თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპიდავროსი

თეატრი – ძნელი სათქმელია, თუ როდის და სად ჩაისახა პირველად თეატრის იდეა. მინოსური კულტურის მკვლევარნი ამტკიცებენ, რომ მცირე ამფითეატრები კრეტის უძველეს მკვიდრთა სასახლეებსაც ამშვენებდნენ. კერძოდ, ფესტოსა და კნოსოსში აღმოჩენილია ევროპის კონტინენტზე პირველი თეატრის ტიპის ნაგებობანი, სადაც 500-მდე მაყურებელი ეტეოდა. ჩანს, იქ იმართებოდა რაღაც სანახაობები, თუ რა, არავინ იცის. მაგრამ ის, რომ დრამა თავისი კლასიკური ფორმით პირველად სწორედ საბერძნეთში ჩამოყალიბდა, საყოველთაოდ არის აღიარებული.

ძვ.წ. VI საუკუნის მიწურულიდან ათენში ყოველწლიურად იდგმებოდა ტრაგედიებიც, კომედიებიც და სატირული დრამებიც. მსგავსი წარმოდგენები იმართებოდა საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც. მათ საფუძვლად ედოთ ის საკულტო ცერემონიალები, რომლებიც ეწყობოდა ღვთაება დიონისეს სადიდებელ ზეიმზე. დროთა განმავლობაში ეს თეატრალიზებული სანახაობები სახელმწიფოებრივ დღესასწაულთა განუყოფელ ნაწილად იქცა, თავდაპირველად ე.წ. დიდი დიონისიებისა, რომელიც იმართებოდა მარტის თვეში, ხოლო შემდეგ კი, ძვ.წ. V საუკუნის მეორე ნახევრიდან იმ ზეიმისაც, რომელსაც ლენეები ეწოდებოდა და რომელსაც იანვრის თვეში აღნიშნავდნენ.

დრამა თანდათან შორდებოდა თავის ძირებს და საკულტო სანახაობიდან ესთეტიკურ სფეროში გადადიოდა. ამას ხელს უწყობდა საკულტო დღესასწაულების სანახაობით ფესტივალებად ქცევის ტენდენცია. ბერძნული კლასიკური დრამის აღმავლობის პერიოდში ათენის მოქალაქეთათვის დრამატული სანახაობების დღეები, უპირველეს ყოვლისა, თეატრალურ ფესტივალად აღიქმებოდა.

თეატრალური სანახაობის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა არქონტ-ეპონიმოსი, რომელსაც მიმართავდნენ ავტორები თავიანთი საკონკურსო ქმნილებებით. თითოეულ ტრაგიკოსს უნდა წარმოედგინა სამი ტრაგედია და ერთი სატირული დრამა. მათგან არქონტი აარჩევდა მხოლოდ სამ პოეტს. კომედიოგრაფოსთაგან კი უპირატესობა ეძლეოდა ხუთ დრამატურგს. თითოეულს თითო კომედია უნდა წარმოედგინა. შემდეგ არქონტი დანიშნავდა ქორეგოსებს, რომელთაც უნდა ეზრუნათ ქოროთა მოსამზადებლად. ეს საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვდა, მაგრამ დრამატული ფესტივალის ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება დიდ პატივად ითვლებოდა: ქორეგოსი გამარჯვების ღირსეული თანამონაწილე იყო.

ქოროს ანუ გუნდის როლი ტრაგედიაში ერთობ საპასუხისმგებლო ჩანს. იგი მთელი საზოგადოების აზრს გამოხატავდა სიტყვით, სიმღერითა და ცეკვით. ქოროს შემოსვლით იწყებოდა ტრაგედია, ქორო უკანასკნელი ტოვებდა სცენას. თუმცა ტრაგედიის მოქმედების ძირითადი ღერძი მაინც მსახიობი იყო. ბერძნული დრამა სამი მსახიობით შემოიფარგლა. ისინი კაცები იყვნენ. ქალები თეატრის სცენაზე არ დაიშვებოდნენ. ის რომ კაცები ასრულებდნენ ქალების როლებსაც, მიგვითითებს თეატრალური ეფექტების (ნიღაბი, კოსტიუმები, ასამაღლებელი ფეხსაცმელები-კოთურნები) გამოყენების შესაძლებლობაზეც.

პალმირა

ძვ.წ. V საუკუნისათვის ათენი თეატრალურ ქალაქად იქცა. მოქალაქეთა დრამატულ ფესტივალებზე დასწრებას სახელმწიფო უზრუნველყოფდა. ღარიბებს ურიგებდნენ ე.წ. თეორიკონებს („სანახაობის ფულს“), რათა მათ საშუალება ჰქონოდათ თეატრალური წარმოდგენის ხილვისა. ბერძნული წყაროები გვამცნობენ, რომ თეატრის მაყურებელთა შორის კაცებთან ერთად იყვნენ ქალებიც, ბავშვებიცა და მონებიც.

გამარჯვებულის გამოვლენა ევალებოდა ხალხის მიერ წინასწარ არჩეულ ათ მსაჯს. გამარჯვებულთათვის დაწესებული იყო სხვადასხვა პრიზი. მსაჯთა გადაწყვეტილების ოქმებს დიდასკალიები ეწოდებოდა. აქ მითითებული იყო აგონის ყველა მონაცემი – თარიღი, ავტორები, ქორეგოსები, მსახიობები, ავლოსზე დამკვრელნი, ნაწარმოებები და ბოლოს, დაკავებული ადგილები. ეს დიდასკალიები ძვ.წ. IV საუკუნეში შეაგროვა და გამოსცა ფილოსოფოსმა არისტოტელემ.

ათენის უძველეს თეატრად ითვლება დიონისეს თეატრი, რომელიც მდებარეობს აკროპოლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე ღია ცის ქვეშ. ეს მრავალგზის გადაკეთებული თეატრი მუდამ იყო ნიმუში ანტიკური ხანის სხვა თეატრალური ნაგებობებისათვის. იგი სამი ძირითადი არქიტექტურული ნაწილისაგან შედგებოდა: უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ ორქესტრა. ეს იყო მრგვალი მოედანი, სადაც გამოდიოდნენ მოცეკვავეები, მომღერლები, ქორო და მსახიობები. ორქესტრა მდებარეობდა თეატრის ცენტრში, მის შუაგულში კი აღმართული იყო დიონისეს საკურთხეველი. ორქესტრის ორი მესამედი გარშემორტყმული იყო მაყურებელთა დარბაზით, რომელსაც თეატრონი ეწოდებოდა. იგი შედგებოდა სკამების რკალურად განლაგებული რიგებისგან. დიდ თეატრალურ ნაგებობებს ჰქონდათ ორი ან სამი სექცია (იარუსი). ისინი ერთმანეთისგან იყოფოდნენ ჰორიზონტალური გასასვლელებით, რომელთაც დიაძომები ერქვათ. წინა რიგებში მოთავსებული იყო სავარძლები, სადაც სხდებოდნენ საპატიო პირები. ორქესტრას ებჯინებოდა სკენე (სცენა), რომელიც შედგებოდა პროსკენიონისაგან და მის უკან აღმართული სახლის ფასადის მქონე კედლისაგან. მას სამი კარი ჰქონდა, საიდანაც გამოდიოდნენ მსახიობები. სკენესა და ამფითეატრს შორის მარჯვნივ და მარცხნივ ე.წ. პაროდოსები, ანუ შემოსასვლელ-გასასვლელები იყო გუნდისა და მაყურებლებისათვის. დეკორაცია ან ფარდა ბერძნულ თეატრს არ ჰქონდა.

დროთა განმავლობაში იცვლებოდა თეატრის არქიტექტურა. იგი უფრო და უფრო პომპეზური ხდებოდა.

რომში თეატრალური სპექტაკლების გათამაშება ბერძნული ნიმუშის მიხედვით ძვ.წ. 240 წლიდან დაიწყეს. თავდაპირველად ეს იყო ტრაგედიები და კომედიები. ძვ.წ. I საუკუნიდან მათ გვერდით თამაშდებოდა მიმოსები, პანტომიმოსები და სხვა სანახაობები. ამ დროს მთელ ხარჯებს თავის თავზე იღებდა სახელმწიფო, თუმცა, საბერძნეთისგან განსხვავებით, რომში არ ეწყობოდა აგონები გამარჯვებულთა გამოსავლენად.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები