თაყაიშვილი ექვთიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ექვთიმე თაყაიშვილი

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე - (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) (დ. - 5.I.1862, სოფ. ლიხაური, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 21.II.1953, თბილისი), ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1887 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხიც და სამშობლოში დაბრუნდა.

TayaiSvili eqvTime.jpg

აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო, პედაგოგიურ და ეროვნულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1889 წელს აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად. ამავე წელს დ. ბაქრაძესთან ერთად დააარსა საქართველოს საეგზარქოსო (საეკლესიო) მუზეუმი. კრებდა, სწავლობდა და მუზეუმში აბინავებდა ძველ ნივთებს, სიგელ-გუჯრებსა და ხელნაწერებს, ეპიგრაფიკულ მასალას. პირადად მოიძია „ვეფხისტყაოსნის“ ორ ათეულამდე ხელნაწერი. 1894-1904 წლებში სათავეში ედგა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლას, რომელიც მისი ხელმძღვანელობით გიმნაზიად გადაკეთდა. 1902, 1907 და 1917 წლებში სამგზის იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში („ოსმალეთის საქართველო“), აზომა და შეისწავლა მრავალი ქართული ისტორიული ძეგლი. 1907 წელს მისი თაოსნობით დაარსდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელსაც 1921 წლამმდე თვითონვე თავმჯდომარეობდა. დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია: „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. არჩეული იყო სხვადასხვა სამეცნიერო და საქველმოქმედო საზოგადოების შემადგენლობაში. იყო „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. 1918 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ მიანიჭა დოქტორის ხარისხი.

1917 წლის ივნისში ექვთიმე თაყაიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. იმავე წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი, აირჩიეს საბჭოს წევრობის კანდიდატად. ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, ედპ-ის სიით გახდა საბჭოს წევრი. უძღვებოდა საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიას. იყო ამიერკავკასიის სეიმის სპეციალური კომისიის წევრი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიული გამიჯვნის მიზნით შეიქმნა. 1919 წლის თებერვალში ედპ-ის სიით მოიპოვა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატის მანდატი, არჩეული იყო კრების თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ), სახალხო განათლების კომისიის წევრად და, ასევე, მისი წინადადებით შექმნილი კრების საბიბლიოთეკო კომისიის თავმჯდომარედ. პარალელურად, არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, მისი ორგანიზებით, ლეჩხუმსა და სვანეთში მოეწყო არქეოლოგიური ექსპედიციები, მონაწილეობდა ვანის აკროპოლის გათხრებში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგორის ცნობილი განძის შეგროვებასა და დაცვაში. მისი თაოსნობით 1920 დაფუძნდა საქართველოს ეროვნული არქივი.

1921 საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების გამო, დამხობილი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გაიხიზნა და თან წაიღო სამუზეუმო განძეულობა. განძის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ ექვთიმე თაყაიშვილი დანიშნა. იგი გაემგზავრა უცხოეთში, სადაც 1945 წლამდე დაჰყო და სამშობლოში განძთან ერთად დაბრუნდა.

1922 წლის მარტში, პარიზში, იყო იმ ინტერპარტიული კონფერენციის მონაწილე, რომელმაც „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი“ ჩამოაყალიბა და შექმნა დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი. როგორც პრეზიდიუმის წევრი, ესწრებოდა ემიგრანტული მთავრობის სხდომებს. 1924 წელს არ გაიზიარა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების მოწყობის იდეა და ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საფრანგეთში განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. არჩეული იყო პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად, საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1937-1939 წლებში იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე, არჩეული იყო მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოების წევრად ემიგრაციაში, შედიოდა სამეცნიერო პერიოდული გამოცემის „GeorgIca“ (ლონდონი) სარედაქციო საბჭოში. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებთან: გაზეთ „დამოუკიდებელი საქართველოს“, ჟურნალ - „სამშობლო,“ „კავკასიონი,“ „ქართლოსი,“ „ჯვარი ვაზისა“ და „ბედი ქართლისას“ რედაქციებთან. მისი მონაწილეობით პარიზში დაფუძნდა წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, არჩეული იყო ამ ეკლესიის მზრუნველთა საბჭოს მუდმივ წევრად.

1945 სამშობლოში დაბრუნებული ეგვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს თსუ-ის პროფესორად, აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, კითხულობდა საჯარო ლექციებს. 1951 საბჭოთა რეჟიმმა მისი შევიწროება დაიწყო, მალე უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს და პენსიაზე გადაიყვანეს. მისივე სიტყვებით: „ხმა დაყარეს, რომ მე მაქვს სახლში პატიმრობა და ისე დააშინეს მეცნიერები, რომ მათ შეწყვიტეს ჩემთან სიარული“. ჰყავდა მეუღლე - ნინო პოლტორაცკაია.

ექვთიმე თაყაიშვილი თავდაპირველად ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1963 წელს დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, 2000 კი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.

2002 საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“, დაიწერა მისი ხატი და ტროპარი, დაარსდა „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის“ მედალი. თბილისსა და სოფელ ლიხაურში გახსნილია მისი სახლ-მუზეუმები, 2008 წელს თბილისში აიგო „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის“ სახელობის ტაძარი. „ექვთიმე ღვთისკაცის“ ხსენების დღედ დაწესებულია 3 იანვარი (ძვ. სტილით). 2013 წელი იუნესკომ ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • დიდი ექვთიმე: ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, საქ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომიტეტი, სარედ. კოლ: რ. მეტრეველი [და სხვ. ], თბ., 2014;
  • ექვთიმე თაყაიშვილი, კრებული, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბ., 2007;
  • ო. ჯანელიძე, ექვთიმე თაყაიშვილი პოლიტიკურ სარბიელზე, „ლიტერატურა და ხელოვნება”, 1998, №2.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები