თბილელი აბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბო თბილელი

წმ. აბო თბილელი - საქართველოში არაბების ბატონობის ჟამს ქართლის მთავარი ნერსე, ადარნასე კურაპალატისა, ბაბილონის მფლობელმა ამირა აბდილა მუმნიმ თავისთან დაიბარა და როცა მთავარი მას ეწვია, ამირა მუმნიმ იგი დაატყვევა.

საპყრობილეში ნაგვემ-ნაცემ ნერსე ერისთავს წყლულებს უამებდა და უშუშებდა ჩვიდმეტი წლის არაბი მენელსაცხებლე - აბო. მას ნერსე ერისთავი ხშირად ესაუბრებოდა ქრისტესა და ქრისტეს სჯულის შესახებ. გონიერი ახალგაზრდა არაბი გულდასმით უსმენდა ნერსეს და მალე ალაჰისადმი მოწიწება და სიყვარული ქრისტესადმი სიყვარულმა შეცვალა.

სამ წელიწადს იმყოფებოდა ერისმთავარი ნერსე ბაღდადის ტყვეობაში. და როცა ამირა მოკვდა, მისმა ძემ მაჰდიმ გაათავისუფლა და ნებაც დართო, გამგზავრებულიყო სამშობლოში, რომელსაც თან წამოყვა წმიდა აბო.

რამდენიმე ხნის შემდეგ სარკინოზნი ისევ აუმხედრდნენ ნერსე ერისთავს და კვლავ მოინდომეს მისი ხელში ჩაგდება ნერსემ თან სამასიოდე კაცი იახლა, მათ შორის აბოც და ჯერ ხაზარეთში, შემდეგ კი აფხაზეთს გაემართნენ, სადაც ნერსეს ცოლ-შვილი ჰყავდა დატოვებული.

აფხაზეთის მთავარმა დიდი პატივით მიიღო ქართლის ერისთავი, ხოლო როცა გაიგო, რომ მას თან გაქრისტიანებული არაბი ჭაბუკიც ახლდა, უდიდესი სიხარულით აივსო, მისი და ეპისკოპოსის მოწოდებით მღვდელმსახურებმა მონათლეს და აკურთხეს აბო, ნუგეში სცეს და ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ იგი მთლიანად ჩაწვდომოდა ქრისტიანული რელიგიის ჭეშმარიტ არსს.

რამდენიმე ხნის შემდეგ ამირამ შეიწყნარა ნერსე და ქართლში დაბრუნების ნება დართო, რადგან ამასობაში მის ნაცვლად სტეფანოზი, ნერსეს დისწული დასვა ერის მთავრად.

წმიდა აბო ნერსესთან ერთად დაბრუნდა ტფილისს და განცხადებულად შეუდგა ღმრთისმსახურებას. გაიგეს თუ არა სარკინოზებმა მისი გაქრისტიანების ამბავი, ზოგნი მის ლანძღვასა და გინებას შეუდგნენ, ზოგნი ტკბილი სიტყვით შეგონებას, ზოგნი კი ამირასთან დასმენას.

ერთხელ დასმენილი წმიდა აბო საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზმა, ქართლის ერისმთავარმა, ხვეწნით გამოაშვებინა. როცა ქართლში ახალი ამირა დაჯდა მსაჯულად, დამსმენელი სარკინონი ხელახლა აღსდგნენ წმ. აბოს წინააღმდეგ. ქრისტიანებმა გაიგეს თუ არა, სარკინოზნი კვლავ მოითხოვენ წმიდა აბოს დასჯასო, ხვეწნა დაუწყეს ჭაბუკს, დამალვოდა განრისხებულ ამირას. წმიდა აბომ კი ასე უპასუხა ქრისტიანებს: - მე არა მარტო ტანჯვადგამზადებულ ვარ ქრისტესათვის, არამედ სიკვდილისთვისაცაო. არ უნდა დავივიწყოთ წმ. აბოს ეს სიტყვები, რომელიც ეხმიანება წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძს: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა“.

როდესაც შეპყრობილი ჭაბუკი ამირას წარუდგინეს, მან მრისხანედ მოსთხოვა წმ. აბოს ძველ სარწმუნოებაზე დაბრუნება და როცა უარი მიიღო, მსაჯულის ბრძანებით წმ. აბო ხელფეხშებორკილი ჩააგდეს საპყრობილეში. ცხრა დღის შემდეგ მან მასთან ერთად შეპყრობილ ქრისტიანებს გამოუცხადა, რომ მეორე დღეს განვიდოდა სული მისი ხორცისაგან და წარუდგებოდა უფალს, იესო ქრისტეს. ამის შემდეგ წმ. აბომ ტანსაცმელი განიძარცვა და ქრისტიანებს სთხოვა გაეყიდათ იგი, საფასურით კი სანთელ-საკმეველი ეყიდათ და ქალაქის ეკლესიებისათვის გადაეცათ, რათა ელოცათ მისთვის.

წმ. აბოს თხოვნით ქრისტიანებმა წმიდა საიდუმლო - ქრისტეს ხორცი და სისხლი მოჰგვარეს ეკლესიიდან, მიიღო მან იგი და თქვა: - „გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომნიჭებელი ხორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა - პატიოსანი სისხლი შენი. აწ. ვუწყი, რამეთუ არა დამიტევო მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა“.

როცა ამირასთან შეიყვანეს და წმ. აბომ ისევ უარი უთხრა სარკინოზთა სარწმუნოებაზე დაბრუნებაზე, განრისხებულმა ამირამ ბრძანა თავი მოეკვეთათ მისთვის. როცა დამსჯელებმა ტაძრის ეზოში გაიყვანეს და რკინის ბორკილები შეხსნეს, ნეტარმა აბომ პირჯვარი გადაისახა, შემდეგ ჯვარედინად დაიწყო გულზე ხელები და გაღიმებულმა მოუდრიკა მახვილს თავი.

სამჯერ დაარტყა მსუბუქად მახვილი ჯალათმა იმ იმედით, რომ გარდაუვალი სიკვდილის შიში აიძულებდა წმ. აბოს ქრისტეს უარყოფას, მაგრამ მოტყუვდა: უდრეკ იყო ნეტარი ბოლო წუთებშიც. წმ. აბოს თავი მოჰკვეთეს 786 წ. 6 (19) იანვარს.

ქრისტეს მოძულეებმა აიღეს წმიდა აბოს გვამი, მოთხარეს იქაურობა ისე, რომ სისხლის ნაკვალევიც არსად დარჩენილიყო, ჩადეს გოდორში ყველაფერი ერთად, წაიღეს მტკვრის ნაპირას კბოდეზე და იქ დიდი კოცონი გააჩაღეს. ცეცხლმა ხორცი დაწვა, ძვლები კი დარჩა. უსჯულოებმა ერთად შეკრიბეს ნეტარის ძვლები, ცხვრის ტყავში გაახვიეს, მაგრად შეკრეს და კბოდედან მდინარეში გადააგდეს.

დიდი სასწაული კი უფალმა იმავე ღამეს უჩვენა, როცა იმ ადგილას, სადაც თავი მოჰკვეთეს ერთი დიდი მოკაშკაშე ვარსკვლავი გარდამოავლინა, რითაც ქრისტიანნი უზომო სიხარულით აავსო, ქრისტეს მოძულენი კი საღმრთო შიშით.

მეორე ღამეს მტკვარი განათდა, ხიდქვეშ სწორედ იქ, სადაც წმინდანის ძვლები ჩაყარეს, ამობრწყინდა დიდი, ნათელი სვეტი, ნათელი როგორც ელვა და არა მარტო მდინარე არამედ კბოდეც, ქრისტიანთათვის აწ უკვე სალოცავი წმინდა ადგილიც, მთლიანად გააბრწყინა.

ეს ნათელი, სულიერი ნათელი იყო, რომელმაც ზოგიერთი გადაგვარებული ქართველის და საერთოდ, მთელი ერის სულში ჩამოწოლილი წყვდიადი გაანათა, ამიტომაც ეკლესიამ წმ. აბოს თბილელი და თბილის ქალაქის მფარველი წმიდანი ეწოდა.

მისი ცხოვრების აღმწერელი ხუცესი - იოანე საბანისძე გულისტკივილით წერს, რომ ამ დროს ქართველთა დიდი ნაწილი „შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა - მრავალნი სცდებოდიან და მრავალთა აცდუნებდნენ.“

წმ. აბოს დანთხეულმა სისხლმა გამოაფხიზლა სულიერი უფსკრულის პირას მისული ქართველობა, რომელთაც დაანახა, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ.

იმ ადგილას, სადაც აწამეს წმ. აბო ქართველებმა პატარა სამარტვილე (სალოცავი) ააგეს, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა. ღმერთმა ინება კვლავ გამოჩინება წმ. აბოს ნიშისა, რამეთუ „აბო“ ქართულად თურმე „ღმრთის შვილს“ ნიშნავს და სწორედ ღვთის ნებით აღმოაჩინეს 1994 წ. 23 ნოემბერს წმ. აბოს ნიში და გადაწყვიტეს იქ პატარა ეკლესიის აშენება. მოჭრეს იქ ამოსული ფიჭვი, რათა განეწმიდათ ტერიტორია მომავალი ეკლესიის საძირკვლისათვის. მოხდა კიდევ ერთი უდიდესი სასწაული: ფიჭვის გადანაჭერზე თვალსაჩინოდ გამოკვეთილი ჯვარი იხილა ყველამ.

დღეს ამ ადგილზე წმ. აბოს სახელობის პატარა ტაძარი დგას და ფიჭვის ხის გადანაჭერი ჯვრითურთ სწორედ ამ ტაძარში ინახება.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები