თბილისური აივანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბანოთუბანი
დედოფალ დარეჯანის სასახლე

თბილისური აივანი − მრავალი საუკუნის განმავლობაში თბილისში აღმოცენებული ხის აივნის ტიპი, რომელიც აზიისა და ევროპის გზაშესაყარზე მდებარე ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც. თითქმის წარმოუდგენელია თბილისის ძველი უბანი ამ აივნების გარეშე.

ქართველმა მშენებლებმა და ხითხუროებმა ეს აივნები ქალაქის მეტყველი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ელემენტი გახადეს. გადმოკიდებული და გადახურული ხის აივნები შორეული წარსულიდან იყო ფეხმოდგმული (იხ. XII საუკუნის უბისის მონასტრის „სვეტის“ მესამე სართულის გადმოკიდებული აივანი). აივნის სვეტები, ქვედა მხარეს, ერთმანეთთან ყრუ ფიცრული, ძელური ან რიკულებიანი, მოაჯირითაა დაკავშირებული, ხოლო ზედა ნაწილში − ხშული ან აჟურული არქიტრავებია, რომელშიც გაცოცხლებულია შესანიშნავი ქართული ორნამენტული მოტივები. სვეტები ზოგჯერ სადაა, ზოგჯერ − ხვია, რაც საოცარ სიმსუბუქეს ანიჭებენ ნაგებობას. შენობაში ჩადგმულ აივნებს ენაცვლება ტექტონურად სრულყოფილი დეკორატიული კონსოლებიანი აივნებიც. სახურავი მარტივია ან „ანტაბლემენტითაა წარმოდგენილი, რომელსაც გარს უვლის თუნუქის ფესტონების ან გადაბმული წრეების არშია“ (კ. მელითაური). აივნის სვეტი ხშირად ცვლადკვეთიანია. ქვედა მსხვილი ბოლო ოთხკუთხა პლინთიან მრგვალ ტორუსს ეყრდნობა, ხოლო ზედა ბოლო, ტოსკანური ორდერის კაპიტელს ჩამოგავს. კაპიტელი რვაწახნაგოვანია (განსხვავებით წრიული ტოსკანურისგან), ასეთივეა კაპიტელის ექინი და მასზე დაყრდნობილი აბაკი. საყურადღებოა აბაკზე დაფუძნებული მთლიანკვეთიანი თაღები, რაც მდორე გადასვლას იძლევა. მთლიანად კაპიტელი ხეზე კვეთის შესანიშნავი ნიმუშია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები