თბილისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი თბილისი

თბილისი - სახელწოდება მიღებულია სიტყვიდან „თბილი“. (1936 წლამდე - ტფილისი) საქართველოს დედაქალაქი. 1922-1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსტ-ს დედაქალაქი;

მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380-600 მ სომაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთ მთისწინეთი, აღმოსავლეთით - ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი - თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კვ.კმ. ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროს მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან ქალაქი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. თბილისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება და დიდი აღმშენებლობა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლია.

გადმოცემის მიხედვით სანადიროდ გამოსული მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო გაუჩინარდა და მხლებლებმა იპოვეს გოგირდიან ცხელ წყალში ჩამხრჩვალი წმ. მეფემ აქ აბანოები ააშენებინა და ამ ადგილს „აბანოთა უბანი“ უწოდეს.

მეფე ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ, დაჩი I-მა უჯარმელმა, დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება. მან ქალაქის საზღვრები განავრცო და, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.

საუკუნეების განმავლობაში თბილისის ციხემ და თვით ქალაქმა მრავალი ცვლილება განიცადა, იგი არაერთხელ გამხდარა შემოსეული მტრის თავდასხმისა და აწიოკების მსხვერპლი, მაგრამ დედაქალაქი კვლავ ახერხებდა სიცოცხლის შენარჩუნებასაც და განახლებასაც.

თბილისი ისტორიულად ცნობილი იყო რელიგიური ტოლერანტობით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძველ თბილისში, სადაც სულ რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მართლმადიდებლურ ეკლესიასაც ნახავთ, სინაგოგასაც, მეჩეთსაც და სომხურ მონოფიზიტურ სალოცავსაც.

თბილისი თავდაპირველად სამი ნაწილისაგან შედგებოდა:

I. კალა - მასში შედიოდა მეტეხი და მისი ახლო-მახლო ტერიტორიები;
II. ისანი, - სიონი და მისი მიმდებარე ტერიტორიები და
III. აბანოთუბანი - აბანოები და მისი მიმდებარე ტერიტორიები. დღეს თბილისის სამივე ნაწილს მოვიხსენიებთ როგორც ძველ თბილისს.



წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები