ვეშაპელი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე)

ვეშაპელი (ვეშაპიძე) გრიგოლ გიორგის ძე (1892, სოფ. საირხე, შორაპნის მაზრა - 10.VI.1926, პარიზი) - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1910 ვერცხლის მედლით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და იღებდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიას. პერიოდულ პრესაში წერილებს გიმნაზიის პერიოდიდან აქვეყნებდა, სტუდენტობისას, ქართულის გარდა, თანამშრომლობდა მოსკოვურ გამოცემებთან (გაზეთი „Русские ведомости“ და ჟურნალი „Голос минувшего“). იყო მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს ერთ ერთი ხელმძღვანელი, აქტიურად იყო ჩართული მოსკოვის ქართული კოლონიის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის ერთი წლით გარიცხული იყო უნივერსიტეტიდან, რომელიც 1916 წელს დაამთავრა და სწავლა იქვე იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1916-1917 წლებში მოსკოვში გამოიცა გრიგოლ ვეშაპელის ორი ნაშრომი: „Турецкая Грузия: Лазистан, Трапезунд и Чорох. Край“ (ეს წიგნი 1919 ბერნში ფრანგულ ენაზეც დაიბეჭდა) და „Единство Грузии и русский протекторат: Рус.-груз. трактат 1783 г. и союз. договор Карталино-Кахетии, Имеретии, Мингрелии и Гурии“ (1918 ქართულ ენაზე გამოქვეყნდა თბილისშიც).

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გრიგოლ ვეშაპელი საქართველოში დაბრუნდა. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 1917 წლის აპრილიდან 1918 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნულ-დემოკრატიული გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორი. 1917 წლის ივნისში, როგორც საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრმა, აქტიური მონაწილეობა მიიღო ედპ-ის დაფუძნებაში, პარტიის პირველ ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის შესახებ. ყრილობამ პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩია, მთავარმა კომიტეტმა კი პრეზიდიუმის წევრობა და პარტიის თავმჯდომარის მოადგილეობა მიანდო. 1917 ედპ-ის სიით შედიოდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს შემადგენლობაში, აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევასა და მუშაობაში. 1917 წლის ნოემბერში ეროვნულმა ყრილობამ ეროვნული საბჭოს წევრად, საბჭომ კი თავისი აღმასკომის, მისი პრეზიდიუმისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. არჩეული იყო საბჭოს სარეგლამენტო, სარედაქციო, საზავო და საქართველოს დამფუძნებელი კრების საარჩევნო კომისიების წევრად. მონაწილეობდა ტრაპიზონის საზავო მოლაპარაკებაში, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მოსამზადებელ საქმიანობაში, 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მანვე რუსულ ენაზე წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

1918 წლის 13 სექტემბერს ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციას გამოეყო ექვსკაციანი ჯგუფი გრიგოლ ვეშაპელის ხელმძღვანელობით, რომელმაც ჯერ „დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული ფრაქცია“, ხოლო იმავე წლის დეკემბერში ეროვნული პარტია (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია) დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარე და მთავრი ბეჭდური ორგანოს (ჯერ გაზეთი „კლდე“, შემდეგ, მონაცვლეობით, გაზეთები: „სალი კლდე“, „პიტალო კლდე“, „ნაციონალისტი“ და „მიწა“) რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი იყო. 1919 წლის სექტემბერში, დამფუძნებელი კრების დამატებითი არჩევნების შედეგად გრიგოლ ვეშაპელი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - დეპუტატი გახდა. ოპოზიციაში ედგა სოციალ-დემოკრატიულ უმრავლესობას, რომელსაც უპირისპირდებოდა ნაციონალისტური პოზიციიდან. 1921 წლის იანვარში ედპ-საგან გამოყოფილი ორგანიზაციები გაერთიანდნენ, მათვე დაემატათ უპარტიოთა კავშირიც და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული პარტია. გრიგოლ ვეშაპელი პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

ემიგრაცია

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის დროიდან (1921) გრიგოლ ვეშაპელი ემიგრაციაში წავიდა და გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის სახელით ჩაერთო პოლიტიკური ემიგრაციის მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო საქართველოს განთავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ. 1922 წელს მონაწილეობდა პარიზში გამართული ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც ჩამოაყალიბა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ და შექმნა „საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი“, არჩეულ იქნა ამ პრეზიდიუმის წევრად. იმყოფებოდა იტალიაში, ინგლისში, გერმანიაში, შეისწავლა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. იყო ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველი ლიგის ქართული განყოფილების წევრი. 1924 წლის მაისიდან მწვავედ დაუპირისპირდა საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას, დაგმო საქართველოში შეიარაღებული გამოსვლის იდეა, რომელიც დასავლეთიდან რეალური დახმარების გარეშე განუხორციელებლად მიაჩნდა. აგვისტოს აჯანყების მარცხმა გრიგოლ ვეშაპელი ბოლშევიკურ რეჟიმთან ბრძოლის უპერსპექტივობაში დაარწმუნა, რასაც მის მსოფლმხედველობაში დიამეტრული ცვლილება მოჰყვა. იგი დაუახლოვდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპაში და ჩადგა კომუნისტური რეჟიმის სამსახურში. გრიგოლ ვეშაპელმა 1924 წლის ნოემბერში პარიზში დააარსა გაზეთი „ახალი საქართველო“ (გამოდიოდა 1926 წლამდე პარიზსა და ბერლინში), რომლის ფურცლებიდანაც ქართველ ემიგრატებს საბჭოთა საქართველოში დაბრუნებისაკენ მოუწოდებდა. საქართველოს ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლმა ძალებმა გრიგოლ ვეშაპელის მოქმედება შეუწყნარებლად მიიჩნიეს.

1926 წლის 10 ივნისს იგი პარიზში რამდენიმე გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა ა. მერაბაშვილმა. დაკრძალეს პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე. ნეკროლოგები გამოაქვეყნა საქართველოს საბჭოურმა პრესამ („Заря Востока“, „კომუნისტი“). ჰყავდა მეუღლე - ნინო ელიაშვილი. 1928 წელს მშობლების თხოვნით, გრიგოლ ვეშაპელის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და თბილისში, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 1937 მისი ნეშტი დიდუბიდან ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ოთარ ჯანელიძე

თხზულებები

  • გ. ვეშაპელი, სიტყვები ნათქვამი პარლამენტში [ეროვნულ საბჭოში], თფ., 1919;
  • მისივე, ნაციონალ-დემოკრატიული პარტია; თფ., 1918;
  • მისივე, აჯანყების შემდეგ;
  • La polItIque realIste GeorgIenne: Годовщина газеты „Новая Грузия“, ParIs, 1925;

ლიტერატურა

  • მ. ნიქაბაძე, გრიგოლ გიორგის-ძე ვეშაპელის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებანი: დისერტაცია ისტორ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად, ქუთ., 2007 (ხელნაწ. უფლებით); *ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
  • დ. ჭუმბურიძე, ისტორიული პორტრეტები: დასაწყისი XX საუკუნისა, თბ., 2008.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები