ვაჩნაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაილი:Data Vachnadze.jpg
დავით ვაჩნაძე

დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე – (დ. 4 მარიამობისთვე, 1884, ქ. თბილისი). ქართველი.

სარჩევი

პარტიული რწმენა

ეროვნულ-დემოკრატი

განათლება

საშუალო – თბილ. სამხედრო გიმნაზია, უმაღლესი – პავლეს სამხედრო სასწავლებელი და საინჟენერო სასწავლ.

თფილისის ადრესი

იზმალოვის ქ. №34, ტელეფ.-9-86

განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები

1902 წელს, თბილისის კადეტთა კორპუსის კურსის დამთავრებისთანავე, დავით ვაჩნაძე, ოჯახურ პირობების გამო, იძულებული ხდება უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მაგიერ სამხედრო პროფესია აირჩიოს და მიდის პეტროგრადში პავლე I სამხედრო სასწავლებელში, ათავებს მას და სამხედრო საინჟენერო სასწავლებელში დამატებით საინჟენერო საგნების შესწავლის შემდეგ 1904 წელს პოდპორუჩიკის ხარისხით ინიშნება ქ. ვარშავაში მე 15 საპიორთა ბატალიონში.

პოლონეთში ერთ პოლონელ ოფიცრის შემწეობით დ. ვაჩნაძე ეცნობება „პოლონეთის გამანთავისუფლების“ საიდუმლო პოლიტიკურ ჯგუფში და ეწერება მის წევრად. 1905 წლის თებერვლის რევოლიუციის დროს ვარშავაში ერთ საპიორთა ასეულით დ. ვაჩნაძე იფარავს საგაზო ქარხნის ორი ათას მეამბოხე პოლონელ მუშას მთავრობის კარის თავდასხმისაგან. ამავე წლის აპრილში უმაღლეს ბრძანებით დ. ვაჩნაძე ვარშავიდან თბილისში გადაჰყავთ მე 2 კავკასიის საპიორთა ბატალიონში. 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტის გამოსვლის შემდეგ დ. ვაჩნაძე ზოგიერთ ოფიცერთა დახმარებით აარსებს „კავკასიის ოფიცერთა სარევოლუციო კავშირს“, რომლის მიზანს შეადგენდა ბრძოლა კონსტიტუციისათვის და რუსეთში მოსახლე ერთა პოლიტიკურ ავტონომიის მოპოვებისათვის. მე 2 სახელმწიფო სათათბიროს გარეკვის შემდეგ დ. ვაჩნაძე იღებს მონაწილეობას კავკასიის საპიორთა ბატალიონების აჯანყებაში, რის გამო 1907 წელს ადმინისტრატიული წესით გუნიძის ციხეში (დაღესტანში) იგზავნება. დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან ვაჩნაძე დაღესტნიდან სამშობლოში ბრუნდება და აქ პოლიციის თვალ-ყურის დევნის ქვეშ ერთი წელიწადი იმყოფება.

რეაქციის ხანაში დ. ვაჩნაძე მხურვალე მონაწილეობას იღებს დაწყებულ ქართულ კოოპერატიულ მოძრაობაში. თავის ინიციატივით აწყობს სოფლად წვრილ საკრედიტო ბანკებს / ოძისში, ლილოში /, აარსებს პირველ ქართულ მერძევეთა გლეხთა ამხანაგობის ორგ. დიდ-ლილოში, მონაწილეობს კოოპერატიულ კურსებზედ, კრებებზედ, თავმჯდომარეობს ქართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგ. საკოოპერაციო სექციაში და მის წარმომადგენლად იგზავნება პეტროგრადში სრულიად რუსეთის კოოპერატორთა კრებაზედ, სწრაფი მობილიზაცია მიწების აღმოსავლეთ საქართველოში იწვევს ვაჩნაძის დიდ ყურადღებას და მოწვეული საადგილ მამულო კომისიაში აწყობს ქართველ გლეხთა მიწის სყიდვის ამხანაგობებს და ებრძვის მთავრობის აგრესიულ რუს საკოლონიზაციო პოლიტიკას. საადგილ-მამულო კომისიის ხელმძღვანელის ა. ყიფშიძის გარდაცვალების შემდეგ დ. ვაჩნაძე ინიშნება მის ადგილზე.

1912 წელს ენკენისთვეს 16-ს დ. ვაჩნაძე თავის თანამოაზრე ამხანაგებით აარსებს ჟურნალ „კლდეს“ ეროვნულ-დემოკრატიულ მიმართულებისა და მასში მუდმივ თანამშრომლობას ეწევა. 1914 წელს, როდესაც ომის ალი მოედო აჭარას და ამ კუთხეს უქადდა განადგურებას, განსვენებულ გიორგი მაჩაბლის /გორის კომისარის/ დახმარებით აგროვებს ხალხს თბილისის სამხედრო დრუჟინის შესადგენად და ამ დრუჟინის მოხალისე ოფიცრად მასთან ერთად მიდის აჭარის საშველად.

24 მაისს 1915 წელს თანახმად „კლდის“ ჯგუფის და საზღვარ გარეთიდან ჩამოსულ თანამოაზრე ქართველ ემიგრანტების გადაწყვეტილებისა - სცემს გაზ. „საქართველოს“ ყოველდღიურ ორგანოს მომავალ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიისა. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დაარსების დღიდან დ. ვაჩნაძე მის მთავარ კომიტეტის წევრად და თავმჯდომარის ამხანაგად იმყოფება. როდესაც გერმანიაში მიხეილ წერეთლის და გიორგი მაჩაბლის მეთაურობით დაარსდა „საქართველოს გამანთავისუფლების კომიტეტი“ დ. ვაჩნაძე, როგორც ამ კომიტეტის წევრი ენერგიულად მონაწილეობს მის მძიმე და პასუხსაგებ საქმიანობაში და იბრძვის მის მიზნების გამარჯვებისათვის. სამწერლო ასპარეზზე დ. ვაჩნაძე გამოდის ჟურნალისტ „ლ. კახელის“ ფსევდონიმით და სწერს უმთავრესად ეკონომიურ საგნებზედ.

უკანასკნელ რევოლიუციის ხანაში დ. ვაჩნაძე იყო საქართველოს ინტერპარტიულ და ძველ ეროვნულ საბჭოების წევრი, მუშაობდა განსაკუთრებით ამ საბჭოთა სამხედრო სექციებში და თავმჯდომარეობდა ტარის გამომშვებ განყოფილებას /სამხედრო სექციასთან არსებულს/. 20 მაისს 1918 წელს თანახმად ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის დავალებისა, რაზმავს და აგზავნის გერმანელ ტყვეებს საქართველოს რკინის გზების და საზღვრების დასაცავად და ერთი თვის განმავლობაში ასრულებს საქართველოს მთავრობის რწმუნებულის თანამდებობას გერმანულ სამხედრო მისიაში.

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები