ელბერტა (ატმის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელბერტა

ელბერტა - (Elberta) ამერიკული წარმოშობის ატმის ჯიშია, გამოყვანილია 1870–იან წლებში ჯორჯიის შტატში „Chinese Cling“–ის და „Early cravford“-ის შეჯვარებით. ამერიკაში ეს ჯიში ფართოდა არის გავრცელებული, იხმარება საკონსერვოდ და საჩირედ, იძლევა მაღალი ხარისხის ჩირს. კარგი გამოსავალი აქვს (7:1).

ელბერტას ყვავილი

უკვე ცნობილია ელბერტას რამდენიმე ვარიაცია, რომლებიც განსხვავდებიან სიმწიფის დროითა და სხვა ბიოლოგიური თვისებებით და მორფოლოგიური ნიშნებით.

საქართველოში ელბერტა შემოტანილი იყო დაახლოებით 1908–1910 წლებში, ძველ სანერგეების კატალოგებში (ავსარქისოვის, ფრიდონოვის და ხეთაგურის) შეტანილია ელბერტა.

ამჟამად გავრცელებულია სხვადასხვა რაიონში; მთავარ ნარგავებს ვხვდებით სოხუმის რაიონში (აფხაზეთი); ელბერტას ცალკე ხეები გვხვდება კასპის, თბილისისა და გორის რაიონებში.

ჩვენს პირობებში ელბერტას ნაყოფიდანაც მზადდება მაღალი ხარისხის კომპოტი.

ელბერტა საუკეთესო ჯიშია როგორც სუფრისთვის, ისე გადამუშავებისათვისაც (საკონსერვოდ და საჩირედ).

ჯიშს ახასიათებს ძლიერი ზრდა, კარგი მსხმოიარობა. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს 15–20 რიცხვიდან. კარგად იტანს ტრანსპორტს, დაკრეფილი შემოუსვლელი მწიფდება შენახვის დროს და არ ჰკარგავს გემოს. ხე ხასიათდება განიერი მობრტყო მრგვალი ვარჯით, არახშირი დატოტვით.

ფოთოლი განიერ–ლანცეტისებრია, მსხვილი, მოყვითაო მუქ–მწვანე ფერისა, ფოთლის ყუნწზე ორი მრგვალი ჯირკვლით.

ყვავილი მოკლეა, ბაცი წითელი ფერის გვირგვინის ფურცლებით. ხშირად ყვავილის გაშლამდე ბუტკო გამოჰყოფს დინგს გაუშლელი კოკრიდან.

ნაყოფი საშუალო ზომისაა ან მსხვილი (6,3X6X6 სმ). ერთი ნაყოფის საშუალო წონა 130 გრამს უდრის. ნაყოფი მომრგვალო– ოვალური ფორმისაა. ცერად წაჭრილი ფუძით, გვერდები სიმეტრიულად აქვს განვითარებული, ღარი ემჩნევა, მხოლოდ ღრმა არ არის, ყუნწის ღრუ განიერია და ღრმა.

ნაყოფის კანი მომწვანო–ყვითელია, მზის მხარეზე შეფერილია წითელ–ჟოლოსფრად, მუქი წითელი განიერი ზოლებით. ნაყოფის ხორცი ღია ყვითელი ფერისაა, კურკასთან ოდნავ მოწითალო. ნაყოფის ხორცი რბილია, სრულ სიმწიფეში წვნიანი, ტკბილი გემოსი, სასიამოვნო მჟავეობით, ცოტათი გადაჰკრავს სიმწარე, რომელიც ნაყოფს აძლევს თავისებურ სურნელებას. ნაყოფის ტექნიკური სიმწიფის დროს მისი ქიმიური შემადგენლობა შემდეგია: წყალი – 85%, მჟავეობა – 0,5%, ტანიდები – 0,054, ცელულოზი – 0,6, შაქარი – 9,19, პექტინი – 0,38. საპობი ჯიშია; კურკა მსხვილი აქვს, შეადგენს ნაყოფის წონის 6,47%–ს.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები