თავთუხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავთუხი – Triticum durum Desf

თავთუხი - (Triticum durum Desf). შავფხა, შავთაველა, სვანურად - „ლჰა პური“; ლეჩხუმურად - „თავთუხი, ანუ „პოშოლა“ (ნ. კეცხოველი, 1928; ალავიძე, 1951).

თავთუხი, მაგარი ხორბალი ქართულ ისტორიულ წყაროებში XVII ს-მდე არ მოიხსენიება. თუმცა მისი სიძველე საქართველოში იმით დასტურდება, რომ ქართველი გლეხი მოსავლის დაბინავების შემდეგ ამა თუ იმ ხატის ზედაშედ თავთუხის მარცვალს ინახავდა.

თავთუხი მაგარი ხორბლების წარმომადგენელია. ის საგაზაფხულო ხორბალია, თუმცა ჩვენთან ძირითადად შემოდგომაზე ითესება. მცენარე მაღალმოზარდია, მძლავრად განვითარებული, შიშველმარცვლიანი. მარცვალი მსხვილია, სხვადასხვა შეფერილობისა; გვხვდება, წითელთავთავიანი, შავთავთავიანი და თეთრთავთავიანი ფორმები (ჩხენკელი, 1944).

თავთუხი იძლევა წმინდა და თეთრ ფქვილს, ახასიათებს ცილების მაღალი შემცველობა, წებოვნება და ცხობის კარგი უნარი. პური გემრიელი ცხვება. გასული საუკუნის მონაცემებით, მისი გავრცელების არეალი დასავლეთ საქართველოში შემოიფარგლება ზემო სვანეთითა და რაჭა-ლეჩხუმით (მაისაია, 2009). აღმოსავლეთ საქართველოში თავთუხი ითესებოდა: დუშეთში, ბოლნისში, მარნეულში, ბაკურიან-ბორჯომში, მანგლისში, ბორჩალოში, ხაშურში, ქარელში, გორში, კასპში, თეთრი წყაროში, საგარეჯოში, გურჯაანში, თელავში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახალციხეში. თავთუხი ადგილობრივ მოსახლეობაში „შავფხას“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ავჭალაში წარსულში თავთუხებიდან უფრო გავრცელებული იყო თეთრი თავთუხი, თუმცა შავი თავთუხიც ითესებოდა (Жуковский, 1924; Менабде, 1929, 1948; ჩხენკელი 1941; აბესაძე 1926, 1930; გოცაძე, მაისაია 2015).

ნ. კეცხოველის (1957) მონაცემებით, თავთუხი ითესებოდა ქვემო ქართლში, ზემო და შუა ქართლის ვაკეშიც, ზემო იმერეთში.

წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები