ექსტაზის ავადმოხმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსტაზი (MDMA) ავადმოხმარება - ბოლო ათი წელია, რაც სწრაფად გაიზარდა 3.4 მეთილენდიოქსიმეთამფეტამინი ანუ „ექსტაზის” რეკრეაციული მიზნით გამოყენება. მისი მოხმარების მაჩვენებელი ახლაც იზრდება, თუმცა, შედარებით უფრო ნელი ტემპებით. 1998 წელს 16-24 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 5% ბოლო ერთი წლის მანძილზე ექსტაზის მომხმარებელი იყო. 2002 წელს ამ ნივთიერების მომხმარებლების რაოდენობა 7%-მდე გაიზარდა (Aust et al., 2002). აშშ-ში, 2003 წელს, ცხოვრების მანძილზე ექსტაზის გამოყენების რისკი დაახლოებით 5%-ს შეადგენდა, ხოლო ბოლო წელს - დაახლოებით 0.9%-ს, რაც გაცილებით დაბალია ბრიტანეთის მაჩვენებლებთან შედარებით (SAMHSA, 2003).

სარჩევი

ექსტაზი (MDMA)

ექსტაზი სინთეზით მიღებული ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომელიც DSM IV-ში კლასიფიცირებულია, როგორც ჰალუცინოგენი, თუმცა, მას მსუბუქი ჰალუცინოგენური ეფექტის გარდა მასტიმულირებელი თვისებებიც აქვს. ექსტაზის მიღება, ჩვეულებრივ, აბების ან კაფსულების სახით ხდება. მისი დოზა დაახლოებით 50-150 მილიგრამს შეადგენს. ასეთი გზით მიღებული ექსტაზის ზემოქმედება დაახლოებით 4-6 საათი გრძელდება. ექსტაზი, ამფეტამინების მსგავსად, აძლიერებს დოფამინის გამოყოფას. გარდა ამისა, ის გამოყოფს 5-ჰიდროქსიტრიპტამინს (5-HT), რაც შესაძლოა მისი ჰალუცინოგენური თვისების მიზეზი იყოს.

კლინიკური ეფექტები

ექსტაზი იწვევს დადებით გუნებ-განწყობას, რომელსაც თან ახლავს ეიფორიის, ურთიერთობისადმი ღიაობისა და ინტიმურობის განცდა. ასევე, იწვევს მოვლენების ახლებურად წვდომის შეგრძნებას და აღქმის გამძაფრებას. ექსტაზის სომატური ეფექტებია: მადის დაკარგვა, ტაქიკარდია, ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი) და ოფლიანობა. ექსტაზის შემდგომი დოზების მიმართ ტოლერანტობა სწრაფად ვითარდება. იმ პირებს, რომლებიც ექსტაზს გამოსასვლელ დღეებში (შაბათ-კვირას) მოიხმარენ, მათივე თქმით, შუა კვირაში აღენიშნებათ გუნებ-განწყობის „ჩავარდნა”, რაც შეიძლება აღკვეთის ეფექტს წარმოადგენდეს (Curran and Travill, 1997).

არასასურველი რეაქციები

იშვიათ შემთხვევებში ექსტაზის მოხმარებამ შეიძლება სერიოზული არასასურველი რეაქციები გამოიწვიოს. ახალგაზრდა ზრდასრულ ადამიანებს მისი მოხმარების შედეგად შეიძლება ჰქონდეთ ჰიპერთერმიით გამოწვეული გართულებები, ფიქსირდება ლეტალური შემთხვევებიც. ჰიპერთერმიის მიზეზი შეიძლება იყოს ექსტაზის ზემოქმედების შედეგად თავის ტვინში 5-HT-ის გამოყოფის გაძლიერება და სოციალური გარემოცვა, სადაც, ჩვეულებრივ, მიღებულია ამ ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენება (ხალხმრავალი წვეულებები ხანგრძლივი და ენერგიული ცეკვებით). ასევე, დაფიქსირებულია კარდიალური არითმიით გარდაცვალების შემთხვევები, თუმცა, აქ შეიძლება უკვე არსებული კარდიალური დაავადება თამაშობდეს გარკვეულ როლს. ექსტაზის მომხმარებლებში დაფიქსირებულია ინტრაცერებრული ჰემორაგიის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჰიპერტონული კრიზით არის გამოწვეული. ტოქსიკურ ჰეპატიტს შეიძლება განაპირობებდეს ექსტაზის უსუფთაოდ დამზადება ან მეტაბოლური იდიოსინკრაზია (Winstock, 2000).

ექსტაზის მოხმარება მწვავე და ქრონიკულ პარანოიდულ ფსიქოზთან არის დაკავშირებული, მაგრამ, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქოზური მდგომარეობების დროს, ამ შემთხვევაშიც არ არის ნათელი, თუ რამდენად წარმოადგენს ეს აშლილობები მოწყვლადი ინდივიდის იდიოსინკრაზიულ რეაქციებს. ასევე, დაფიქსირებულია „ფლეშბექის” შემთხვევები - პათოლოგიური გამოცდილების მრავალჯერადი გამეორება ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდეგ რამდენიმე კვირის ან თვის მანძილზე. ასეთ ეფექტს სხვა ჰალუცინოგენების მოხმარების დროსაც ვხვდებით.

საცდელი ცხოველების (პრიმატების ჩათვლით) მკურნალობა ექსტაზის მრავალჯერადი გამოყენებით იწვევს თავის ტვინის ქერქსა და წინა ტვინში 5-HT ნერვული დაბოლოებების დეგენერაციას. აქედან გამომდინარე, ამგვარმა ეფექტებმა შეიძლება ადამიანებშიც იჩინოს თავი. თავის ტვინის ტომოგრაფიამ აჩვენა ცვლილებები სეროტონინის ტრანსპორტერის შებოჭვაში, რაც შეესაბამება 5-HT-ის ნეირონულ დაზიანებას (McCann et al., 1998). დაუდგენელია, თუ რამდენადაა შესაძლებელი, რომ ასეთი ცვლილებები ხანგრძლივ ნეიროფსიქოლოგიურ ან ფსიქიატრიულ გართულებებს უკავშირდებოდეს.

პრევენცია და ზიანის შემცირება

მიუხედავად იმისა, რომ ექსტაზის ავადგამოყენებისას დაბალია სერიოზული ზიანის რისკი, მნიშვნელოვანია, რომ მის პოტენციურ მომხმარებელს მივაწოდოთ ინფორმაცია ნეიროტოქსიკურობის მაღალი რისკისა და პოტენციურად ხანგრძლივი საშიშროების შესახებ. ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების შემთხვევაში ექსტაზის დიდი დოზებით მოხმარება, სავარაუდოდ, ზრდის არასასურველი რეაქციების აღმოცენების რისკს. ინფორმირებულობა, ასევე, შეიძლება დაეხმაროს ექსტაზის მომხმარებლებს, აიცილოს თავიდან სითბური დარტყმა. ამ მიზნით რეკომენდებულია ცეკვის დროს შესვენება და ინტენსიური ვარჯიშის დროს საკმარისი რაოდენობით იზოტონური ჩანაცვლებითი ხსნარის მიღება.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები