ზაფხულის წითელი კალვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაფხულის წითელი კალვილი(Calville rouge d’été, Passe pomme d’été, Rother sommer Calville, Sommer Erbeerapfel). ვაშლის ჯიში.

ზაფხულის წითელი კალვილი საქართველოში ნაკლებად გავრცელებული ჯიშია. იგი წითელ კალვილებში გავრცელების მხრივ უკანასკნელ ადგილზე დგას. ზაფხული წითელი კალვილი გვხვდება ქართლის მეხილეობის რაიონებში, უფრო მეტად ქვედა ქართლში. საქართველოს სხვა რაიონებში აღნიშნული ჯიშის თითო–ოროლა ხეს თუ შევხვდებით. დასავლეთ საქართველოში კი სულ არ გვხვდება. ზაფხულის წითელ კალვილს სამრეწველო მნიშვნელობა საქართველოში არც ძველად ჰქონია და არც ამჟამად აქვს.

მისი როგორც სამრეწველო ჯიშის უარყოფითი მხარე ისაა, რომ ძლიერ ავადდება ქეცით და ნაყოფიჭამიათი.

ნაყოფი წვრილი ან საშუალო ზომისაა, უფრო დაბალი შენების, ვიდრე შემოდგომის წითელი კალვილისა, ოდნავ წახნაგოვანია და საკმაოდ ლამაზი მოყვანილობის, ხშირად ცალგვერდა,არასიმეტრიულია. ჯამი ნახევრად ღია აქვს და ღრმა და განიერ სიღრმეშია მოთავსებული.ნაყოფის ყუნწი საკმაოდ გრძელია და სქელი და ზის ღრმა და განიერ ღრუში.

კანი მკვრივი და გლუვი აქვს, მოწითალო–იისფერი ფიფქით დაფარული, საფარი ფერი სისხლისფერ–წითელია და ზოგჯერ მუქი წითელი. ნაყოფი ხან მთლიანად შეფერილია და ხან კიდევ მხოლოდ ½ ან 1/3. ჩრდილში მომწვანო–მოყვითალო ფერის ზოლებით ან ხალებითაა ხოლმე დაფარული. ნაყოფზე მთლიანად თეთრი წერტილებია გაფანტული.

ნაყოფის ხორცი მოთეთრო ფერისაა, ოღონდ წითელი ზოლები გასდევს ხოლმე თვით თესლბუდემდის, უფრო მეტად შეფერილია კანისქვეშა ნაწილი. ნაყოფის ხორცი მეტად ფხვიერია, სურნელოვანი და საკმაოდ ნაზი, გადამწიფებისას ქაშდება და ფუყდება. ნაყოფი მწიფდება ივლისის შუა რიცხვებში. ხე საკმაოდ ძლიერი ზრდისაა და ინვითარებს საკმაოდ ძლიერ ვარჯს, უხვად შეფოთლილს. ზაფხულის წითელი კალვილი ადრე იწყებს მოსავლის მოცემას და უხვად ისხამს.

ზაფხულის წითელი კალვილი, როგორც საზაფხულო ადრეული ჯიში, ბაღის მოყვარულთათვის კარგ ჯიშად უნდა ჩაითვალოს; მის ფართო სამრეწველო გაშენებას კი არა აქვს აზრი.

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები