ეროვნული უსაფრთხოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული უსაფრთხოება - საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდგომარეობა, რომელიც არის პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების გარე და შიდა საფრთხეებისგან საიმედო დაცვის გარანტი.

ეროვნული უსაფრთხოების ძირითად ობიექტებად გვევლინება:

  • პიროვნება, მისი უფლება-თავისუფლებები;
  • სოციალური და ეროვნული ჯგუფები, მათი შინაგანი მთლიანობა, თვითმმართველობა;
  • საზოგადოება, მისი მატერიალური და სულიერი ღირებულებები;
  • სახელმწიფო, მისი კონსტიტუციური წყობილება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

შესაძლო საფრთხეების სფეროდან გამომდინარე გამოყოფენ ეროვნული უსაფრთხოების ძირითად ელემენტებს: ეკონომიკურ, პოლიტიკურ, საინფორმაციო, ეკოლოგიურ, სამხედრო და უსაფრთხოების სხვა სახეობებს.

ეროვნული უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სახელმწიფოს, საზოგადოების, ორგანიზაციების, მოქალაქეების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები შეესაბამება ამ ელემენტებს და, ამავე დროს, აქვს სპეციფიკა თითოეული მათგანის ფარგლებში. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს განეკუთვნება:

  • პოტენციური და რეალური საფრთხეების ობიექტური შეფასება;
  • უსაფრთხოების სისტემის მშენებლობა ამ საფრთხეების შესაბამისად;
  • ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და სხვა ძალისხმევის კოორდინაცია, სამხედრო მეთოდებთან შედარებით შიდა და საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის პოლიტიკური და სამართლებრივი საშუალებების პრიორიტეტი;
  • ურთიერთკავშირი ეროვნული, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში;
  • ეროვნული კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და ვალდებულებების განუხრელი დაცვა.

ეროვნული უსაფრთხოების დარგში მიმდინარე საქმიანობას უძღვებიან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით.

ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტებია შეიარაღებული ძალები, სახელმწიფოს სხვა ძალოვანი სტრუქტურები, ეკონომიკის დარგებსა და სოციალურ სფეროში სამუშაოთა უსაფრთხოების სპეციალური ორგანოები და სამსახურები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები