ვაჩნაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ვაჩნაძე (დათა)

ვაჩნაძე დავით (დათა) ვლადიმერის ძე (დ. - 4.VIII.1884, სოფ. დიდი ლილო, თბილისის მაზრა - გ. - 23.I.1962, ქ. ესენი) - პოლკოვნიკი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერთაგანი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, 1902 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, ხოლო შემდეგ - პეტერბურგის იმპერატორ პავლე I-ის სახელობის სამხედრო სასწავლებელი. პეტერბურგშივე, სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელში დამატებით შეისწავლა საინჟინრო საგნები და 1904 პოდპორუჩიკის ხარისხით დაინიშნა ვარშავის მესანგრეთა ბატალიონში.

1905 წელს ეხმარებოდა თავისუფლებისათვის მებრძოლ პოლონელ მეამბოხეებს, იფარავდა მათ რუსეთის ჯარის თავდასხმისაგან. იმავე წლიდან სამხედო სამსახური განაგრძო თბილისში, მონაწილეობდა „კავკასიის ოფიცერთა სარევოლუციო კავშირის“ დაარსებაში, ასევე, კავკასიის მესანგრეთა ბატალიონების აჯანყებაში, რისთვისაც 1907 წელს სამსახურიდან დაითხოვეს და ადმინისტრაციული წესით ღუნიბის ციხეში გაგზავნეს. საქართველოში დაბრუნებული, ერთი წელი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 1909 წლიდან დაიწყო პუბლიცისტური საქმიანობა, წერდა „დ. კახელის“, „ეკალის“ ფსევდონიმებით, უმთავრესად ეკონომიკურ საკითხებზე. აქტიურად იყო ჩართული ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საკოოპერაციო საქმიანობაში (დააფუძნა რამდენიმე კოოპერატივი და ამხანაგობა). 1912წელს თანამოაზრეებთან ერთად, დააარსა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალი „კლდე“. 1914 წელს, მონაწილეობა მიიღო ქართული რაზმის („დრუჟინა“) დაკომპლექტებაში და რაზმთან ერთად მოხალისე ოფიცრად გაემგზავრა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქართველი მუსლიმებისა და მათი სოფლების დასაცავად. შედიოდა ევროპაში აღმოცენებული საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თბილისის ფილიალში და უზრუნველყოფდა გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში შემოტანილი იარაღის მიღება-დაბინავებას. სამშობლოს წინაშე გაწეული დამსახურებისათვის განთავისუფლების კომიტეტმა დააჯილდოვა თამარ მეფის ორდენით. 1915 მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთის „საქართველოს“ დაარსებაში. 1916 წლიდან სათავეში ედგა თბილისის საკრებულოსთან არსებულ საადგილმამულო კომისიას.

1917 წლის მარტში ქმედითი მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, მისი ორგანიზებით შესაძლებელი გახდა კათალიკოს-პატრიარქისათვის თბილისში რეზიდენციის განთავისუფლება, რომელიც რუს მიტროპოლიტს ეკავა. 1917 წლის მაისში ეროვნულ-დემოკრატთა ჯგუფთან ერთად დაესწრო გაერთიანებულ მთიელთა კავშირის პირველ ყრილობას კავკავში. ედპ-ს დამფუძნებელ ყრილობაზე დავით ვაჩნაძე პარტიის მთავარი კომიტეტში, ხოლო 1917 წლის ნოემბერში პრეზიდიუმის წევრად და პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ედპ-ის სიით იყო საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს წევრი, ასევე, საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მონაწილე, სადაც აირჩიეს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, იყო საბჭოს სამხედრო სექციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1918 წლის მაისში, ეროვნული საბჭოს აღმასკომის დავალებით, დარაზმა და დასავლეთ საქართველოში შემოჭრილი ოსმალეთის ჯარების შესაკავებლად გაგზავნა გერმანელი ტყვეები. 1918 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის წარდგენით, დაინიშნა გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებულად. მონაწილეობდა საქართველოს რეგულარული ჯარის ორგანიზაციის პროექტის შედგენაში. ღვაწლი მიუძღვის გერმანული სამხედრო კონტინგენტის გაცილებასა და საქართველოს საზღვრებიდან მათ უსაფრთხოდ გასვლაში. 1918 წლის დეკემბერში, პოლკოვნიკის ჩინით, მონაწილეობდა სომხეთთან ომში. 1918 წლის სექტემბერში გადავიდა დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატთა ფრაქციაში და იყო მის საფუძველზე შექმნილი ეროვნული (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. 1921 წლის იანვარში, როდესაც ედპ და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციები გაერთიანდნენ, დავით ვაჩნაძე გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში აირჩიეს. რუსეთის წითელი არმიის შემოჭრისას, მტრისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, 1921-ის თებერვალში შეადგინა მოხალისეთა 400 კაციანი რაზმი. საქართველოს გასაბჭოებისას დავით ვაჩნაძე უცხოეთში არ გახიზნულა და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა ედპ-ს არალეგალური ცკ-ის შემადგენლობაში, ასევე პარტიის სამხედრო ცენტრში. აქტიურად იყო დაკავშირებული ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანულ რაზმთან.

1922 წლის თებერვალში დააპატიმრეს, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო მცირე ხანში ციხიდან გაათავისუფლეს. 1924 წლის თებერვალში ედპ-ის არალეგალური ცკ-ის დავალებით, საიდუმლოდ გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, თურქეთიდან დახმარების მიღების მიზნით. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო და ემიგრაციაში დარჩა. 1924-1926 წლებში მონაწილეობდა სტამბოლში შექმნილ „კავკასიის განმათავისუფლებელი კომიტეტის“ საქმიანობაში. 1927 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში. იყო ედპ-ის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი, თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში, მონაწილეობდა საფრანგეთის ქართული სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში. კითხულობდა მოხსენებებსა და ლექციებს. იყო რამდენიმე ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი („კავკასიის კონფედერაცია“, „ყოფილ ქართველ მხედართა დარაზმულობა“, „ქართული სამეცნიერო წრე“ და სხვ.). მეორე მსოფლიო ომის დროს ჩართული იყო გერმანელთა მიერ ქართული ეროვნული კომიტეტის შესაქმნელად წარმოებულ საქმიანობაში. ომის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა მიუნხენში. საქართველოში ჰყავდა მეუღლე - თამარ ციციშვილი და ქალიშვილი - ირინე. ემიგრაციაში ხელმეორედ დაქორწინდა გერმანელ მართა კილმანზე. დაკრძალულია გერმანიის ქალაქ ესენში. დავით ვაჩნაძის კალამს ეკუთვნის 4 წიგნი და მრავალი სტატია. იგი აგრეთვე ავტორია, „მოგონებათა რვეულების“ და მემუარული ნაშრომისა „ვინ ვიყავი, სად ვიყავი და რა გავაკეთე?“.

ოთარ ჯანელიძე

თხზულებები

დ. ვაჩნაძე, ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი, მიუნხენი, 195?.

ლიტერატურა

  • ქართველები უცხოეთში: წ. I, (რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილი), თბ., 2012;
  • ნ. ჯავახიშვილი, თავად ვაჩნაძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის, კრებული „სამეცნიერო პარადიგმები”, თბ. - ქუთ., 2009;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

იხილე აგრეთვე

ქართველები უცხოეთში

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები