ერეკლე II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერეკლე II

ერეკლე II - პატარა კახი (1720–98), 1744 წლიდან კახეთის, 1762 წლიდან ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II -ის ძე, ბაგრატიონთა კახეთის შტოდან. სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი.

კახეთის ტახტზე ავიდა როგორც ირანის ვასალი, მაგრამ ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ ერეკლე II და მისი მამა – ქართლის მეფე თეიმურაზ II, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი მმართველები გახდნენ. ამის შემდეგ ამიერკავკასიაში დაწყებულ ხანგრძლივ ომებში ქართული ჯარი ერეკლე II-ის სარდლობით მეტწილად გამარჯვებული გამოდიოდა.

თეიმურაზ II -ის გარდაცვალების შემდეგ (1762) ერეკლე II-ის ხელში ქართლისა და კახეთის სამეფოები გაერთიანდა, რაც საქართველოს გაერთიანებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა ერევნისა და განჯის სახანოებზე, რომელთა მმართველები აღმოსავლეთ საქართველოს მეფის ვასალები და მოხარკეები იყვნენ.

საგარეო პოლიტიკაში ერეკლე II-მ საბოლოო არჩევანი რუსეთთან კავშირზე შეაჩერა, რომელთანაც გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა.

მისი საშინაო პოლიტიკა მიმართული იყო ქვეყნის საწარმოო ძალების განვითარებისკენ, პოლიტიკური ცენტრალიზაციისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდისაკენ. ცდილობდა ქვეყანაში ევროპული ყაიდის რეფორმების გატარებას. ამ მხრივ მეფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო მორიგე ჯარის შექმნა, რომელიც თავისი მაქსიმალური აღმავლობის ხანაში (1770-იან წლებში.) ნახევრადრეგულარულ ფორმირებას წარმოადგენდა.

ერეკლე II-ის პერიოდი ქართული ფეოდალური სამხედრო ხელოვნების განვითარების უმაღლესი საფეხურია. როგორც ტაქტიკოსს, მეფეს ახასიათებდა ინიციატივის ხელში ჩაგდების მიზნით სწრაფი მარშების მოწყობა და მტრისთვის მოულოდნელი დარტყმების მიყენება. მისი მხედართმთავრული ოსტატობა გამოიკვეთა აგრეთვე ჯარების სახეობათა როლის სწორ შეფასებასა და ბრძოლის დროს მათი ურთიერთქმედების ორგანიზებაში. მეომრების საბრძოლო სულის ამაღლების მიზნით მეფე, როგორც წესი, პირადად მიუძღოდა ჯარს ბრძოლაში და მონაწილეობდა შეტაკებებში.

საქართველოს აღორძინების ერეკლესეული გეგმა არ განხორციელდა ქვეყნის ეკონომიკური სისუსტის, უცხოელთა შემოსევებისა და რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.


იხილე აგრეთვე

ერეკლე მეორე

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები