თეიმურაზ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეფე თეიმურაზ I

თეიმურაზ I - (1589–1663) თეიმურაზ ბაგრატიონი. კახეთის მეფე 1606-1648 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632 წლებში. გამეფდა 16 წლის ასაკში მისი მცირეწლოვნობის გამო სამეფოს ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა.

აღმოსავლეთ საქართველოში ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობის დროს თეიმურაზ I და ქართლის მეფე ლუარსაბ II იმერეთში გაიხიზნენ. 1615 წელს თეიმურაზ I კახეთში დაბრუნდა და ანტიირანულ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში (კახეთის აჯანყება 1615), მაგრამ 1616 წელს შაჰ-აბასის ახალმა შემოსევამ თეიმურაზ I აიძულა კვლავ იმერეთისთვის შეეფარებინა თავი. 1625 წელს, როდესაც ქართველები კვლავ აღდგნენ ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს.

მარაბდის ბრძოლაში იგი გ. სააკაძესთან ერთად მეთაურობდა ქართულ ლაშქარს. შემდეგ ქართველ ლიდერებს შორის მტრობა ჩამოვარდა, რაც დაგვირგინდა სააკაძის დამარცხებით ბაზალეთის ბრძოლაში. თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მმართველი გახდა. შაჰ-აბასი იძულებული გახდა ამ ფაქტს შერიგებოდა, ვინაიდან თეიმურაზ I-მა ფორმალურად მისი უზენაესობა აღიარა.

1632 წელს თეიმურაზ I კვლავ აუჯანყდა ირანელებს და ყარაბაღი მოარბია, მაგრამ ამ ახალ ომში ირანის წინააღმდეგ ქართლის თავადების დიდმა ნაწილმა მას მხარი აღარ დაუჭირა. შაჰმა სეფი I-მა 1632 წელს ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ ქართლელ უფლისწულს – როსტომს გადასცა. თეიმურაზ I კიდევ დიდხანს განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ 1648 წელს საბოლოოდ დამარცხდა. მისმა მცდელობამ მიეღო დახმარება უცხოეთის ქრისტიანი მმართველებისგან (რომის პაპი, რუსეთის მეფე) რეალური შედეგი არ გამოიღო. ამიტომ იმედგაცრუებული თეიმურაზ I ბოლოს იძულებული გახდა ისევ შაჰს დამორჩილებოდა და ირანში ჩავიდა. შაჰის კარზე იგი პატივით მიიღეს, მაგრამ შემდეგ, როდესაც შაჰის მიერ დაბარებული მისი შვილიშვილი, ერეკლე, შაჰის კარზე არ გამოცხადდა, თეიმურაზ I-ს გაურისხდნენ და ასტრაბადის ციხეში დაამწყვდიეს, სადაც მალე გარდაიცვალა.

მეფე პოეტი

თეიმურაზ I კარგად იცნობდა სპარსულ ენასა და მწერლობას და წერდა კიდეც ამ ენაზე. მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: „ვარდბულბულიანი”, „ლეილმაჯნუნიანი”. თეიმურაზ I უპირატესობას სასულიერო თემატიკას ანიჭებდა, თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადიც ბატონობდა. თეიმურაზ I ერთ-ერთმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. პოემაში „ქეთევან დედოფლის წამება” მან დიდი მღელვარებით აღწერა თავისი დედის, ქეთევან დედოფლის თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის. მასვე ეკუთვნის ლირიკული პოემა „მაჯამა”, „თამარის სახე დავით გარეჯას” და სხვ. თეიმურაზ I ქართულ მწერლობაში შემოიღო სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი. მან დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა, განავითარა გაბაასების ჟანრი, რამაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ მწერლობაში.

დაკრძალულია ალავერდის მონასტერში.


(მეფე თეიმურაზ I-ის მაჯამის ნიმუშები)
რად, სოფელო, სხვა არ დასწვი
ჩემებრ, მე მქენ დასადაგე,
გლახ ლახვარი სასიკვდინე
ყველა მე მკარ, დასად აგე:
დამიკარგე ძე, ასული,
ძმა არ ვიცი, და სად აგე?
სხვა ნაყოფი მათებრ ტურფა
რა აშენე და სად აგე?
* * *
მზე ცუდ მაშვრალობს, ვერ ნათობს,
ეტლზე შენ ზიხარ, ის არა.
სხვამ შენგან კიდე, სამყარო
ვინ გაისახლა, ისარა?
მელნისა ტბამან გიშერი
ტევრად გარ ივლო, ისარა,
მუნით მკრა გულსა ტყვექმნილსა,
გლახ, შავმან მშვილდმან ისარა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები