემოდგომითაც დაუთესიათ (ჯალაბაძე, 1967).


„შუა გაზაფხულში, დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებიდან, თუშეთის გლეხობა მინდვრის სამუშაოზე გადის, ამასთანავე შეუდგებიან თესლის გარჩევას სარეველებისაგან. თესლს არჩევენ რიჭით ან ცხავით. მიწას ხნავენ ხის „სახნუელით“, რომელშიც ერთეული ხარია შებმული. დიკას (იგივე „იფქლი“) მოხნულ მიწაზე თესავენ დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში. პურეულის შემოსვლა თუშეთში ამინდზეა დამოკიდებული. ცივ ზაფხულში ნათესი გვიან მწიფდება, თბილში კი სექტემბრის პირველ რიცხვებში. ამ დროს იწყებენ ყანის მკას. მკიან ნამგლით, რომელსაც თუშები „ცელს“ უწოდებენ. თუ ყანა დაბალია, მაშინ ხელით გლეჯენ. ერთი ნამგლის მოსმა ერთი „მჯიღია“. ძნა შედგება 3-4 მჯიღისაგან. ძნებს ერთად აქუჩებენ და „სერკვს“ აყენებენ. სერკვს ზურგით, ვირით, მარხილით ბოსლებში ეზიდებიან და აქ კალოზე ზვინებად დგამენ. ძნებს ლეწავენ კალოზე. გალეწილ პურს „რიჭით“ ანიავებენ და გაცხრილავენ. „ნაკუდს“ (ნაბოლარს) გადაარჩევენ და საარყედ ინახავენ. გალეწილ მარცვალს ჰყრიან გოდორში, კოდსა და კიდობანში. ჭირნახულის გაცემა კალოდან შეუძლებელია, ხოლო როცა გოდორში ჩაყრიან, გიორგობამდე არ გაიცემა. საზამთროდ შეუდგებიან დაფქვას. ფშავში ითესებოდა თეთრი და შავფხიანი დიკა, კარისპირის მიწებსა და დაბლობებზე (მაკალათია, 1934, 1983)“.


მესხეთ-ჯავახეთში ხორბლეულიდან ითესებოდა დიკა (წითელი პური). საყანე მიწას ხნავდნენ შემოდგომაზე. მიწის მოხვნის დროს სრულდებოდა სხვადასხვა რიტუალი. გლეხი, როდესაც სათესლეს ყანაში პირველად გაიტანდა, ჯერ დაიჩოქებდა დედამიწის ოთხივე მხარეზე და შემდეგ თესლს გადააპნევდა. დიასახლისი გამოაცხობდა სქელ პურს, რომ ყანა თხელი არ გამოვიდესო. თესვას რომ მორჩებოდნენ, გლეხი მუჭით აიღებდა ზედმეტ ხორბალს, ყანას გადააბნევდა და იტყოდა: „ეს ფრინველებს, ეს სტუმრებს, წამსვლელ-მომსვლელსაო, ღმერთო, შენ გებარებოდეს ეს ჭირნახულია“. წამოსვლისას გუთნის დედა „ჩეკით“ (გუთნის საფხეკი) ყანაზე 3 ადგილას ჯვარს გამოსახავდა და იტყოდა: „ღმერთო, შენ გებარებოდეს ეს ჭირნახული, სანამ ჩვენ ჩავიბარებთო“.


დამწიფებულ პურს ცელავდნენ, შემდეგ ფოცხავდნენ და აბულულებდნენ. „ბულულებს“ აგებდნენ სახლის „ფორმაზე, რომელსაც „დაძირვა“ ეწოდებოდა. მკას რომ მორჩებოდნენ, პურის ორმოში ქვას ჩააგდებდნენ, „პური იყოს ბარაქიანი და ხვავიანიო“; ერთ-ერთი პურის მომკელთაგანი აიღებდა პურის თავთავებს, შეკრავდა ჯვარს და ოჯახში მიიტანდა. დიასახლისი ვალდებული იყო, მისთვის ქათამი დაეკლა და კარგად გამასპინძლებოდა. ამ თავთავებს დიასახლისი ჩაყრიდა ბეღელში ან ორმოში, სადაც შემდეგ ჩაიყრებოდა ახალი პური. მკის დამთავრების შემდეგ დაიწყებდნენ გალეწვას კალოზე, ლეწავდნენ ხის კევრებით, გალეწილ პურს ანიავებდნენ და იქვე რწყავდნენ კოდობით (მაკალათია, 1938).


აღსანიშნავია, რომ ფერეიდნელ ქართველთა ყოფაში დამოწმებულია საქართველოდან წამოღებული ხორბლის საგაზაფხულო კულტურა, რომელსაც დღესაც შემორჩენია ქართული სახელი - „დიკა“ (ბრეგაძე, 1974).


ადრე დიკა მთიან რაიონებში უპირატესად ქერთან მინარევის სახით ითესებოდა. ასეთ ნათესს „ქერდიკას“ ან „ქერჭრელს“ უწოდებდნენ. დიკას ნათესში ძირითადად ფონს ქმნიდა: თეთრთავთავიანი დიკა - Triticum carthlicum var.stramineum Zhuk. წითელთავთავიანი დიკა - Triticum carthlicum var. rubiginosum Flaksb. და შავთავთავიანი დიკა - Triticum carthlicum var. fuliginosum Zhuk.


ქართველი გლეხი უხსოვარი დროიდან იცნობდა დიკას, როგორც გარემო პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნ, ადრემოსავლიან, ადვილად ლეწვად, ჩაწოლისა და ჩაცვენისადმი გამძლე ხორბალს. დიკას სამეურნეო ღირსებას წარმოადგენს მისი მძლავრი იმუნიტეტი სოკოვანი დაავადებების მიმართ. დიკას მარცვალი გამოირჩევა აგრეთვე ცილებისა და ლიზინის დიდი შემცველობით.


დიკა, როგორც მთის ხორბალი, კარგად ეგუება მთის მკაცრ პირობებს. მისი მნიშვნელოვანი თვისებაა პურცხობის კარგი უნარი.


ეს სახეობა, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა, საქართველოს მთიანეთში, ზღ. დ.-დან 1000-2000 მ სიმაღლის ფარგლებში; თუმცა, შესაძლოა, მისი ნათესი შეგვხვდეს 1000 მ-ზე დაბლაც და 2000 მ-ზე მაღლა - მიწათმოქმედებისათვის ზღვრულ, 2200-2300 მ სიმაღლეზეც (Менабде, 1948).



წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები