დიფერენციალური ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დიფერენციალური ფსიქოლოგია საქართველოში''' - - Differential Psychology in Georgia - ...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:05, 8 ნოემბერი 2019 მდგომარეობით

დიფერენციალური ფსიქოლოგია საქართველოში - - Differential Psychology in Georgia - Дифференциальная Психология в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)
(ლათ. differentia განსხვავება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში დიფერენციალური ფსიქოლოგია. ამ მიმართულებით კვლევა განწყობის ექსპერიმენტული შესწავლის საწყის ეტაპზევე დაიწყო, მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დიმიტრი უზნაძის ექსპერიმენტული მეთოდით პიროვნების თავისებურებათა შესწავლაცაა შესაძლებელი. გაირკვა, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ უმუშავდება ცდისპირს განწყობა, როგორია ილუზიის სიდიდე, როგორია მისი ჩაქრობის პროცესის დინამიკა, რამდენად გამძლეა დროში საგანწყობო ეფექტები და სხვა, შესაძლებელია გამოიყოს განწყობის ესა თუ ის ტიპი (მაგალითად, სტატიკური ან დინამიკური, პლასტიკური ან ტლანქი, კონსტანტური ან ვარიაბილური და სხვა). განწყობის ეს მახასიათებლები პიროვნების მახასითებლებზე მიგვანიშნებს. ამდენად, ფიქსირებული განწყობის მეთოდმა სერიოზული დიფერენციალურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც შეიძინა. განწყობის ამ ფორმალურ-დინამიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით პიროვნების ქარაქტეროლიგიურ თვისებებზე შეიძლება ლაპარაკი. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ, რომ განწყობა მართლაც მთლიანი სუბიექტის არსი და მისი გამოხატვის ფორმაა (ხასიათის ტიპოლოგია განწყობის თეორიაში).

უზნაძის მიერ დაწყებულმა პიროვნების განწყობისეულ თავისებურებათა შესწავლამ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში ფართო ხასიათი მიიღო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვლადიმერ ნორაკიძისა და მისი თანამშრომლების გამოკვლევები (ა. გრიგოლავა, ზ. ჯაფარიძე, ჰრიციუკი, რ. დ. ჰერცოგი და სხვა). სახელდობრ, აღმოჩნდა, რომ განწყობის ტიპსა და სხვა ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდებით მიღებულ მონაცემებს შორის მყარი კორელაციური კავშირია. მაგ., სოციალური ადაპტაციის თვალსაზრისით დადებითი ნიშნები (მეგობრულობა, ინტერპერსონალურობა, აფილიაცია და სხვა), რომლებიც თემატური აპერცეფციის მეთოდით ვლინდება, აღმოაჩნდათ პლასტიკურ-დინამიკური განწყობის მქონე ადამიანებს, ხოლო სოციალური ადაპტაციის მხრივ უარყოფითი ნიშნები − ეგოცენტრიზმი, აგრესიულობა, რიგიდულობა და სხვა − სტატიკური ან ლაბილური განწყობის ტიპებს. მნიშვნელოვანი კორელაციები დადასტურდა აგრეთვე რორშარხის ტესტისა და ფიქსირებული განწყობის მეთოდის მონაცემთა ურთიერთშედარებისას. ამდენად, ფიქსირებული განწყობის მეთოდმა სერიოზული- ფსიქოდიაგნოსტიკური ტექნიკის სახე მიიღო, რომელიც პიროვნების ხასიათობრივ თავისებურებათა გამოვლენის საშუალებას იძლევა.

ფიქსირებული განწყობის მეთოდის მაღალ ფსიქოდიაგნოსტიკურ პოტენციალზე მიუთითებს გამოკვლევათა ციკლი, რომელიც უზნაძის, ხოლო შემდგომა იოსებ ბჟალავას ხელმძღვანელობით ჩატარდა ფსიქოპათოლოგიის სფეროში. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ავადმყოფური ფსიქიკის შემთხვევაში განწყობის შექმნის, მოქმედების და შეცვლის პროცესები თავისებურ ხასიათს იღებს (განწყობის ფსიქოპათოლოგია).


[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები