ეგრისის დიდი ომი 542-562

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგრისის სამეფოს რუკა

ეგრისის დიდი ომი 542-562 - ბრძოლა ბიზანტიის იმპერიასა და ირანს შორის ეგრისში ბატონობისათვის.

541 წელს ეგრისის მეფე გუბაზ II-მ ისარგებლა ირანსა და ბიზანტიას შორის 540 წელს ახალი ომის დაწყებით, ბიზანტიელებს აუჯანყდა და დახმარებისათვის ირანს მიმართა. 542 წელს ირანის მეფე ხოსრო I ანუშირვანი დიდი ჯარით შევიდა ეგრისში, გუბაზის დახმარებით აიღო ბიზანტიელთა მთავარი საყრდენი პუნქტი პეტრა (ახლანდ. ციხისძირი) და შიგ თავისი გარნიზონი ჩააყენა. ეგრისი ირანის პოლიტიკური გავლენის სფეროში მოექცა.

548 წელს ირანელთა ბატონობით შეწუხებული ეგრისელები კვლავ ბიზანტიელთა მხარეზე გადავიდნენ და იმპერატორს სპარსელთა წინააღმდეგ დახმარება სთხოვეს. იუსტინიანე I-მა ეგრისში ლაშქარი გამოგზავნა. ბიზანტიელთა და ეგრისელთა გაერთიანებულმა ძალებმა სპარსელები დაამარცხეს და ქვეყნიდან განდევნეს.

მდგომარეობის გამოსასწორებლად ეგრისში ირანის ახალი ჯარი შევიდა. სპარსელებმა მოახერხეს ქუთაისისა და მის მახლობლად მდებარე უქიმერიონის ციხეებში გამაგრება, 553 წელს კი მოულოდნელი თავდასხმით აიღეს ტელეფისის ციხე (ახლანდ. ტოლები). ამ მარცხს გუბაზი ბიზანტიელთა სარდლობას აბრალებდა. ამით უკმაყოფილო ბიზანტიელმა მეთაურებმა 554 წელს გუბაზ II ვერაგულად მოკლეს. აღშფოთებულმა ეგრისელებმა ირანელებთან ბრძოლას თავი დაანებეს. მოკავშირეთა გარეშე დარჩენილმა ბიზანტიელთა 50-ათასიანმა არმიამ სპარსელებისაგან მწარე დამარცხება იგემა.

555 წელს ეგრისის დიდებულებმა ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხის გადასაწყვეტად სახალხო კრება მოიწვიეს. კრების მონაწილეთა ერთი ნაწილი აიეტის მეთაურობით მოითხოვდა ბიზანტიასთან კავშირის გაწყვეტას და ირანის მხარეზე გადასვლას; მეორე - ფარტაზის ჯგუფი – ირანთან კავშირის მოწინააღმდეგე იყო. იგი საჭიროდ თვლიდა იმპერატორ იუსტინიანესათვის ეთხოვათ გუბაზის მკვლელების დასჯა და ეგრისის მეფედ გუბაზის უმცროსი ძმის, წათეს, დამტკიცება. გაიმარჯვა ფარტაზის აზრმა. იმპერატორმა დააკმაყოფილა ეგრისელთა მოთხოვნები: გუბაზის მკვლელები სიკვდილით დასაჯეს, ეგრისის მეფედ კი დაამტკიცა წათე II.

555 წელს ირანელებმა იერიში მიიტანეს ფაზისზე, მაგრამ დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. 562 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო 50-წლიანი ზავი, რომლის პირობებით ეგრისის სამეფო ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში დარჩა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები