ზაქათალის ოლქის ავტონომია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:16, 21 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქათალის ოლქის ავტონომია - ზაქათალის ოლქის ავტონომია განსაზღვრული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციით (მუხლი 107). თუმცა ის ბოლომდე გადაუჭრელ და სადავო საკითხად დარჩა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ვინაიდან რუსეთის იმპერიის დროს ზაქათალის ოკრუგი ცალკე ადმინისტრაციული ერთეული იყო და უშუალოდ ექვემდებარებოდა მეფისნაცვალს.

1918 წლის ივლისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ განიხილა რესპუბლიკის ადმინისტრაციული მოწყობისა და ადგილობრივი მმართველობის შტატების შესახებ კანონპროექტი. მთავრობის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციების საშტატო ნუსხაში ზაქათალის ოლქისათვის განისაზღვრა: ერთი საოლქო კომისარი, მისი თანაშემწე, ოთხი სარაიონო კომისარი. ზაქათალას მიენიჭა პირველი ხარისხის ქალაქის სტატუსი (ქუთაისთან, სოხუმთან და ფოთთან ერთად), შესაბამისად, მილიციელთა რაოდენობა ქალაქში 55-ით განისაზღვრა. პარალელურად, 1918 წლის 26 ივნისს ზაქათალის ოკრუგში მოქმედმა აზერბაიჯანელთა ეროვნულმა საბჭომ მიიღო ზაქათალის ოლქის აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეერთების დადგენილება. 1919 წლის 16 ივნისს საქართველო-აზერბაიჯანის ხელშეკრულების მე-4 მუხლი ტერიტორიული დავების შეთანხმებით ან არბიტრაჟით გადაწყვეტას ითვალისწინებდა. 1920 წლის აპრილამდე, აზერბაიჯანის გასაბჭოებამდე, ზაქათალის ოკრუგი იმყოფებოდა ორმხრივი მმართველობის ქვეშ. 1920 7 მაისის ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა ზაქათალის ოკრუგი აღიარა საქართველოს კუთვნილებად, თუმცა აზერბაიჯანელი ბოლშევიკების მოთხოვნით, საკითხი გადაისინჯა. 1920 წლის 3-6 და 9-12 ივნისს დაიდო საქართველო-აზერბაიჯანის აქსტაფის ხელშეკრულება, რომლის მე-6 მუხლის თანახმად ზაქათალის ოლქის საკითხი გადაწყდებოდა შერეული კომისიის მიერ, თითოეული მხარისგან 2 წარმომადგენლის მონაწილეობით, მანამდე არც ერთი მხარე ოლქში ჯარებს არ შეიყვანდა.

ბონდო კუპატაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები