ვარაზაშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ვარაზაშვილი

ვარაზაშვილი ივანე სოფრომის ძე (დ. - 1879, სოფ. მუხლი, რაჭის მაზრა - გ. - 1955, თეირანი) - ცნობილი ისიდორე, ვასილ და გიორგი ვარაზაშვილების ძმა. ინჟინერ-პოლკოვნიკი, რკინიგზის ტრანსპორტის სპეციალისტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი და პეტერბურგის სარკინიგზო ინსტიტუტი. სწავლა განაგრძო შვეიცარიაში. მუშაობდა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაზე; ააშენა წალკის ხიდი. I მსოფლიო ომის დროს მიიღო ინჟინერ-პოლკოვნიკის წოდება და ხელმძღვანელობდა ბაქო-ჯულფის, არზრუმ-სარიყამიშის რკინიგზის მშენებლობებს.

1917 წლიდან ერთხანს ჩაერთო ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. 1918 წლის 26 მაისის აქტის შემდეგ ი. ვარაზაშვილი შეიყვანეს საქართველოს გაფართოებული ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) შემადგენლობაში, როგორც ესერთა პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენელი, თუმცა პარლამენტში საქმიანობა დიდხანს არ გაუგრძელებია. 1918 წელს ძმასთან (ისიდორესთან) და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად დააარსა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოება. ამ საზოგადოებაში ივანე და ისიდორე იყვნენ ამხანაგობა „ძმები ივ. და ის. ვარაზაშვილების“ მფლობელები. 1920 წლის დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის გასაძლიერებლად ივ. ვარაზაშვილმა 1 015 000 მანეთი გაიღო.

1925 წელს ივანეს და ისიდორეს ამხანაგობამ მონაწილეობა მიიღო ხელშეკრულების დადებაში კომპანია „ჰარიმან ბრაზერს ენდ k“- სთან, კონცესიის გადაცემასთან დაკავშირებით. 1922 წელს საბჭოთა ხელისუფლების დავალებით, რომელიც ხელისუფლების ხელში ჩაგდების პირველ წლებში მხარს უჭერდა უცხოურ ბიზნეს წრეებთან კავშირს, ძმასთან (ისიდორესთან) ერთად გაემგზავრა გერმანიაში. მათ ბერლინში დააარსეს „რუსთაველის საზოგადოება“; გამომცემლობა „ახლო აღმოსავლეთი“ და ჟურნალი „მორგენლანდი“. ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად აქ დაიბეჭდა „გერმანული ენის სახელმძღვანელო ქრესტომათია ლექსიკონით“. ფლობდა რუსულ ფრანგულ გერმანულ და ირანულ ენებს. 1928 წელს შაჰის მთავრობის მიწვევით ირანში გაემგზავრა მნიშვნელოვანი სარკინიგზო მშენებლობის ხელძღვანელად და იქ დარჩა საცხოვრებლად. II მსოფლიო ომის დროს მან დიდი თანხა გაიღო საბჭოთა ავიაციის განვითარებისთვის; ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს; ფერეიდნელ ქართველებს. დაკრძალულია თეირანის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • თ. არსენიძე, ს. ბაქრაძე, ვარაზაშვილები, ივანე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, ენც. „საქართველო“. ტ. III, 2012;
  • მიტროპოლიტი ანანიაჯაფარიძე, კრებული: „გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები“, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო
  • არქივის „საისტორიო მოამბე“, 1990, №59-60;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №286.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები