ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი - ადგილობრივი მმართველობის უპირველესი მოხელე ძველ საქართველოში.

ერისთავის ინსტიტუტის შექმნა უკავშირდება ქართული სახელმწიფოებრივობის ჩამოყალიბების პროცესს (ძვ. წ. IV-III სს-თა მიჯნა). საუკუნეთა განმავლობაში ერისთავის ინსტიტუტმა არაერთგზის განიცადა ტრანსფორმაცია. ადრეულ შუა საუკუნეებში, ე.წ. უმეფობის პერიოდში, ძველი ერისთავები გამთავრდნენ და სამოხელეო ფუნქცია დაკარგეს, მაგრამ ეს ინსტიტუტი ამავე ფუნქციით აღდგა ადრეფეოდალური პერიოდის ეგრის-აფხაზეთის სამეფოში. X-XI სს-თა მიჯნაზე ერისთავის ინსტიტუტი, როგორც ტრადიციული და ამავე დროს ახალ სოციალურ და პოლიტიკურ რეალობებს მორგებული მმართველობის ფორმა, საფუძვლად დაედო საქართველოს ერთიანი მონარქიის ადგილობრივ მმართველობას. XII-XIII სს-ში, ქართული სახელმწიფოს ძლიერების ხანაში, სამეფო კარის გამიზნული პოლიტიკის შედეგად ერისთავებს ხშირად ეკავათ სამეფო კარის უმაღლესი თანამდებობები, რითაც, გარკვეულ შემთხვევებში, ერისთავობას მხოლოდ ტიტულატურული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ასეთ შემთხვევბში ერისთავების საგამგებლო „ქვეყნებს“ ერისთავის ნაცვალი გამგებლები მართავდნენ. ოფიციალური სამართალი იცავდა ერისთავს და მის უშუალო მოადგილე გამგებელს, მკაცრად სჯიდა მათ მიმართ დანაშაულის ჩამდენთ („ძეგლის დადება“). საუკუნეთა მანძილზე ცვლილებებს ექვემდებარებოდა საერისთავოთა რაოდენობაც. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საერისთავო „ქვეყნების“ საზღვრები განსხვავებულ პოლიტიკურ და ისტორიულ-გეოგრაფიულ წანამძღვრებზე იყო აღმოცენებული.

საისტორიო ტრადიციის თანახმად, ანტიკურ ქართლში რვა დიდი საერისთავო იყო, შუა საუკუნეების ქართულ მონარქიაში კი, მათი რიცხვი ოცამდე აღწევს. სამეფო კარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სანაპირო ოლქების მცველ ე.წ. მონაპირე ერისთავებს, რომელთა შორის ეპარქიათა მესაჭე ეპისკოპოსებიც კი ერივნენ (მაგ., მტბევარი ეპისკოპოსი). საგამგებლო პროვინციებში ერისთავები მეფის საჯარო უფლებების განმახორციელებელ პოლიტიკურ ფიგურებს წარმოადგენდნენ და დიდხანს ინარჩუნებდნენ ამ მნიშვნელობას ვიდრე მის (ინსტიტუტის) სრულ გადაგვარებამდე (სხვადასხვა რეგიონში XIV ს-დან XVI ს-მდე). ჯარის ორგანიზაცია, მართლმსაჯულება და საგადასახადო წესრიგი - ეს იყო ის სამი საჯარო სფერო, რომლებსაც ერისთავები უძღვებოდნენ ადგილობრივი სამოხელეო აპარატის დახმარებით: „წესი ერისთავთა იყო მეფისა მიერ განწესება ქუეყანათა მიმართ და მის მიერ მოურნეობა. სამართალი და ლაშქარნი მის ქუეყანისანი მის ქუეშე იყვნენ და იგინი მოჰკრეფდნენ ხარკთა სამეფოთა“ (ვახუშტი ბატონიშვილი).

ერისთავის ინსიგნიებს შეადგენდა მეფისაგან ბოძებული საერისთავო ბეჭედი და სარტყელი, საბრძოლოდ აღჭურვილი ცხენი („ცხენი თოროსანი“), დროშა და შუბი. ერისთავს ლეგიტიმაცია ენიჭებოდა საეკლესიო კურთხევით, რომელსაც ატარებდა კათალიკოსი ან მიტროპოლიტი. კურთხევასთნ დაკავშირებული რიტუალი: ერისთავის განბანვვა, შემოსვა „ვითარცა შუენის მეფეთა“ სამოსით, ეკლესიაში შესვლა ზარების რეკვის თანხლებით, ანთებული კეროვნები და სხვ. მოქმედებები სიმბოლურად გამოხატავდნენ ღვთის ნების მონაწილეობას ერისთავის დადგინებაში, ხოლო დალოცვის ტექსტში ხაზგასმული იყო ყველა ის უფლებამოსილებება და პასუხისმგებლობა, რომლებიც ერისთავს, როგორც მეფის საჯარო მოხელეს, უნდა აღესრულებინა თავის საგამგებლო ტერიტორიაზე.

საერისთავოები X-XVI სს-ში

წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები